როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანს გახსნის. რესტორანი, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება.

„ბათუმში, ევროპის მოედანთან, რესტორანი სეზონის გახსნამდე აუცილებლად ამუშავდება. McDonald’s-ი ხიმშიაშვილის ქუჩაზეც ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კომპანიის მარკეტინგის სამსახურში.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები, ევროპაში შეკვეთილი იყო ყველა აუცილებელი და საჭირო ინვენტარი, რომელიც უკვე გზაშია.

კომპანიამ ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20 წლით იჯარით უკვე გადასცა.

იჯარით გადაცემულ ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს ტერიტორია [ფაქტობრივად, არსებული ტროტუარი] კომპანიამ ბეტონით აამაღლა – თუ ადრე შენობაში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ავლა იყო საჭირო, ახლა ტროტუარიდან შენობაში კიბის გარეშე შედიხარ. იჯარით აღებულ ტერიტორიაზე კი კომპანია „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასის“ მოწყობას გეგმავს.

ადგილი, საიდანაც შენობაში კიბის საფეხურებით ადიოდი, ამაღლებულია. მაკდონალდსის რესტორანი ამ შენობაში გაიხსნება / ბათუმი / 27.03.2018

იგივე ადგილი ტროტუარის ამაღლებამდე/ადგილი, სადაც მაკდონალდსის რესტორანი გაიხსნება / ბათუმი / 16.01.2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com