მთავარი,სიახლეები

რა ღირს თურქეთის სამუშაო ვიზა – ლეგალური დასაქმების ფასი

21.05.2018 • 26874
რა ღირს თურქეთის სამუშაო ვიზა – ლეგალური დასაქმების ფასი

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, ვიზის გარეშე გაჩერდეს თურქეთის რესპუბლიკაში 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება დასაქმდეთ.

სამუშაო ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მუშაობის ნებართვა – ეს არის სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც მოგცემთ შესაძლებლობას, ლეგალურად დასაქმდეთ თურქეთის რესპუბლიკაში. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმება გჭირდებათ იმიტომ, რომ სრულად იყოს თქვენი უფლებები დაცული და ისარგებლოთ ყველა იმ სოციალური შეღავათითა თუ უფლებით, რაც ლეგალურ შრომით მიგრანტებს აქვთ.

თურქეთის ვიზის მისაღებად გჭირდებათ შემდეგი სახის დოკუმენტები: დამსაქმებელთან დადებული სამუშაო ხელშეკრულება ან მიწვევა, ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, ერთი ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. ასევე საჭიროა შეავსოთ ამ ელექტრონულ მისამართზე: www.konsolosluk.gov.tr/Visa/Index განთავსებული სავიზო განაცხადი, ამობეჭდოთ და ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად მიიტანოთ ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში.

საკონსულოდან პასუხის მიღებას 30-დან 90 დღემდე სჭირდება. უმრავლეს შემთხვევაში პასუხს ერთ თვეში იღებს ვიზის მიღების მსურველი პირი. სავიზო განაცხადს თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო (MLSS) განიხილავს და სწორედ ეს უწყება წყვეტს, მიიღებს თუ არა კონკრეტული პირი ვიზას.

რა ღირს ვიზა?

ვიზის მისაღებად დოკუმენტების ჩაბარების დროს საკონსულოში იხდით ფიქსირებულ 50 დოლარს. უარის შემთხვევაში ეს თანხა უკან არ გიბრუნდებათ. ხოლო თუ ვიზაზე დადებითი პასუხი მოვა, საკონსულოში ვიზის ასაღებად იხდით დამატებით 110 დოლარს. ჯამში თურქეთის ვიზის მიღება 160 დოლარი ჯდება.

რაც შეეხება დოკუმენტების მომზადებას ვიზისათვის. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ საკონსულტაციო ფირმას მიმართავთ.  დოკუმენტების მომზადება, საშუალოდ, 110-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საკონსულოში საბუთებს დილის საათებში იბარებენ, დღის მეორე ნახევარში კი ვიზის მსურველი მოქალაქეები იღებენ სპეციალურ კოდს. მოქალაქე ამ კოდს უგზავნის თურქეთში თავის დამსაქმებელს ან მოწვევის გამომგზავნს, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა მოახერხოს და შესაბამის სამსახურებში ვიზის საკითხი გაარკვიოს.

ვინ იხდის დაზღვევის თანხას?

როდესაც ლეგალურად საქმდებით, ვიზასთან ერთად გჭირდებათ სამედიცინო დაზღვევაც. გარდა ამისა, თქვენ ყოველწლიურად უნდა გადაიხადოთ სოციალური და საშემოსავლო გადასახადი. კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ, არის ის თუ ვინ იხდის დაზღვევის თანხას. დაზღვევა აუცილებელია, თანხას ზოგ შემთხვევაში იხდის დამსაქმებელი, ზოგ შემთხვევაში – დასაქმებული. ეს მათი ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია.

რაც შეეხება საშემოსავლოს – მას, როგორც წესი, დამსაქმებელი იხდის.

რა ხდება ვიზის მიღების შემდეგ?

ვიზის მიღების შემდეგ ლეგალურ დასაქმებამდე კიდევ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა აიღოთ – ბინადრობის ნებართვა და მუშაობის ნებართვა. ორივე დოკუმენტს თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო გასცემს. აღნიშნული ნებართვები გაიცემა თურქეთის ვიზის საფუძველზე. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც ერთ დამსაქმებელთან კონტრაქტს გაწყვეტთ და ახალს იპოვით, ამის შესახებ სამინისტრო უნდა გააფრთხილოთ და ნებართვა განაახლოთ.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ვიზის მაძიებლებს უჩნდებათ არის ის, თუ როგორ მიიღონ ე.წ. ოთურმა ვიზა.

„ე.წ. ოთურმა ვიზა ამჟამად გაუქმებულია. ეს იყო  საცხოვრებელი ნებართვა და მას უფრო ადვილად იღებდა მოქალაქე. თავის დროზე თურქეთის მხარემ დაუშვა გამონაკლისი, ვისაც სურდა ძიძად ან დამხმარედ ემუშავა ოჯახში, აძლევდნენ სტუმრის სტატუსით ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას. პირი კანონიერად იმყოფებოდა თურქეთში და იქ მუშაობდა თუ არა, მაგას აღარავინ კითხულობდა.

დღესდღეობით ეს შეღავათი გაუქმებულია – მხოლოდ ცხოვრების უფლებას აღარ აძლევენ. თუ ვინმეს სურს თურქეთში გრძელვადიანად დარჩეს, ე.ი. სამუშაოდ რჩება, ამიტომ ითხოვენ სამუშაო ვიზის აღებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საკონსულტაციო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭაღალიძემ.

როგორ ხდება ვიზის გაგრძელება თურქეთში?

პირველ ჯერზე, როდესაც თურქეთის ვიზას იღებთ, მისი ხანგრძლივობა ერთი წელია. ერთი წლის შემდეგ საჭიროა ვიზა გააგრძელოთ. ვიზის გასაგრძელებლად უნდა მიმართოთ შრომის სამინისტროს.

ამავე თემაზე:

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: