შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, ხოლო 1200 – მანამდე მერიის საკუთრებაში არსებული განათება.

ევროპის მოედანზე ყველა შენობის ფასადი განათდება გირლიანდებით. განათდება ასევე 11 ადმინისტრაციული ცენტრი, მოედნები და სკვერები, ზოგიერთ შემთხვევაში სკოლების მიმდიბარე ტერიტორიებიც.

„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, რომ საახალწლო გარემო შეგვექმნა არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ გადავნაცვლებულიყავით ქალაქის სიღრმეში. ვფიქრობთ, ახალი განათებებით ეს ძალიან კარგად მიიღწევა. ძირითადი ლოკაცია იქნება ქალაქის ცენტრში და ეს არის მიღებული პრაქტიკა  მსოფლიოში. ამის გარდა, გვექნება „მოძრავი“ საბავშვო ღონისძიებები, რაც მგონი მშობლებს გაახარებს. ყველაფერს არ დავასახელებ, შევინარჩუნებ ინტრიგას“, – თქვა ლაშა კომახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ლაშა კომახიძის თქმით, წელს „ერას მოედანზე ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ აქტივობას“, განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვებზე გაკეთდება. საბავშვო ღონისძიებები იქნება მსხვილ ლოკაციებში: „ეს ყველაფერი წინასწარ დაანონსდება, იქნება ძალიან ხმამაღალი, მუსიკალურად გაფორმებული და საინტერესო“.

რაც შეეხება საკონცერტო შემსრულებლებს, ლაშა კომახიძე არ ასახელებს მათ ვინაობას და ამბობს, რომ „გვექნება შესანიშნავი კონცერტები, როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი