მთიანი აჭარა

სახლი ხის პალოებზე

31.08.2012 • 2591
სახლი ხის პალოებზე

გარეთ უკვე მზეა, მაგრამ ნაზიკო საფარიძის საძინებელ ოთახს ემჩნევა, რომ რამდენიმე წუთის წინ კოკისპირულად წვიმდა. იატაკზე წყლით სავსე ჭურჭელი დევს, ჭერი კი ნახევრად ჩამონგრეული და სისველისგან ობმოკიდებულია.

 

 

ორ ოთახში, სადაც იატაკი და კედლები მორყეულია, ნაზიკო თავის სამ შვილთან ერთად 26 წელია ცხოვრობს. ოჯახში არავინ მუშაობს, მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა – ასი ლარია. „სამი ბიჭი მყავს, სამივე დასაქორწინებელი, ქმარი გარდამეცვალა. წვიმის დროს წყალი შენობაში ჩამოდის, თავზე მაწვიმს, განა რამე მაქვს? არაფერი გამაჩნია და რაც მაქვს, ისიც წვიმის წყალმა გამიფუჭა. სახლის კედლები ისეა დახეთქილი, რომ გეივლი იხსნება. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ჩემი ოჯახის შემოსავალი სოციალური შემწეობაა, პენსიაც არ მაქვს, 52 წლის ვარ, პენსიამდე თუ მივაღწიე…. თავს ირჩენ 100 ლარით?“  

 

 

ნიკოლოზ საფარიძე ოჯახთან ერთად ძველი სკოლის შენობაში 30 წელია ცხოვრობს. მას საცხოვრებელი სახლი დაეწვა და იმდროინდელმა ხელისუფლებამ შენობაში ცხოვრების უფლებაც ამის გამო დართო: „ადრე აქვე სოფლის ზევით ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, ჩემი ცოლი მასწავლებელი იყო. სახლი რომ დამეწვა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ნება დამრთო, აქ მეცხოვრა, ჩამოვიბარგე და სამი შვილიც აქ გავზარდე. ცოლი გარდამეცვალა და შვილებთან ერთად ვარ. სახლი, სადაც ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, თავზე გვენგრევა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს თქვეს არ გარემონტდებაო.“ 

 

 

ნიკოლოზ საფარიძე იხსენებს, გასულ წელს უცხოელი ტურისტი მათი პირობებით გაკვირვებული რომ დარჩა და სახლს ფოტოც კი გადაუღო: „ჯერ სახლს გაკვირვებული უყურებდა, შემდეგ ახლოს მოვიდა და ათვალიერებდა, ფოტო გადაიღო და მძღოლს რაღაც გადასძახა. ინგლისური ჩვენ არ ვიცოდით, რომ დავლაპარაკებოდით, მძღოლი ქართველი იყო, ვკითხე, ვინ არის და ფოტო რატომ გადაიღო-მეთქი. რატომ გადაიღო და დააინტერესა, პალოებზე ამხელა სახლი როგორ დგასო, გვითხრამძღოლმა.“

 

 

აქ მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ დამხმარე არავინაა.

 

„სკოლას არემონტებენ, ვთხოვეთ ძველი სახურავი მოეცათ და ისიც არ მოგვცეს“-  ამბობს ნიკოლოზ საფარიძე.  

 

გადაბეჭდვის წესი