მაღალი თანამდებობის პირის დედის ბიზნესი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რამდენჯერმე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. სამაგიეროდ, ბიზნესი აქვს მის 70 წლის დედას, რომლის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან რამდენიმე მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წლების განმავლობაში ზედელაშვილების ოჯახმა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, შვილებისთვის ძვირადღირებული განათლების მიცემა და გარკვეული დანაზოგის გაკეთებაც შეძლო, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეუღლის – ნატო ჩიქოვანის ხარჯები შემოსავლებს აჭარბებდა. მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ზედელაშვილის დედის საკუთრებაშია საგზაო სამშენებლო კომპანია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მრავალმილიონიან დაკვეთებს წინა მთავრობის პირობებშიც იღებდა და ახლა უფრო ინტენსიურად იღებს, შეიძლება ასეთმა ვარაუდმა საფუძველი დაკარგოს.

გიორგი ზედელაშვილი მაღალ თანამდებობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად 2013 წლის თებერვალში დაინიშნა. ის და მისი მეუღლე ნატო ჩიქოვანი, რომელიც სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს, წილებს ოფიციალურად არც ერთ კერძო კომპანიაში არ ფლობენ.

გიორგი ზედელაშვილი

ვის ეკუთვნის „სერპანტინი“

საგზაო სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“, რომლის 51%-ს გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, 2012 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფავორიტებს შორისაა. „სერპანტინმა“ ამ უწყებიდან რამდენიმემილიონიანი დაკვეთა მიიღო, როგორც პირდაპირი წესით, ასევე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შედეგად. კომპანია ასევე ხშირად იღებს თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების დაკვეთებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2000 წელს თელავის რაიონშია დარეგისტრირებული.

2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით „სერპანტინი“ იღებდა სახელმწიფო დაკვეთებს როგორც პირდაპირი წესით, ასევე ინტენსიურად იგებდა ტენდერებსაც. ხშირად იყო შემთხვევა, როცა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ „სერპანტინი“ დარეგისტრირდა და ელექტრონული ვაჭრობისას ის უკონკურენტო იყო. საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ, პირდაპირი წესით, ექვს მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო, მთლიანობაში კი, 70 მილიონამდე ლარი შეადგინა იმ კონტრაქტების ღირებულებამ, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაუფორმეს. მაგალითად, მიმდინარე წელს, იანვარში და მაისში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა – 2 434 347 ლარსა და 2 649 976 ლარზე. პირველი მდინარე დურუჯზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხოლო მეორე – ქალაქ ყვარელში, ასევე მდინარე დურუჯზე გადაუდებელი ნაპირსამაგრი ნაგებობის და არსებული ნაპირდამცავი კედლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე.

დეპარტამენტმა 2016 წლის თებერვალში „სერპანტინთან“ 2 600 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა გუმბათი-საბათლოს საავტომობილო გზის (6 კმ-იანი მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

2 698 999 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასა და დეპარტამენტს შორის 2015 წლის ივლისში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე (11 კმ-იანი მონაკვეთის) პერიოდული შეკეთებისთვის. 2014 წელს კი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის (13 კმ სიგრძის მონაკვეთი) გზის პერიოდული შეკეთებისთვის (8 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე პერიოდში), დეპარტამენტს კომპანიასთან ხელშეკრულება 5 444 870 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

კითხვები, რომლებიც ამ კომპანიის წარმატებას მაღალჩინოსან ლობთან კავშირს ეხება, კომპანიის დირექტორს, ზურაბ ფეიქრიშვილს უჩენს მოსაზრებას, რომ „შეკვეთილია“, ვინ შეიძლება იყოს კითხვების შემკვეთი, ამაზე ის არ საუბრობს.

„…შეცდომაში შეგიყვანეს, ჩვენ ვმონაწილეობთ ელექტრონულ ტენდერებში და პირდაპირი წესით მხოლოდ ერთხელ მივიღეთ დაკვეთა. თუ სტიქია არ არის, პირდაპირი წესით დაკვეთას არავინ გვაძლევს. ამიტომ, თქვენი კითხვა, ხომ არ უკავშირდება კომპანიის წარმატება გიორგი ზედელაშვილს, შეკვეთილს ჰგავს“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „სერპანტინს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტომ მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა ტენდერის გარეშე ორჯერ გაუფორმა, ჯამში მილიონ 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. შედარებით დაბალბიუჯეტიან დაკვეთებს კი „სერპანტინს“ პირდაპირი წესით ინტენსიურად უფორმებენ თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, ასევე წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

მინისტრის მოადგილის კომპანია

„სერპანტინი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია. სააგენტოს თეთრ სიაში მხოლოდ ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და თითქმის არასდროს დაურღვევიათ ხელშეკრულების პირობები.

ვინ ამოწმებს კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს? – 2016 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს უკვეთავდა „საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციას“. თავის მხრივ, ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას კომპანია „ვილსფორტ მენეჯმენტი“.

ამ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოს გზების დეპარტამენტმა 2015-2016 წლებში ხუთ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები დაუკვეთა. 2016 წლის შემოდგომიდან კი ამ სამუშაოს ასრულებს 2016 წლის სექტემბერში შექმნილი „ინსტიტუტი იგჰ“.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის ხელმძღვანელი ხორვატიის მოქალაქე სტიეპან კენშტეკია. ამ კომპანიამ საქართველოში დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ელექტრონული ტენდერი ექვსჯერ მოიგო და ჯამში, 52 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო. 2016 წელს კი კომპანიამ იმავე უწყებასთან კიდევ ექვსიმილიონ-ნახევარი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

„სერპანტინის“ დამფუძნებლები

საჯარო რეესტრში კომპანია „სერპანტინი“ 2000 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1957 წლიდან „ეს იყო ხიდების სარემონტო სამმართველო, ყოფილი ხიდმშენი.“ 1986 წელს სამმართველოს უფროსად გიორგი ზედელაშვილის მამა, გივი ზედელაშვილი დაუნიშნავთ. კომპანიის დირექტორის, ზურაბ ფეიქრიშვილის თქმით, 2000 წელს, როცა კომპანიის პრივატიზების პროცესი უკვე დაწყებული იყო, გივი ზედელაშვილი გარდაიცვალა, ამიტომაც „მისი წილი“ მეუღლემ, თამარ ჯანყარაშვილმა დაირეგისტრირა.

კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე არც თამარ ჯანყარაშვილი და არც გიორგი ზედელაშვილი კომპანიის მართვაში არ მონაწილეობენ და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი პირი, მართოს კომპანია.

„სერპანტინში“ თამარ ჯანყარაშვილს ჰყავს მეწილეები – 31%-ს ნუგზარ ხუცაიძე, 13%-ს – მამუკა ამირანაშვილი, 5 პროცენტს კი ბადური შიუკაშვილი ფლობენ. კომპანიის ოთხივე მეწილე მანამდე ამ კომპანიაში იყო დასაქმებული.
„ოცნების შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით, ზედმეტი კითხვები რომ არ გამოვიწვიოთ. „ოცნების“ შემწირველები არ ვართ“, – ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი.

რა ჩაწერა და რა არ ჩაწერა გიორგი ზედელაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებში გიორგი ზედელაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლიდან იძებნება. ამ წელს ის ჯერ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პერიოდში ორივე სამსახურიდან მისი შემოსავალი, ჯამში, 6 985 ლარი ყოფილა. დეკლარაციის მიხედვით, ზედელაშვილის მეუღლე ამ დროისთვის უმუშევარია.

გიორგი ზედელაშვილის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, ის ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (140 კვ); ეს სახლი მას 2001 წელს 27 000 აშშ დოლარად შეუძენია. ამავე წელს მას შეძენილი აქვს ავტოფარეხი 3000 აშშ დოლარად. დეკლარაციაში მითითებულია ასევე მიწის ნაკვეთი (928.00 კვ.მ) თბილისში, ინტენსიფიკაციის გზის მიმდებარედ, რომელიც გიორგი ზედელაშვილისთვის უჩუქებიათ. დეკლარაციაში მჩუქებლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

დეკლარაციაში გიორგი ზედელაშვილს დაფიქსირებული არ აქვს ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში იძებნება, როგორც მისი საკუთრება. რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში, თბილისში, ახალშენის ქუჩაზე, დედასთან, თამარ ჯანყარაშვილთან ერთად, ზედელაშვილმა თანასაკუთრებაში დაირეგისტრირა 122,93 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინა.

სხვა შენაძენი, თუ არ ჩავთვლით 2008 წელს ნაყიდ ავტომანქანა NISSAN QASHQAI-ს, რომელშიც 28 000 აშშ დოლარი გადაიხადა, გიორგი ზედელაშვილს ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ნატო ჩიქოვანი მხოლოდ ერთი უძრავი ქონების მესაკუთრეა – მას მიწის ნაკვეთი ბეთანიაზე (1 340 კვ.მეტრი) 2005 წელს შეუძენია 5000 აშშ დოლარად (ერთ კვადრატულ მეტრში გადახდილია 3,7 ამერიკული დოლარი).

2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ზედელაშვილს ხელფასის სახით, „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, 72 000 ლარი აუღია, მისი მეუღლის ხელფასი კი 50 643 ლარი ყოფილა. ნატო ჩიქოვანი ბოლო ორი წელია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გენერალური დირექტორის მოადგილეა.

შარშან ზედელაშვილს ორი შვილის განათლების მიზნით 51 000 ლარი აქვს დახარჯული.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზედელაშვილს სახელფასო ანგარიშზე 74 950 ლარი აქვს დარიცხული, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი 43 078 ლარია. სწორედ ამ წელს აწინაურებენ ნატო ჩიქოვანს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გენერალური დირექტორის მოადგილედ.

ამ პერიოდში ორი შვილის სწავლის გადასახადში ზედელაშვილი 45 000 ლარს ხარჯავს.

ყველაზე მაღალი შემოსავლები გიორგი ზედელაშვილს 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის რანგში 154 300 ლარი აქვს აღებული, რაც თვეში 12 858 ლარია. დეკლარაციაში მითითებულ პერიოდში გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეუღლის საერთო შემოსავალი, ჯამში, 191 800 ლარს აღწევს. ამ პერიოდისთვის ნატო ჩიქოვანი სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ნატო ჩიქოვანი სავაჭრო პალატაში მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელში ინიშნება.

მაღალი შემოსავლების მიუხედავად, გიორგი ზედელაშვილი 2015 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სახელმწიფოს მიმართავს დასახმარებლად და იღებს კიდეც ამ მხარდაჭერას: ზედელაშვილს, სოციალური დახმარების სახით, სახელმწიფო 25 000 ლარს უხდის.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს ამავე წელს 21 000 ლარი ორი შვილის სწავლის გადასახადში აქვს დახარჯული. იმ დროისთვის ზედელაშვილის უფროსი ქალიშვილი 18-ის, ხოლო უმცროსი 10 წლის არის.

2014 წლის დეკლარაციით, როცა გიორგი ზედელაშვილი ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მისი სახელფასო შემოსავალი 85 429 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლის დეკლარაციით ნატო ჩიქოვანს არავითარი შემოსავალი არ გააჩნდა, 2014 წლის დეკლარაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის რანგში, ანაზღაურების სახით, 22 500 ლარი აქვს მიღებული. მომდევნო წელს ნატო ჩიქოვანი 15 ათასი ლარით მეტ ხელფასს აიღებს. გაუგებარია, რის საფუძველზე უზრდიან მას ხელფასს, მით უფრო, რომ მაშინ მას სამუშაო პოზიცია არ შეუცვლია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, გიორგი ზედელაშვილს შვილების განათლებაში თანხის ხარჯვა დაფიქსირებული არ აქვს.

სტატიის მომზადებისას „ბათუმელები“ გიორგი ზედელაშვილს არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი