კვირის ამბები

პრობლემები ქართულ მედიაში

10.10.2015 • 2267
პრობლემები ქართულ მედიაში

 

დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში

 

ზვიად ქორიძე, მედიამკვლევარი, მომხსენებელი: თემა გააქტიურდა ზაფხულის მიწურულს და შეიძინა უკვე ნაცადი და აპრობირებული კონტექსტი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხშირად გვესმის. როცა ვითარდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და იზრდებოდა ტელევიზიების რიცხვი საქართველოში, სადმე თუ დაიხურებოდა გადაცემა ან გაუშვებდნენ ჟურნალისტს, პირველი ვექტორი – ეს იყო მთავრობა და ამ ვექტორსაც ჰქონდა თავისი გამართლება. მე ვეცდები ამ შეხვედრაზე ყველა არსებული მოტივი ჩამოვთვალო.

 

დიკსუსია ხელოვნების უნივერსიტეტში

მთავრობა პირველ რანგში გამოვყავი, თუმცა ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც ვესაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ბოლო დროს სატელევიზიო არხებიდან გაუშვეს და ვერც საჯარო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, პირდაპირ ასე, რომ მთავრობის მითითებით ან მთავრობის განკარგულებით მოხდა ეს და ტელევიზიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობისგან – არ ითქვა, თუმცა იყო მინიშნება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყო პოლიტიკური ფრთიდან რაღაც ფორმის ზეწოლა მედიამენეჯერებზე.

 

ამ კონფერენციის მსვლელობისას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა: „აბა, რა ეგონა ინგა გრიგოლიას? ტელეკომპანია “იმედი” გახდა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი და ეს როდემდე უნდა გაგძელებულიყო”. მთავრობა ცდილობს ისე “დაალაგოს” მედიასაშუალებებში სურათი, როგორც მას სჭირდება, თუმცა არ ფიგურირებს როგორც მთავარი ფაქტორი, მაგრამ ყველაფერი კეთდება ისე, როგორც მთავრობას სურს. კითხვა შემდეგშია: რატომ შეიძლება იყოს არხის სურვილი მთავრობის სურვილის იდენტური? მესაკუთრეები რა პრინციპით ხელმძღანელობენ?
2014 წლის ბოლოს “მაესტროდან” გაუშვეს 20-მდე ჟურნალისტი. ამ შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ არსებობდა პოლიტიკური ზეწოლა არხის მეპატრონის მიმართ, მაგრამ 2014 დეკემბრიდან დღემდე პერიოდს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არხის მესაკუთრე სერიოზულ პროცესებშია ჩართული და “მაესტროს” მეპატრონეს სურდა “საქართველოს რკინიგზის” 25 პროცენტის მოპოვება, რაც ჩაიშალა. შემდგომ მას ჰქონდა ინტერესი ფოთის პორტთთან დაკავშირებით, რაც ასევე წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. ბოლოს ჩვენ დავინახეთ ვითარება, რომ ჯერ უნდოდა რუსეთის ერთ-ერთ ბანკში ჩაედო ტელევიზია და ბოლოს დაიწყო გაკოტრების პროცესი. 2015 წლის 31 ივნისს მან ჩააბარა შესაბამისობის დეკლარაცია კომუნიკაციების კომისიას და ითხოვა დეკლარაციის კომერციულ საიდუმლოებად დატოვება, თუმცა კომიისისგან ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ამიტომ “მაესტროს” მეპატრონე უჩივის კომისიას.

 

მეორე პრობლემა არის ფული, რომელიც იდება მედიაში. ის ინტერესები, რომელიც აქვთ მესაკუთრეებს, ყოველთვის არ არის მედიის განვითარებაზე ორიენტირებული.
მესამე წახნაგი მედიის დღევანდელი მდგომარეობის თვალსაჩინოებისთვის ეს არის კერძო შემთხვევა, რომელიც იმსახურებს განზოგადებას: ეს არის მედია, რომელზეც არ აქვს პირდაპირი წვდომის ბერკეტი მთავრობას არც ფინანსური, არც პოლიტიკური მხრით, ეს არის ტელეკომპანია “რუსთავი 2” .

აქტიური ფრონტი, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბოლო 2-3 თვის მანძილზე განხორციელდა, მოვიდა უნისონში იმ პროცესებთან, რაც აღვნიშნეთ: იგივე მთავრობის სურვილებთან, იგივე “იმედის” და “მაესტროს” სინამდვილესთან, ოღონდ სხვა ფორმით. აქ ვერ გააკეთებენ პირდაპირ ინტერვენციას საინფორმაციო პოლიტიკაში, მაგრამ რაც ორი თვის მაძილზე ხდება, ეს არის ირიბი ზემოქმედება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე.


რაც შეეხება დავას, რომელიც წამოიწყო ერთ-ერთმა მესაკუთრემ [ქიბარ ხალვაშმა], ის გამოთქვამს პროტესტს მხოლოდ სამ პროგრამასთან დაკავშირებით. სამივე პროგრამა შესყიდულია უცხოური სატელევიზიო არხების მიერ, ასევე ედავება ლოგოს საავტორო უფლებას – ეს არის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რაც ადვოკატებმა დაიანგარიშეს, მოსამართლემ კი დააყადაღა 20 მილიონის ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ არადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია იყო მოსამართლის მხრიდან და ფაქტია, რომ ტელეკომპანიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო.

 

2013-2014 წლებში, როცა გაჩნდა პირველი ხიფათი, ჩვენ, ჟურნალისტებმა ვერ ჩავრთეთ პრევენციული სიგნალი. ეს უნდა ჩართულიყო, მაშინ, როდესაც ახალი ტიპის მესაკუთრეობითი პოლიტიკა ყალიბდებოდა არხებზე. მეორე იყო ის, რომ პრაქტიკულად ჟურნალისტები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას არხის მფლობელებს და კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ვერ ახერხებდნენ ურთიერთობის მოგვარებას, მერე იწყებდნენ საუბარს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და მესაკუთრე მარტივად აგვარებდა ამ პრობლემას: “ვუშვებ, მაგრამ კომპესაციას ვაძლევ” და ხურავდა გადაცემას. ჩვენ ეს შანსიც იმიტომ გავუშვით ხელიდან, რომ იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების განვითარებისთვის, მნიშვნელოვან თემებს შევხებოდით, მედიაში, ხშირ შემთხვევაში, კოჭს ვუგორებდით ისეთ თემებს, რომლებიც ვიღაცების მიერ იყო მოწოდებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: