კვირის ამბები

დაწყებითის 2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა

09.11.2015 • 2767
დაწყებითის  2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა

 

მანანა რატიანი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დაბალი შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე, მანანა რატიანი ამბობს: „დაწყებითი განათლების საფეხური თავისებურია, რაც გამოიხატება იმაში, რომ პედაგოგები საგნებს ინტეგრირებულად ასწავლიან. მაგალითად, ქართულს, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას ერთი პედაგოგი ასწავლის. საგამოცდო ტესტებშიც სხვადასხვა მიმართულებაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს მის სირთულეს. ამიტომ ერთ გამოცდაზე რამდენიმე საგანზე კონცენტრირება საკმაო სირთულეს წარმოადგენს“.

 

სირთულის მიუხედავად განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგნობრივ გამოცდებზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (60 პროცენტი) მისაღებია. „ბარიერის დაწევა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტმა ადამიანმა გადალახოს, არასწორია. ჩვენ იმით კი არ ვართ დაინტერესებული, რომ მასწავლებელმა ყველა შემთხვევაში გადალახოს ბარიერი, არამედ იმით – კარგად მოემზადონ და საგანში კომპეტენცია აიმაღლონ„.

 

ზაფხულში ჩატარებულ საგნობრივ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს დაწყებითი საფეხურის იმ პედაგოგებმაც, რომლებიც არ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან.

 

მანანა რატიანის თქმით, წელს საგნის ნაწილში შინაარსობრივი ცვლილება არ ყოფილა. „საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლებმა ნაკლებად მოინდომეს, ნაკლებად მოემზადნენ გამოცდისთვის. სქემის მიხედვით, საგნის გამოცდა არის სავალდებულო. იმედი გვაქვს, მასწავლებლები უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან მომზადების საკითხს, რადგან ეს არ არის მხოლოდ გამოცდისთვის მზადება, აქ საუბარია იმაზე, რომ მასწავლებელი, რომელიც კონკრეტულ საგანს ასწავლის, მას კარგად უნდა ფლობდეს“, – ამბობს მანანა რატიანი.

 

დაწყებით განათლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლები, რადგან საბაზისო საფეხურია. ექსპერტების თქმით, პედაგოგებმა ნდობა უნდა გაამართლონ.

 

„მოსწავლე სწორედ დაწყებითის საფეხურზე უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მსწავლელად და ეს მასწავლებელმა უნდა ასწავლოს. ეს საფეხური მნიშვნელოვანია ასაკობრივადაც, რადგან ამან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს სოციალურ ინტეგრაციაში და მთლიანობაში აუღოს ალღო სწავლა-სწავლების პროცესს. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ასაკობრივი ფსიქოლოგია და სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მრავალმხრივად უნდა მიუდგეს სწავლების პროცესს“.

 

მანანა რატიანის თქმით, საგამოცდო ტესტებში თეორიული ნაწილის მხოლოდ 30 პროცენტი მოდის მეთოდოლოგიაზე და ჩაბარების შემთხვევაში, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ სტრატეგიების სწავლებაზეც იზრუნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ასაკობრივი თავისებურებების მართვის დროს. „პედაგოგებისთვის დაგეგმილი გვაქვს ხუთკრედიტიანი უფასო ტრენინგ-კურსები, რომელიც სავალდებულოა მათთვის. ეს კურსი მათ ამ უნარების განვითარებაში დაეხმარება“.

 

როგორც მანანა რატიანი ამბობს, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრმა მოამზადდა სპეციალური პროგრამა, რომელიც პედაგოგებს იმ ცოდნის მიღებაში დაეხმარება, რისი საჭიროებაც გამოცდებმა აჩვენა. „სპეციალური ტრენინგ-კურსი მოიცავს 25-30 საათამდე თითოეულ საგანში და იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზამთრის გამოცდებისთვის არიან დარეგისტრირებული, შესაძლებლობა ექნებათ ეს კურსი უფასოდ გაიარონ“.

 

ზამთრის გამოცდებზე ათი ათასამდე პედაგოგია რეგისტრირებული. ტრენინგ-კურსების გავლის ვალდებულება, როგორც ექსპერტი ამბობს, მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ, დანარჩენი პედაგოგებისთვის კი ტრენინგები ნებაყოფლობითია. დაწყებითი საფეხურის განათლების ექსპერტის ნინო ლაბარტყავას თქმით, ტრენინგები პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია.

 

 

ნინო ლაბარტყავა ტრენინგის დროს

„ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას ვუკავშირდებით ხოლმე მათ და საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ გრაფიკს“, –  გვეუბნება ის. მისი თქმით, 2013 წელს ცხრა ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა საგნობრივი ტრენინგი. 2014-2015 წლებში კი ხუთი ათასი დამრიგებელი გადამზადდა წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაში სადამრიგებლო საათზე. 2015 წელს 400 პედაგოგი დაწყებით კლასებში, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაშია გადამზადებული.

 

„ტრენინგები ეხებოდა საკლასო გარემოში მოქმედი ფაქტორების, სტიგმისა და დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს, კონფლიქტების მოგვარებას და ა.შ რომელიც მიმდინარეობდა სწავლა-სწავლების ტრენინგების კომპლექტში. მისი მიზანია მცირეკონტინგენტიან სკოლებში შერეული კლასების პედაგოგებმა სწორად შეძლონ გაკვეთილების დაგეგმვა. ამ ტიპის ტრენინგებზე მოთხოვნა მაღალია. ასევე იგეგმება კითხვისა და წერის სტრატეგიების, ესეის დაწერის, თანამედროვე მათემატიკის, ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკის ტრენინგები“, – ამბობს ნინო ლაბარტყავა.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული ტრენინგების ფონზე რატომ ვერ ახერხებენ პედაგოგები ბარიერის დაძლევას, ნინო ლაბარტყავა პასუხობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პედაგოგმა საგნობრივ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს. ექსპერტის თქმით, საგნობრივ გამოცდებზე წარმატების მისაღწევად, გარდა ტრენინგებისა, აუცილებელია პროფესიული ლიტერატურის მუდმივი კითხვა და დამუშავება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: