კვირის ამბები,კვირის ამბები

წაიკითხე და მოიგე – “წიგნის კუთხე” და გამარჯვებულები

07.06.2016 • 2615
წაიკითხე და მოიგე – “წიგნის კუთხე” და გამარჯვებულები

მხოლოდ ცხრა კვირა და 35 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შედგენილ კითხვებს პასუხობდნენ. კვირიდან კვირამდე წაკითხულ წიგნთა რაოდენობასთან ერთად, პროექტის მონაწილეთა დაძაბულობაც იზრდებოდა. ეს ყველაფერი ინტელექტუალური ვიქტორინის, “წიგნის კუთხის” ფარგლებში ხდებოდა, რომელშიც ბათუმის მასშტაბით 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

რისი დახატვა სთხოვა მთხრობელს პირველი შეხვედრისას? რა ცხოველია ფაქიზო რომანში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი?” რომელ კუნძულზე ცხოვრობდა მათეო ფალკონე? – ამ და სხვა, ბევრად უფრო რთულ კითხვებს “წიგნის კუთხის” ფინალში ბათუმის ორი სკოლის გუნდი პასუხობდა.

კითხვებზე სწორი პასუხებიც და გამარჯვებული გუნდის ვინაობაც უკვე ცნობილია: ესენი არიან #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ირაკლი ხუხუნაიშვილი, სესილი მეტრეველი და ანა გათენაძე. მათ ფინალურ თამაშზე ბათუმის #10 საჯარო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა. #2 სკოლელებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და ანგარიშით – 16:9 – გაიმარჯვეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები ამბობენ, რომ გაზეთ “ბათუმელების” მიერ ორგანიზებულმა პროექტმა მათ ცხოვრებაში სიახლე შეიტანა. “მე-11 კლასში ვარ და ბოლო დროს დიდად ვერ ვიცლი საკითხავად, ამიტომ ეს პროექტი საინტერესო ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ჯორჯ ორუელის “1984” მომეწონა”, – ამბობს ირაკლი.

სესილი მეტრეველს პროექტის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოების წაკითხვა მოუწია, რომელთა წაკითხვაზეც აქამდე არასოდეს უფიქრია. “აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მომეწონა სწორედ ის წიგნი – გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”, რომლის წაკითხვაც საერთოდ არ მქონდა გეგმაში,” – ამბობს სესილი.

 ანა გათენაძეს კი პროექტის ფარგლებში წაკითხული წიგნებიდან სტივენ კინგის “მწვანე გზა” დაამახსოვრდა: “შემოთავაზებული წიგნებიდან გუნდის წევრები ჩვენთვის საინტერესო წიგნებს ვირჩევდით და ვინაწილებდით. ყველაზე მეტად “მწვანე გზა~ მომეწონა, საინტერესო და განსხვავებული სიუჟეტის გამო”.

მე-2 სკოლის გუნდი
გამარჯვებული გუნდის მოსწავლეები ამბობენ, რომ კითხვა მათთვის ახალი ცოდნის მიღების გარდა, ერთფეროვანი გარემოს შეცვლის საუკეთესო საშუალებაა.
“როცა წიგნს აიღებ და გადაშლი, სულ სხვა სამყაროში ხვდები. სხვადასხვა ეპოქის წიგნის კითხვისას იმ ეპოქის მონაწილე ხარ, შეგიძლია გაიგო რა და როგორ ხდებოდა მაშინ, ანუ რეალურად ცხოვრობ 21-ე საუკუნეში და უცებ სულ სხვა სივრცეში, მე-17 ან მე-18 საუკუნეში აღმოჩნდე,” – ამბობს ანა.
მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო მხატვრული ლიტერატურის საკითხავად არდადეგებია. მაშინ სამეცადინო არ ელოდებათ, წიგნებსაც “უკეთ უდებენ გულს”. “თუ წიგნმა ჩაგითრია, შეგიძლია დააღამო და გაათენო კითხვაში. ამის გამო, სწავლის პერიოდში შედარებით უფრო ნაკლებს ვკითხულობ. თუმცა თუ ახალი წიგნი გამოვა, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება, აუცილებლად ვკითხულობ,” – ყვება ანა.

 საყვარელ მწერლებსა და ლიტერატურულ ჟანრზე საუბრისას, სესილი ამბობს, რომ ერთს ვერ გამოარჩევს. “ბოლო დროს დავინტერესდი ანტიკური ლიტერატურით, ძალიან მომწონს ძველი ბერძნული ლიტერატურა, მიტაცებს მითებიც, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ფანტასტიკა და დეტექტივები. ერთადერთი, რასაც ალბათ ვერ წავიკითხავ, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებია,” – ამბობს სესილი.

 ანა ამბობს, რომ წიგნის ჟანრსა და ავტორს განწყობის მიხედვით ირჩევს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის, რაც არასოდეს ბეზრდება “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალია”. ირაკლის საყვარელი ლიტერატურული ჟანრი კი ფენტეზია. “ჩემი საყვარელი მწერალი ტოლკინია წიგნების სერიით “ბეჭდების მბრძანებელი,” – ამბობს ის.

 გუნდის წევრებს ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ, თუმცა ლიტერატურული კონკურსის გამოცდილება მათთვის პირველია. პროექტში კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა მოგება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 “ძალიან საინტერესო თამაში იყო #10 სკოლასთან, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ და ეს ბლიცის დროსაც გამოჩნდა. თითქმის ყველა თამაში დაძაბული იყო. ძირითადად ბლიცები ან ერთი კითხვა გვაძლევდა იმ უპირატესობას, რითაც ვიმარჯვებდით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა ჩვენი თამაში არ იყო, ვცდილობდით ყველა წიგნი წაგვეკითხა, მზად ვიყავით თამაშისთვის, მოსაგებად ვიყავით განწყობილი,” – ამბობს ირაკლი. ანა დასძენს, რომ სხვა თამაშებიდან ყველაზე მეტად “ევრო 2000”-ისა და “მასტერკლასის” სკოლის გუნდები მოეწონა, სესილი კი ამ სიას “კავკასიის ბიზნეს სკოლის” გუნდს ამატებს.

 “კარგია ისიც, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში ვრცელდება და სხვებიც უყურებენ, – შეიძლება ბევრ საინტერესო წიგნზე მხოლოდ კითხვებიდანაც შეექმნას ვინმეს წარმოდგენა და დაინტერესდეს,” – ამბობს ირაკლი ხუხუნაიშვილი.

 “წიგნის კუთხე” გაზეთ “ბათუმელებთან” არსებული სტუდია “მედიალაბორატორიის” პროექტია. საორგანიზაციო გუნდის წევრის, დათო მამუჭაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. “ვფიქრობ, ინტერესის გაღვივება ნამდვილად მოვახერხეთ მათში”, – ამბობს ის.

 “წიგნის კუთხის” საორგანიზაციო ჯგუფი მოთამაშე გუნდებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. “გვაქვს ფეისბუქჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო ლიტერატურას, ვმსჯელობთ და განვიხილავთ ამ წიგნების იდეებს, მოსწავლეები გვიგზავნიან თავიანთ მოთხრობებსაც. გარდა ამისა, თამაშის ყველა მონაწილესთან ერთად ვგეგმავთ ლაივდისკუსიებს, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გვქონდა და მოსწავლეებს გამეორების სურვილი აქვთ”, – ამბობს დათო.
ლიტერატურული კონკურსი ორ თვეს გრძელდებოდა – პროექტში მონაწილე სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე მე-10 სკოლელებს გაზეთი “ბათუმელები” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერს გადასცემს, ხოლო გამარჯვებულებს – პლანშეტურ კომპიუტერებს.

 გამარჯვებულების დაჯილდოება დღეს, 7 ივნისს გაიმართება “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: