მთიანი აჭარა

პეტრას ციხეზე მოიჯარემ უარი თქვა

29.08.2012 • 1940
პეტრას ციხეზე მოიჯარემ უარი თქვა

Georgien Invest International Companiy პეტრას ციხის იჯარის წესით მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა განაცხადა, უარის თქმის მიზეზებზე კი საუბარი არ ისურვა. კითხვას, ხომ არ გახდა ამის მიზეზი ეკლესიის, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულების დაფიქსირება ციხის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მან არ უპასუხა.

საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით Georgien Invest International Companiy-ს პეტრას ციხე 45 წლის ვადით იჯარის წესით, სიმბოლურად ფასად, 1 ლარად უნდა გადასცემოდა.

კომპანიას იჯარის წესით უნდა მიეღო ასევე პეტრას ციხესთან არსებული 32 179 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე განკარგულებით განსაზღვრული იყო ასევე ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარეს ციხის ჩრდილოეთის კედლის აღდგენა, ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, ძეგლის დაზიანებული ნაწილების გამაგრება, მისასვლელი ადგილის მშენებლობა, სალარო გაყიდვის ჯიხურის მოწყობა, განათების სისტემისა და პარკინგის მოწყობა ევალებოდა. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანიას არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა.

გადაბეჭდვის წესი