ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს.

„მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ჩამოიშალა მიწა, გზის გაწმენდის წინააღმდეგი წავიდა. დღეს შევხვდები მოქალაქეს, გავიგებ მისი წინააღმდეგობის მიზეზს და შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდა,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

საციხურის თემის [რომლის ადმინისტრაციულ შემადგენლობაშია სოფელი პანტნარი] რწმუნებულის, ბეჟან ბოლქვაძის თქმით, ოჯახი ფიქრობს, რომ მიწის მასის გაწმენდა მეწყრის განმეორებას გამოიწვევს, რითაც შესაძლოა საცხოვრებელ სახლს შეექმნას საფრთხე და ამიტომ წავიდა წინააღმდეგი.

რწმუნებულის თქმით, მეწყერმა, რომელიც ბეჟან ფასანიძის საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით 100 მეტრში განვითარდა და 40-კომლიან სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა, ფარსენაძეების საცხოვრებელი სახლის მცირე დაბზარვა გამოიწვია. „ფასანიძეებმა საცხოვრებელი სახლი გასულ წელს ააშენეს, პირველი სართული ქვაა, მეორე სართული – ხე.  საცხოვრებელ სახლებზე ბზარები შეინიშნება,“ – ამბობს რწმუნებული.

ბეჟან ბოლქვაძის თქმით, პანტნარში 40 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივი მცხოვრები 30-მდე ოჯახია.

მთავარი ფოტო: მეწყერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი