კვირის ამბები

38 ლარამდე ღირებულების ჭაღი ბალანსიდან ბალანსზე გადატანისას გაქრა

11.10.2014 • 2610
38 ლარამდე ღირებულების ჭაღი ბალანსიდან ბალანსზე გადატანისას გაქრა

სად ინახება ამ დროისთვის თითბრის ჭაღი, რომელიც 37 557 ლარი ღირდა? – ამ კითხვით “ბათუმელებმა“ საქართველოს ბანკს მიმართა. ბანკიდან გვაცნობეს, რომ ისე როგორც ეს ძვირადღირებული ჭაღი, ასევე სხვა ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობის ჩათვლით [ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, №25-ში მდებარე ბანკის ყოფილი შენობა] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

მრავალგზის სიტყვიერი კონსულტაციების დროს ასევე ითქვა, რომ ეს ჭაღი სავარაუდოდ გაქირავებული უნდა იყოს. ანალოგიური კითხვით მიმართა “ბათუმელებმა’’  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ უწყებიდან წერილობით შემდეგი შეგვატყობინეს: ,,გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის2010 წლის 15 აპრილის N275 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2010 წლის16 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისაგან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გადაიბარა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 აპრილის N19 განკარგულებით სახელმწიფოსათვის გადმოცემული, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N25-ში მდებარე უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და მცირეფასიანი ინვენტარი. აღნიშნული ქონება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 მაისის N646 განკარგულებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში. აღნიშნულ განკარგულებაში დანართის სახით წარმოდგენილია ქონების ჩამონათვალი, სადაც მოცემულია, როგორც თითბრის, ასევე სხვა სახის ჭაღებიც’’.

მიიღო თუ არა თითბრის ჭაღი საკუთრებაში აჭარის ხელისუფლებამ? – ამის გასარკვევად „ბათუმელებმა’’ ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, საიდანაც ასევე წერილობით გვაცნობეს, რომ „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში არ გადაცემია თითბრის ჭაღი, ღირებულებით 37 557 ლარი’’. სამინისტროდან ასევე მოგვაწოდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც ზემოთ აღნიშნული განკარგულების ფარგლებში მათ გადაეცათ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობასთან ერთად.

ქონების ჩამონათვალში არის სხვადასხვა ზომისა და ღირებულების ჭაღი, თუმცა კონტროლის პალატის აქტში მითითებული ჭაღი, რომლის ღირებულებაც 37 557 ლარია, ამ ჩამონათვალში არ იძებნება.

გადაბეჭდვის წესი