მთავარი,სიახლეები

მცენარეთა შესაწამლი აპარატი 2 044 ოჯახს აჭარაში თანადაფინანსებით გადაეცემა

13.04.2018 • 3553
მცენარეთა შესაწამლი აპარატი 2 044 ოჯახს აჭარაში თანადაფინანსებით გადაეცემა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების დარიგება დღეს, 13 აპრილს  დაიწყება. დღეიდან დაიწყებს მუშაობას „ფაროსანასთან ბრძოლის“ შტაბიც.

პირველ ეტაპზე სახელმწიფოს თანადაფინანსებით 335 აპარატი, ერთი თვის განმავლობაში კი სულ 2 044 აპარატი დარიგდება.

200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი აპარატისთვის ფერმერები ღირებულების 20%-ს გადაიხდიან. აპარატის ღირებულება 899 ლარია, ფერმერებს დაახლოებით 180 ლარის გადახდა მოუწევთ.

 აგროპროექტების მართვის ცენტრს ამ დრომდე არ მიუღია, გასული წლის დეკემბერში განხორციელებული ტენდერით შესყიდული 697 შესაწამლი აპარატი, რომლის შესასყიდად ხელშეკრულება  ცენტრსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 629 ათას 983 ლარზე 26 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას აპარატები ცენტრისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ანუ 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს უნდა მიეწოდებინა.

ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ფაროსანას შეწამვლა დაგვიანებული არ არის, აპარატები კი დროულად დარიგდება:

„მცენარეთა წამლობა დაგვიანებული არ არის. კომპანიამ, რომელსაც აპარატის შესასყიდად ხელშეკრულება 2017 წელს გავუფორმეთ, ვადები დაარღვია და ჯარიმდება. იქედან გამომდინარე, რომ აპარატები ჩინეთიდან შემოაქვს, ჩამოტანას დიდი დრო დასჭირდა, გემი 7 აპრილს უნდა შემოსულიყო ფოთის პორტში, თუმცა დაგვიანებით, 16 აპრილს შემოვა.

გარდა ამისა, წელს ჩვენ 1 347 აპარატის შესასყიდად გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიამ 335 უკვე მოგვაწოდა, დანარჩენს კი 30 დღის განმავლობაში მოგვაწვდის. 100 ცალი ქობულეთში გადავიტანეთ, დანარჩენი კი ბათუმის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. დღეიდან დაიწყება გაცემა. მიმღები, 2 044 ბენეფიციარი შერჩეულია,“ – ამბობს ცენტრის დირექტორი.

იმ პირების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელთაც შესაწამლი აპარატი თანადაფინანსებით გადაეცემათ, საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის დიდი ნაკვეთი იყო.

ჯამბულ აბულაძის თქმით, აპარატების თანადაფინანსების შესყიდვის სურვილი 3 000- ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„აპარატებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, 3 000 განაცხადს აჭარბებს. მარტო ქობულეთში 1 344 განაცხადი შემოვიდა. მართალია, ფაროსანას გავრცელების დონე ქობულეთში უფრო მაღალია, ვიდრე მთიანეთში, თუმცა მოთხოვნას ნუ მივაბამთ მხოლოდ ფაროსანას. ეს აპარატი ეფექტური საშუალებაა ფაროსანასთან საბრძოლველად, თუმცა ზოგადადაც ეფექტური საშუალებაა აგროტექნიკური ღონისძიებების გასატარებლად.

ცრუ მოლოდინები რომ არ გავუჩინოთ ადამიანებს, განცხადებების მიღება შევაჩერეთ, მოთხოვნა ბევრად აღემატება შესაძლებლობებს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შესაწამლი აპარატი არ არის ყოველდღიურ რეჟიმში გამოსაყენებელი,  ერთი აპარატით სრულიად საკმარისია სოფელში რამდენიმე ოჯახმა ისარგებლოს, ვფიქრობთ, მოსახლეობა უკმაყოფილო არ დარჩება,“ – ამბობს ის.

ამავე თემაზე: მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

_______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: