აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, ნინოშვილის #2-ში, დაწყებულია მშენებლობა.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობა 18 კვადრატულ მეტრ არსასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის, ასევე, გონიოს დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. პირობებში მითითებულია ასევე, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კერძო მესაკუთრის შენობის ნაწილი. ქონების საწყისი ფასი 7000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 150 ლარი.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გასულ, 2017 წელს, მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 25 მილიონ 516 ათას 900 ლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი