„რესპუბლიკურის“ დირექტორი ახალი კლინიკის გახსნაზე: იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და მისი გასხვისება ან მართვის უფლებით კერძო კომპანიაზე გადაცემა არ იგეგმება – აცხადებს აჭარის მთავრობა. საავადმყოფოს, რომლის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, მართვის უფლებით ამ ეტაპზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზეა გადაცემული. საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურის ჩამონათვალისა და შესაბამისი ფასების დადგენა თავად რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა.

რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და როდის გაიხსნება ახალი კლინიკა? – ბლიცინტერვიუ საავადმყოფოს დირექტორთან, მალხაზ ხალვაშთან.

ბატონო მალხაზ, რა კუთხითაა ჩართული თქვენი საავადმყოფო ახალი კლინიკის მშენებლობაში?  

სამედიცინო დაწესებულებას თავისი ნიუანსები აქვს, იქ არის აირების, ჟანგბადის და სხვა სისტემები, ამიტომ ამ ეტაპზე გავდივართ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მხარეს. პარალელურად, აღჭურვილობა, რაც იყო ჩადებული პროექტში, მიმდინარეობს იმის გადახედვა-განახლება. ასევე ვმუშაობთ საავადმყოფოს პროექტით თავიდანვე არსებული სტრუქტურის ადაპტირებაზე.

კომუნიკაციების მოწესრიგება მშენებელ კომპანიას ევალება?

დიახ. ასე იყო თავიდანვე ჩადებული, თუმცა სჭირდება გარკვეული დაზუსტებები, იმიტომ, რომ რთული სამედიცინო-საინჟინრო სისტემებია. ჩვენ დაგვავალეს და ვმუშაობთ ამ კუთხით ინტენსიურად.

კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვას დაახლოებით რა თანხა დასჭირდება?

იმისთვის, რომ  აპარატურისთვის საჭირო ფასი, საბოლოო ბიუჯეტი დაიდოს, საჭიროა ბაზრის კვლევების ჩატარება. დაწყებული გვაქვს ეს პროცესიც, თუმცა ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

დაახლოებით რა პერიოდი?

დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში, მოძებნოს კატალოგები და ფასები დადოს, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ობიექტურ ფასებზე გავიდეთ, რომელიც შემდეგ იქნება უკვე სატენდერო ფასები. ანუ, შევქმნათ არა მიახლოებითი და სუბიექტური ფასების ჩამონათვალი, არამედ კანონმდებლობის შესაბამისი და ეს ფასები მივიღოთ ბაზრის კვლევის შედეგად.

ახალი შენობის სამედიცინო აღჭურვილობისთვის საჭირო სავარაუდო თანხა თუ არის გათვალისწინებული წელს რომელიმე [საავადმყოფოს, სამინისტროს, აჭარის] ბიუჯეტში ?

თანხა რომ გამოიყოს, სჭირდება იმ ფასების დადება, რაც ზემოთ აღვნიშნე. თანხის გამოყოფა და ბიუჯეტის საკითხები კი ჩემს კომპეტენციას სცდება, ეს მთავრობის პრეროგატივაა.

თქვენი ინფორმაციით, საბოლოოდ შეჯერდნენ მთავრობაში, რომ ახალი კლინიკა საუნივერსიტეტო იქნება, თუ კიდევ განიხილება ეს საკითხი?

ვფიქრობ, ცოტა არასწორადაა აღქმული ეს საუნივერსიტეტო კლინიკის არსი. საუბარია კლინიკის ისეთი მუშა სტრუქტურის შექმნაზე, რომელშიც გარკვეული როლი აქვს აკადემიურ კომპონენტს. საუნივერსიტეტო კლინიკა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის უნივერსიტეტს ეკუთვნის. რესპუბლიკური საავადმყოფო დღესაც საუნივერსიტეტო კლინიკაა, ჩვენ დღესაც სტუდენტები გვყავს, ტარდება ლექციები. საუბარია მუშაობის სპეციფიკაზე და არა კლინიკის კუთვნილებაზე. ჩვენ და უნივერსიტეტი ვთანამშრომლობთ რამდენიმე წელია და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, უბრალოდ, ახალ კორპუსში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა დეპარტამენტში იყოს სასწავლო ოთახები. ამასთან, შევეცდებით შევიძინოთ ისეთი აპარატურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარდა სამედიცინო ფუნქციისა, შეასრულოს სწავლების ფუნქციაც.

დაახლოებით როდისთვის გადავა ახალ კორპუსში რესპუბლიკური საავადმყოფო?

შესაძლებელია ახალი კლინიკა გაიხსნას ძალიან ადრე, შესაძლებელია დროში გაიწელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე. მედიცინას აქვს ძალიან ბევრი ნიუანსი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გვაქვს. მე რომ სასტუმროს შენობაზე ან საცხოვრებელ სახლზე ვსაუბრობდე, ადვილი იქნება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ამ ეტაპისთვის გამიჭირდება. ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება თვეები. მაგრამ რამდენიმე თვე, იმიტომ, რომ უკვე გადავედით ფინალური კომპონენტების სტადიაზე, რაც კლინიკის გახსნას უკავშირდება.

გამოდის, მიმდინარე წელს არ გაიხსნება?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ გახსნას.

როდის დასრულდება უშუალოდ ახალი კორპუსის მშენებლობა?

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, კორპუსის მშენებლობის კომპონენტი უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის სექტემბერში. გარდა ამისა, არის ტერიტორიის მოპირკეთების კომპონენტი, შპს „სტადიონს“ შესყიდული აქვს ეზოში პარკის მოწყობის პროექტიც, ანუ რაღაც ნაწილი პროექტის დასრულდება ადრე, ნაწილი კი გაგრძელდება, იმიტომ, რომ ის კორპუსი, სადაც ახლა ვართ, უნდა დაინგრეს, როცა გადავალთ ახალში და აქ ავტოპარკინგი უნდა მოეწყოს. ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი კლინიკა სოციალური პროექტია…

სოციალური პროექტი ნიშნავს, რომ არის სახელმწიფო საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის შექმნილი და რომელიც იქნება არამომგებიანი საწარმო. ანუ, არ იქნება მოგების კომპონენტი – არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და იმუშავებს სახელმწიფო ტარიფებით.

კონკურენციას არ გაუწევს კერძო კლინიკებს?

არანაირ კონკურენციას არ გაუწევს არავის… სოციალურ პროექტზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რაოდენობა შემთხვევებისა, როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ დაფინანსების კომპონენტი არის რთული. ბევრი მოწყვლადი მოსახლეობა გვყავს სამწუხაროდ და ამ ადამიანებს სჭირდებათ სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და ვეხმარებით ჩვენ. არის კატასტროფის კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის შემთხვევები, როცა საჭიროა საავადმყოფოს ჩართულობა და არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ფინანსური კომპონენტისკენ მოიხედო. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველანაირად მოვემსახურებით მოსახლეობას საჭიროებისამებრ. ესაა კლინიკის სოციალური კომპონენტი.


ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარზე, 2016 წლის იანვარში გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. მშენებლობას სწორედ შპს „სტადიონი“ ზედამხედველობს. თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილება, მშენებლობის მიმდინარეობისას, უკვე ოთხჯერ შევიდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო / 13.05.2018 /

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს/საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებარე კორპუსი / 13.05.2018 /

ამავე თემაზე:

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com