კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი: იმით ვხარობ, რაც მაქვს

29.11.2017 • 3677
ყოფილი პატიმარი: იმით ვხარობ, რაც მაქვს

„საშინელი საკერავი მანქანა მქონდა, ტანჯვით უნდა გემუშავა. ფონდმა  „თანაზიარმა“, დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, საკერავი მანქანა გადმომცა. ყველაფრის შეკერვა შემიძლია. ხშირად უფასოდ ვუკერავ ახლობელ-მეგობრებს. რაიონში ყველა ყველას ახლობელია. მიჭირს ნაცნობებს ჩემს ნაშრომში თანხა გადავახდევინო,“ -ამბობს 49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია. ის სენაკში, ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს.

მარტვილში სახლი გაყიდა და თბილისში პატარა ბინას იშენებს. სამსახურის პოვნის და უკეთესი ცხოვრების იმედით, საბოლოოდ დედაქალაქში აპირებს გადასვლას.

სანამ თამარი საპატიმროში მოხვდებოდა, ოჯახს მარტვილში პატარა სავაჭრო ჯიხური ჰქონდა. თამარი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, გამეფებული უსამართლობის გამო იქ დარჩენა გაუჭირდა და სამსახური დატოვა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მონაწილეობდა, ამ დროისთვის მას უკვე მოხსნილი ჰქონდა ნასამართლობა და კონკურსებში მაღალი ქულებიც მიიღო, თუმცა მარტვილის საჯარო სამსახურებში არ დაასაქმეს. ამბობს, რომ მაშინდელი კონკურსების შედეგად ახალი არავინ აურჩევიათ და იგივე ადამიანები დატოვეს პოსტებზე, რომლებიც ადრე მუშაობდნენ.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ფონდის – „თანაზიარის“ შესახებ ყოფილი პატიმრისგან შეიტყო. საკერავი მანქანის მისაღებად პროექტი შეადგინა. პირველი შემთხვევა იყო, როცა დახმარება ითხოვა სხვისგან.

ორი წელია აბიტურიენტებს ამზადებს ფიზიკაში. სტაბილური სამსახური არ აქვს, თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს, კითხულობს, კერავს და ქსოვს. სენაკში გადასვლის შემდეგ, კვირაში ორჯერ, მარტვილში დადის აბიტურიენტებთან. რეპეტიტორობით მიღებული გასამრჯელოს დიდი ნაწილი ტრანსპორტის ხარჯს ხმარდება.

„ქსოვაც შემიძლია, სვიტერებს ვქსოვ, კარგ ძაფს ვიყენებ, ფერად ორნამენტებს, მხიარულ ფიგურებს ვაქსოვ, მაგრამ არა და არა, მარტვილსა და სენაკში არაფერი იყიდება. ახლაც რამდენიმე მაქვს სახლში და ვინახავ, რომ თბილისში წავიღო და სადმე ჩავაბარო, ალბათ, იქ უფრო გაიყიდება ხელით ნაქსოვი სამოსი“.

სახლიდან ბევრი რამ გაყიდა: ნივთები, ავეჯი, წიგნები… მაგრამ თანამედროვე ავტორების ახალი თარგმანები ვერ გაიმეტა.

,,ბორის ვიანის, პოლ ოსტერის და უელბეკის თარგმანებს ვერაფრის დიდებით ვერ გავყიდდი, უელბეკი ჩემსავით ნიჰილისტია, მიყვარს მისი მტკივნეული თემები და წერის მანერა. ისევე, როგორც ყველა მკითხველს, წიგნის სურნელიც კი მიყვარს. ქინდლიც სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ სად არის ამის ფუფუნება“.

ვერ გამოემშვიდობა უნამუნოს, ბორხესს, აპდაიკს, კუტზეეს და კიდევ რამდენიმე ავტორის წიგნს, მაგრამ ბევრიც გაყიდა: სხვის სახლში, სადაც ამჯერად ცხოვრობს, დიდი ბარგით ვერ გადასახლდებოდა.

სამხრეთამერიკელ მწერლებზე ლაპარაკი დიდხანს გვიგრძელდება. სასიამოვნო თემიდან თამარი უსიამოვნო მოგონებებზეც გადადის.

„2010 წლის ოქტომბერში დამაკავეს და 2012 წლის აპრილში გავთავისუფლდი. ციხეში ყველას კუჭი სტკიოდა. ნარჩენი ზეთისგან აკეთებდნენ კერძებს. სოსისის ნახევარს აგდებდნენ სოუსში და სულ ეს იყო დღის ულუფა. ციხის მაღაზიაში ყველაფერს ორმაგ ფასად ყიდდნენ – ყველაფერს ვადაგასულს. 42 კილოგრამს ვიწონიდი საპატიმროში.

ჯერ ქუთაისში ვიხდიდი სასჯელს, მერე რუსთავში გადამიყვანეს. საკანში ციხის ადმინისტრაციას მოსყიდული ჰყავდა ზოგიერთი პატიმარი, რომლებიც გვაკვირდებოდნენ და დასმენა ევალებოდათ. ისეთ პირობებს ქმნიდნენ, რომ პატიმრებს ერთმანეთისგან გვიწევდა თავდაცვა,“ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

თამარი ციხეში ქალთა ამბოხის დროს დახეიბრებულ 22 წლის გოგოს იხსენებს, რომელსაც შიშისგან ხელ-ფეხი წაერთვა და დაინვალიდდა. რუსთავის ციხის მუდმივად სველი კედლების გამო თამარს ასთმა დაემართა და ჰაერის უკმარისობა დღემდე ახსენებს თავს. რთულ წლებზეც ენერგიულად, იმედიანი ხმით ყვება და ამბობს, რომ წუწუნი არ უყვარს, ურჩევნია ცხოვრება თუნდაც წვრილმანებით გაიხალისოს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: