მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საინფორმაციო ცენტრები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ქედასა და ხულოში

02.05.2018 • 1857
საინფორმაციო ცენტრები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ქედასა და ხულოში

არასამთავრობო ორგანიზაცია პინმა [People in Need Georgia] პირველ მაისს ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ქედისა და ხულოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას არა მარტო ოფისებში, არამედ სოფლებშიც ჩაატარებენ და მეწარმეებს აგრარულ საკითხებზე ინფორმაციას ადგილზე მიაწვდიან.

„საინფორმაციო ცენტრი ენპარდის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ლაგის  ბაზაზე იფუნქციონირებს და სოფელში მცხოვრებ მცირე თუ დიდ მეწარმეებს მიაწვდის ინფორმაციას საკვებ პროდუქტზე არსებულსაკანონმდებლო რეგულაციებზე, სურსათის უვნებლობაზე, ჰასპის სტანდარტებსა და ადგილზე მოწეული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, ძირითადად, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიწიონ ბიო პროდუქტი, როგორ შეძლებენ ევროპის ბაზარზე მათ მიერ მოწეული პროდუქციის დამოუკიდებლად გატანას, ასევე ინფორმაციას არსებულ რეგულაციებზე, სტანდარტებსა და მოთხოვნებზე,“ – ამბობს სოფია გოდუაძე, პროექტის კოორდინატორი.

საინფორმაციო ცენტრი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში  გაიხსნა, არასამთავრობო ორგანიზაცია – დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში.

სოფია გოდუაძე განმარტავს, რომ პროექტი 2019 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება და აჭარის მასშტაბით ორი საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს, ერთი ქედაში, მეორე  – ხულოში. იგი აქვე აღნიშნავს, რომ პროექტში  ჩართულია ქართველ მუსლიმთა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაცია – შავი ზღვის ეკოაკადემია.

„პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ქვეყნის შვიდ რეგიონში [აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში] ხორციელდება. პროექტში ჩართულია 23 ორგანიზაცია და ლაგები.

 

გადაბეჭდვის წესი