მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

28.12.2017 • 1814
რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

ბათუმის მერია საახალწლო გართობაზე 258 ათას 400 ლარს ხარჯავს. საახალწლო გართობაზე პასუხისმგებელია აიპი „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი,“ რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.  სატენდერო ვალდებულებები სხვადასხვა სახის აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა აქტივობა – „ახალი წელი შენს ეზოში“.

პროექტის ფარგლებში განათებული სატვირთო მანქანა დღის განმავლობაში სამ ეზოში შედის და უბნის ბავშვებისთვის ანიმატორები წარმოდგენებს მართავენ. თითოეულ ბავშვს ერთ ჰელიუმის ბუშტსა და „მამალოს“ ჩუქნიან. ტენდერის მიხედვით, სულ 2100 „მამალო“ და ამდენივე ჰელიუმის ბუშტია შეძენილი.

ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ამბობს, რომ საჩუქარი ყველა ბავშვს ხვდება, თუმცა გარკვეულ უბნებში გასართობად მისულ ბავშვებს მხოლოდ ჰელიუმის ბუშტი შეხვდათ, ზოგიერთს კი –  მხოლოდ „მამალო“.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლო განწყობას ანიმატორებიანი მანქანა მხოლოდ იმ უბნებში შექმნის, სადაც საახალწლო განათებები არ დამონტაჟებულა და არც ნაძვის ხეები დგას.

სატენდერო პირობების მიხედვით, 2 იანვრის ჩათვლით, 21-ჯერ უნდა გაიმართოს მიმებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენა, ასევე, თოჯინებისა და მარიონეტების თეატრალური წარმოდგენა.

ხუთი საცირკო შოუ, 4-4-ჯერ უნდა დაიდგას ცეცხლოვანი შოუ და თევზების კარნავალი. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული წარმოდგენები საღამოს  ხუთი საათიდან დაიწყება ევროპის მოედანზე.

უფრო მოგვიანებით კი, საბავშვო კონცერტები გაიმართება.

აკრობატი სანტაკლაუსები ევროპის მოედანზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: