მთავარი,სიახლეები

უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა

31.03.2016 • 2219
უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტების აქცია თვითმმართველობების წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე კვირას გაგრძელდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ თვითმმართველობის პრივილეგიებსა და ითხოვდნენ მათთვის დაფინანსების შეწყვეტას. აქციების დროს ითქვა ისიც, რომ საერთოდ გაუქმდეს თვითმმართველობა. როგორი უნდა იყოს რეალურად თვითმმართველობა და მოაგვარებს თუ არა სტუდენტურ პრობლემებს თვითმმართველობის გაუქმება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

ბატონო სიმონ, თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში დღეს არსებობს, რამდენად უწყობს ხელს სტუდენტის განვითარებას, რეალიზაციას?

სტუდენტური თვითმმართველობა ახალი არ არის საქართველოში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემოვიდა უნივერსიტეტებში, მაგრამ 2005 წლიდან ახალი ეტაპი დაიწყო –  კანონით გახდა სავალდებულო და მათ გარკვეული უფლებებიც მიეცათ უნივერსიტეტის მართვაში.

 რატომ გაჩნდა თვითმმართველობების საჭიროება?

ცვლილება მოხდა მაშინ, როცა უნივერსიტეტებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტი ჯგუფი ჩართულიყო უნივერსიტეტის მართვაში, ეკონტროლებინა ფინანსების ხარჯვა. მეორე პრობლემა იყო ის, რომ საუნივერსიტეტო ელიტა იღებდა გადაწყვეტილებას და სტუდენტებს არ რთავდა ამაში. თვითმმართველობის ფუნქცია საგანმანათლებლოს გარდა ისიც იყო, რომ სტუდენტებს ესწავლათ, როგორ ჩაატარონ არჩევნები, როგორ უნდა მოახერხონ თვითორგანიზება, როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენა და ა.შ.

დღეს სტუდენტები საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობამ მიიღო ბიუროკრატიული სახე და გახდა შემაფერხებელი მათი იდეების განხორციელებისთვის. ამაზე რას ფიქრობთ?

რამდენიმე პრობლემა გაჩნდა ერთდროულად. პირველი პრობლემა იყო ის, რომ წინა სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ჩარეულიყო თვითმმართველობის ფუნქციონირებაში, ვთქვათ, ხელმძღვანელების არჩევაში, დანიშვნაში… თვითმმართველობა გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. თსუ-ს თვითმმართველობა მიბმული იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის შეკვეთებს ასრულებდა. მსგავსი მცდელობები იყო სხვა უნივერსიტეტებშიც, მაგრამ თსუ-ში ეს მძაფრად იგრძნობოდა: რაღაც პერიოდში ადმინისტრაციაც კი უწევდა ანგარიშს თვითმმართველობას, რადგან ისინი ელაპარაკებოდნენ პარტიის და არა სტუდენტების სახელით. ისინი შლიდნენ უნივერსიტეტში არასასურველი პოლიტიკური მიმართულების ღონისძიებებს, მაგალითად, რაღაც საგამოძიებო ფილმის ჩვენება, რომელიც არ მოსწონდა ხელისუფლებას, ჩაშალეს და შუქიც კი გამორთეს შენობაში.

თვითმმართველობის პოლიტიზებაზე საუბარი იყო ბათუმის უნივერსიტეტშიც, მაგალითად, ერთ-ერთი თავმჯდომარე 2007 წლის 8 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტების დარბევის ფაქტსაც კი უარყოფდა, პირველ ეტაპზე. თბილისში აქციების დროს გამოჩნდა პლაკატები – თვითმმართველობა შეადარეს კომკავშირს. თქვენში რა ასოციაციებს იწვევს დღევანდელი თვითმმართველობა?

პრინციპი იგივეა. პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ ჯგუფი, რომელიც მიდრეკილია უკმაყოფილებისკენ, აკონტროლოს. ახლანდელი თვითმმართველობები შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ხელისუფლებასთან და მათ ინტერესს ატარებდნენ, მაგრამ ეს ისე მკაფიოდ აღარ ჩანს, როგორც წინა ხელისუფლების დროს ჩანდა. მაშინ თვითმმართველობის ხელმძღვანელები იკრიბებოდნენ პრეზიდენტთან და იქ მსჯელობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ უნივერსიტეტებში და იღებდნენ პარტიის აქციებში მონაწილეობას. დღეს ასეთი ორგანიზებული ფორმა არ აქვს ამას, რადგან ხელისუფლებაში არის ბევრი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან.

ბათუმის უნივერსიტეტის ბიუჯეტის თითქმის ერთ პროცენტამდე ყოველწლიურად მიდის თვითმმართველობის ბიუჯეტში. უცხოური გამოცდილება როგორია ამ მხრივ. როგორც ვიცით, იქ უფრო კლუბური სისტემა მოქმედებს და კონკრეტულ პროექტებს აფინანსებენ.

სტრუქტურული პრობლემები არ არის ცალკე, მოწყვეტილი იმ კულტურას, რომელშიც სტრუქტურები ინერგება. დასავლეთში შეიძლება ზუსტად იმავე სტრუქტურის მქონე თვითმმართველობა სხვანაირად მუშაობდეს. ამერიკულ უნივერსიტეტებშიც არის გამოცდილება, რომ თვითმმართველობას შეიძლება ჰქონდეს ბიუჯეტი. ზოგადად, სამართლიანია, როცა სტუდენტებს შეუძლიათ გარკვეული თანხის ათვისება, რადგან უნივერსიტეტის ძირითადი დამფინანსებლები სწორედ ისინი არიან.

საპროტესტო აქციების დროს ითქვა, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს თვითმმართველობები უნივერსიტეტებში. რამდენად შესაძლებელია ეს, თუ არსებულის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს?

საუნივერსიტეტო კლუბების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბები ვერ იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სტუდენტების ინტერესს დაიცავს. თუ სტუდენტებს უნდათ, რომ, ვთქვათ, გადასახადი იყოს ნაკლები, ეს უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობამ, გადასახადის დამკლებთა კლუბს ხომ არ გააკეთებ. ზოგჯერ ამბობენ, რომ, რადგან სტუდენტებს აქვთ თანხა, ეს რყვნის მათ, – პრივილეგიასა და საშუალებას აძლევს საკუთარ თავს მოახმარონ ის. არა მგონია, აქ თანხის პრობლემა იყოს, ეს არის გაუმჭვირვალე პროცედურებისა და სტუდენტების ნაკლებად აქტიურობის შედეგი. ეს იმას ჰგავს, რომ, ვთქვათ, მთავრობა ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და მოდი, საერთოდ გავაუქმოთო. თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში.

 როგორ უნდა გახდეს ეს სისტემა უფრო მოქნილი და სტუდენტებზე ორიენტირებული?

შესაძლებელია თვითმმართველობების სიმრავლე ფაკულტეტების მიხედვით, უფრო მცირე ჯგუფებმა რომ განიხილონ. მაგალითად, სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს თუ უნდათ, რომ ჩაატარონ კვლევა, ამაში უნდა ეხმარებოდეს მათ მიერ არჩეული თვითმმართველობა, ხოლო საერთო თვითმმართველობა იქნებოდა უფრო დიდი ფორუმი, საუნივერსიტეტო პრობლემებზე სამსჯელოდ. მკაფიოდ უნდა გაიწეროს, თუ რაში უნდა დახარჯონ ფული და რაში – არა. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის წევრების ხშირი როტაცია. კლუბების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ თვითმმართველობაში, ასევე მაჟორიტარული სისტემაც შეიძლება არსებობდეს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა მოდელი შეიძლება, მაგრამ თვითმმართველობის მოდელზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ იქნება ნაკლები დემოკრატია და არა მეტი.

 ბათუმში რექტორის დონეზე ითქვა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. თქვენ ხედავთ ამ საჭიროებას? – კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს კანონში?

საკანონმდებლო ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ჩათვლის უნივერსიტეტი, რომ მას აღარ უნდა თვითმმართველობა და გადაწყვეტს, რომ ეს სტრუქტურა გააუქმოს. სხვა შემთხვევაში ნაკლები პრობლემაა, რადგან უნივერსიტეტს შეუძლია საკუთარი მოდელი შეიმუშაოს, რომელიც პრობლემების უკეთ გადაჭრას უზრუნველყოფს. სხვა დანარჩენი იქნება მხოლოდ ემოციური საუბარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: