მთიანი აჭარა

ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

09.10.2013 • 2212
ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

ფესტივალი ფურტიოს თაღოვან ხიდთან გაიხსნა, რასაც მოჰყვა სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულება. ისტორიული ადგილების დათვალიერების შემდეგ ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ლიტერატურულ საღამოში მონაწილეების გარდა ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, მწერლები და პოეტები მოსახლეობას საკუთარ ნაწარმოებებს უკითხავდნენ, მოსახლეობა კი საკუთარი კუთხის ფოლკლორს აცნობდა და საინტერესო ისტორიებს უყვებოდა სოფელში მისულ სტუმრებს.

რეჟისორი, პროექტის ავტორი და ფესტივალის ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ფესტივალის მიზანი მომავალი თაობის ხელშეწყობა, სოფელში მცხოვრები დამწყები პოეტების წარმოჩენა და ახალგაზრდებში წიგნების პოპულარიზაციაა.

„ლიტერატურული ფესტივალი შუახევში პირველად ჩატარდა, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტულურისა და  სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 22 მწერალი და პოეტი ჩაერთო. ჩვენი მიზანია ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდეს და საერთაშორისო სახე მიიღოს, აქ მოვიდნენ ქართველი და უცხოელი მწერლები, მოსახლეობა მათ შემოქმედებას გაეცნო. მთა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, მე მიმაჩნია, რომ ყველაზე თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ მთაში, სწორედ ამ ხალხს, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სჭირდება ხელშეწყობა.“ –  უთხრა ვახტანგ ბერიძემ „ბათუმელებს“.

ფესტივალი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სამი ხეობის: ჭვანის, მარეთისა და ზამლეთის  გაცნობას და შემოქმედებით საღამოების მოწყობას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი _ კრებულისა და გაზეთის გამოცემას. კრებულში პროექტში მონაწილე 22 მწერლისა და პოეტის მიერ დაწერილი ლექსები, ნოველები და მოთხრობები შევა, რომლებიც ფესტივალის პირველ ეტაპზე ნანახ  ეთნოგრაფიას, ისტორიასა და მთიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას ასახავს.

ფესტივალის პირველი ეტაპი და ლიტერატურული ტური 22 სექტემბერს მარეთის ხეობაში დასრულდა. სოფელ ცინარეთში სასოფლო კლუბში პოეტური საღამო გაიმართა, სადაც ბელა ქებურიამ, ნიკა ფუტკარაძემ, გენრი დოლიძემ, როინ აბუსერიძემ, აჩიკო ბერიძემ და სხვებმა სოფლის კლუბში შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ლექსები წაუკითხეს. ადგილობრივმა 80 წლის ნიკოლოზ ხუჯაძემ საკუთარი ლექსითა და სახუმარო ისტორიებით მოხიბლა სტუმრები, საღამო უჩამბის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ფანდურზე აჟღერებულ აჭარული განდაგანით დაასრულა.

„მსგავსი ფესტივალი ხშირად უნდა ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა შემოქმედებმა, რომლებიც ჰორიზონტზე არ ჩანდნენ, გაიცნეს ავტორები, მწერლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ხარ ცნობადი სახე და არ გყავს აუდიტორია, წერის ხალისიც გეკარგება, მიმაჩნია, რომ წერა მხოლოდ ახირებაა და მეტი არაფერი, მაგრამ როცა გაქვს შესაძლებლობა ვიღაცას წაუკითხო შენი ნაწერი, ვიღაცამ ტაში დაგიკრას, ესეც წახალისებაა დამწყები პოეტისთვის“ – აღნიშნა პოეტმა აჩიკო ბერიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ ფესტივალის პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ვახტანგ ბერიძე იმედოვნებს, რომ ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდება და სამომავლოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს: „პროექტის პირველი ეტაპი შედგა და თანაც ძალიან კარგად, რაც შეეხება მეორე ეტაპს, კრებულისა და გაზეთის გამოცემას, ოქტომბრის ბოლოს გამოიცემა 200 ეგზემპლარი, სახელწოდებით „ზე-კართან“. ვიმედოვნებ, რომ ფესტივალი მომავალშიც განხორციელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, უფრო მეტი დამწყები თუ შემდგარი მწერალი, პოეტი ჩაერთვება ფესტივალში და საკუთარ შემოქმედებას გააცნობს მოსახლეობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: