ახალი ნერგები ივანიშვილისთვის ამოთხრილი ტიტას ადგილას 

აჭარაში, სადაც ათობით ხე ამოთხარეს, ამ დროისთვის მხოლოდ ხუთ ადგილზეა შეთანხმებული პროექტი, რომლითაც ციხისძირში ამ ადგილების რეკულტივაცია უნდა განხორციელდეს. ზღვისპირა ტერიტორიებიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ბაღში, ხეების გადატანა ორი წლის წინ დაიწყო. აჭარაში ხეების ამოთხრა-გადატანის პროცესი ისევ გრძელდება.

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

„ურეკი რეზიდენსს“ აჭარიდან ხის გადატანაზე რამდენიმე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებებით კომპანიებს ევალებათ „ტერიტორიის აღდგენის სამუშაოს შესრულებაც“.

სპეციალისტების თქმით,  ტერიტორიებს, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს, აუცილებლად სჭირდება რეკულტივაცია, ვინაიდან ნიადაგის ნაყოფიერი ფენა [ჰუმუსი] აქ მოჭრილია – ნაწილი მიყვება ხეს, ნაწილი კი სამუშაოების დროს ნადგურდება.

ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც ხეები გადააქვს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებობს რეკულტივაციის გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამ გეგმის მიხედვით უნდა შესრულდეს სამუშაოები. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ასეთი გეგმა არსებობს ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით და არა ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც გიგანტური ხეები ამოთხარეს.

ბევრი ადგილი აჭარის ზღვისპირა ტერიტორიაზე, საიდანაც ხეები ამოთხარეს, თუ თხრიან, აჭარისა და საქართველოს მთავრობებმა გადასცეს კერძო კომპანიებს [მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კომპანიასაც] – ინვესტიციების განხორციელების პირობით.

„სადაც სასტუმრო, თუ აპარტოტელი უნდა აშენდეს, იმ ადგილზე ხეები ამოვთხარეთ, მაგრამ რეკულტივაცია არ იგეგმება. მაგ ადგილების აღდგენას აზრი არ აქვს. პირიქით, ხის ამოთხრით, გარკვეული სამუშაოც კი შესრულდა შენობის საძირკვლის მომზადებისთვის“, – გვითხრეს ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც ხეები გადააქვს. – „რაც შეეხება აღდგენას, ხდება ორმოების ამოვსება, მოსწორება, მოეწყობა მწვანე საფარი, ხე-მცენარეები დაირგვება, ასევე გზების, ზოგან გარე განათების მოწყობა“.

რა რეკულტივაციის გეგმის შესახებ საუბრობენ კომპანიები? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

„კომპანიებს, რომელთაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში განახორციელეს სამუშაოები, ვალდებულება აქვთ, ამ ტერიტორიაზე ჩაატარონ რეკულტივაცია. რეკულტივაცია მოიცავს ორ ეტაპს: ტექნიკურსა და ბიოლოგიურს. სხვადასხვა კონტრაქტორ კომპანიას ხუთ უბანზე ​უკვე აქვს შეთანხმებული სამინისტროსთან რეკულტივაციის პროექტი, ამ უბნებზე ტექნიკური რეკულტივაცია უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის აპრილამდე, რის შემდგომაც დაიწყება ბიოლოგიური რეკულტივაციის ეტაპი. ასევე, კომპანიებს აქვთ აღებული ვალდებულება, რეკულტივაციის სრული ციკლისა და მომდევნო ორი წლის მანძილზე განახორციელონ მონიტორინგი“, – მოგვწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ასე გამოიყურება ერთ-ერთი ადგილი ციხისძირში, სადაც მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს

რას ნიშნავს რეკულტივაცია?

საქართველოს კანონმდებლობით, რეკულტივაცია მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსურ სამუშაოებს გულისხმობს, შესაბამისი კვლევებითა და დასკვნებით და არა მხოლოდ ორმოს ამოვსებას თუ იქ ახალი მცენარის დარგვას. თუ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოხსნილია, მისი აღდგენის გარეშე იქ ნერგის დარგვას აზრი არ აქვს – მცენარე არ გაიხარებს.

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, „ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებითა და ინიციატივით“.

„ამ რეგლამენტის მიხედვით, კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში, აღვადგენ თუ არა ნიადაგს, ჩემი, მესაკუთრის კეთილი ნებაა. ეს ჩანაწერი მთლიანად აზრს უკარგავს ამ კანონს, თუკი ის ვრცელდება კერძო ტერიტორიებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს, ასეთ შემთხვევაში, თუ არ ხდება რეკულტივაცია, შეიძლება ვისაუბროთ კანონის დარღვევაზეც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ [CENN] გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი.

აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას ივანიშვილს დენდროპარკისთვის რამდენიმე ხე მიჰყიდა. მყიდველთან ხელშეკრულება რეკულტივაციაზე არ გაუფორმებია. იგივე გააკეთა საქართველოს მთავრობამაც, როცა ხეები აუქციონზე გაყიდა, მაგრამ მყიდველს ხის ამოთხრის ადგილის რეკულტივაციის ვალდებულება პირობებში არ ჩაუდო.

ადგილი საიდანაც ხე ამოიღეს ციხისძირში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ხის ამოღების ადგილები აღდგება. თუმცა, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები.

ციხისძირში, პირველი ტიტას ხე კომპანია „ზიმომ“ ამოთხარა და გადაიტანა შეკვეთილში. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ აქვთ ხის ამოღების ადგილის აღდგენის ვალდებულება და მუშაობენ ამ მიმართულებით.

ადგილი, სადაც ტიტას ხე ამოიღეს ციხისძირში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

„მაგალითად, პირველი ხის გადატანა როცა მოხდა, იქ იყო ხელშეკრულებაში – ერთი კეთილი ნების გამოხატვა და მეორე, იმ ადგილს, სადაც ხე ამოვიღეთ, უნდა დავუბრუნოთ პირვანდელი სახე – მწვანე საფარი უნდა მოვაწყოთ და ხეები უნდა დავრგათ. რელიეფიც აღდგება ისე, როგორც იყო. ამასთან, მაგ ადგილის მიმდებარედ სკვერი მოეწყო, სკამებით, ბილიკებით, რა გზაც გავიარეთ ხის გადატანისთვის, მოვაასფალტეთ… საპატრიარქოს წინ [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ბობოყვათში-ავტ.] 100-მდე ხე დაირგო. იტალიიდან ჩამოტანილი ნერგები, ზოგი მოერგო აქაურ ჰავას, ზოგი არა და იმათ ვცვლით ადგილობრივი ხეებით“, – გვითხრეს კომპანია „ზიმოში“.

კომპანიის მიერ მოწყობილი პარკი ციხისძირში / ფოტო: „ზიმო“

კომპანიის მიერ მოწყობილი პარკი ციხისძირში / ფოტო: „ზიმო“

ტიტას ამოღების ადგილის მიმდებარედ, დღეს, 2 მარტს, ხის ნერგები დარგეს ქობულეთის საკრებულოს წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ციხისძირში/ბუკნარში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მრავალწლოვანი ტიტას ხე, რომელიც პირველად გაიტანეს, გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა 2017 წლის აპრილში, შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს.

ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში აჭარიდან ათობით ძირი მრავალწლოვანი ხე გაიტანეს და გააქვთ: ქობულეთიდან, ცეცხლაურიდან, კვირიკედან, ზენითიდან, ხუცუბნიდან, გელაურადან, გვარადან, ბობოყვათიდან [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია], ციხისძირიდან [აქ ხეები ამოთხარეს 10 ადგილზე], ბუკნარიდან, ჩაქვიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ბათუმიდან.

ხეები მილიარდერის პარკში გადააქვთ სხვა რეგიონებიდანაც.

მთავარი ფოტო: ტიტას ხე შეკვეთილთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com