Batumelebi | ვარსკვლავები ნახევრად ცარიელ დარბაზში ვარსკვლავები ნახევრად ცარიელ დარბაზში – Batumelebi
RU | GE  

ვარსკვლავები ნახევრად ცარიელ დარბაზში

 

„მე სპეციალურად ამოვარჩიე სკოლა, ამ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგები არიან არა?! მითხრეს, ბავშვები არდადაგებზე არიანო, მაგრამ სად არიან პედაგოგები, რომლებმაც უნდა ასწავლონ ამ ბავშვებს, რატომ არ მოდიან ამისთანა უნიკალურ კონცერტებზე? ძალიან მეწყინა და მომავალში აქ ალბათ აღარ ჩავატარებ“, –  ასე გამოხატა მსოფლიოში ცნობილმა შემსრულებელმა ლიანა ისაკაძემ  უკმაყოფილება კონსერვატორიის ნახევრადცარიელი დარბაზის გამო ბათუმში, სადაც ყოველწლიური ფესტივალის  „ღამის სერენადების“  ფარგლებში გაიმართა კონცერტი.    

 

 

„ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა, ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ყოველწლიურად იმართება. წელს ფესტივალი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში ჩატარდა. ჩამოსული იყვნენ ცნობილი დირიჟორები – ცეზარ ალვარესი, მაქსიმ ტორტელიე და სხვა მუსიკოსები, თუმცა მთლიანობაში ყველა კონცერტი ანშლაგით არ გამართულა. მსმენელის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება არც ლიანა ისაკაძეს დაუმალავს.

 

ბათუმის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ლამზირა ბოლქვაძის განცხადებით,  „ღამის სერენადები“  თანაორგანიზებით ტარდება და სტუმრების მოწვევაზეც ფესტივალის დამფუძნებელი იყო პასუხისმგებელი.

 

„ეს არის კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელსაც სპეციფიკური მსმენელი ჰყავს და ეს მსმენელი ფესტივალის ავტორებს უნდა მოეწვიათ. მოსაწვევების ნაწილი მოიტანეს მერიაშიც, რომელიც დავარიგეთ კულტურის სამინისტროს აიპებ-ში და დავურეკეთ ყველას, რომ დასწრებოდნენ კონცერტებს“, – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე. იგი მიიჩნევს, რომ აგვისტო ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალის გამართვისთვის მომგებიანი არ არის:

 

„ზაფხულია, ალბათ შვებულებაში იყვნენ პედაგოგები, ბავშვებიც გადიან ხოლმე ქალაქიდან, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ფესტივალის სხვა თვეში გადატანაზე ვიფიქროთ. თუმცა ეს საკითხი ლიანა ისაკაძემ უნდა გადაწყვიტოს.“

 

მცირერიცხოვანი იყო მსმენელი ნიკოლოზ რაჭველის კონცერტზეც _ „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“, რომელიც  „ბათუმობის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტებზე დასასწრებად ამ შემთხვევაშიც მოსაწვევები დარიგდა.

კლასიკური და ალტერნატიული მუსიკის კონცერტები  „ბათუმობის“ ფარგლებში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორი „ ბათუმის კულტურის ცენტრი“ იყო. 

 

„მსოფლიო კინომუსიკის შედევრებზე“ მოსაწვევები დარიგდა, ბილეთი არ გაყიდულა. არ იყო ცოტა ხალხი, პარტერი თითქმის სავსე იყო“, _ ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი. მისი თქმით,  „ბათუმობის“ ფარგლებში გამართული კონცერტების პიარისთვის ბიუჯეტში თანხა არ იყო გათვალისწინებული: „იგივე `რუსთავის 2“-ის კონცერტზე ხალხი იმიტომ მოვიდა, რომ მთელი კამპანია ააგორეს. ინტრიგნული რეკლამა გააკეთეს და კარგად გამოუვიდათ.“

 

ფონდ  „იავნანას“ არტდირექტორი, სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, რომელიც სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პრომოუშენსაც უზრუნველყოფს, მიიჩნევს, რომ კლასიკური მუსიკის საღამოებზე მსმენელის ნაკლებობა ამ ჟანრის ნაკლები პოპულარობისა და არასწორად დაგეგმილი სტრატეგიის შედეგია.

 

„ასეთი კონცერტების დაგეგმვის დროს მაყურებელს ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორც სცენაზე მყოფ არტისტებს. რატომ იყო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზე ანშლაგი? ანიტა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მეცო-სოპრანოა, მაგრამ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მისი და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით შეიქმნა ორიგინალური პროგრამა, კლასიკური ნაწარმოებების ახლებური საორკესტრო ვერსიები მოამზადა ნიკოლოზმა, ყველა გემოვნების მაყურებლისთვის რომ ყოფილიყო საინტერესო. ამით ისევ კლასიკა შეიძენდა მეტ მსმენელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორი რეკლამა და ინფორმაციის ეფექტური გავრცელება. კულტურის მარკეტინგში კრეატიული ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული –  კულტურის მარკეტინგი ტექსტუალური თუ მუსიკალური იდეების დისტრიბუციაა“,  – ამბობს თეონა ჯორბენაძე.

 

სპეციალისტის აზრით, ქვეყანაში კულტურის მარკეტინგი სწორად არ არის შეფასებული: „მთავარი პრობლემა დარგის სპეციალისტების დეფიციტია. საქართველოში არავინ იკვლევს, არსებობს თუ არა მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, ვთქვათ, კლასიკურ მუსიკაზე, რომელიმე კონკრეტულ შემსრულებელზე. თუ ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, კონცერტის დაგეგმვამდე ის უნდა შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბილეთების რეალიზაცია იქნება პრობლემა. უფრო მეტიც, ხშირად მსმენია, რომ მოსაწვევებითაც უჭირთ მაყურებლის მოზიდვა“.

 

თეონა ჯორბენაძეც იზიარებს შეხედულებას, რომ საქართველოში კლასიკურ მუსიკაზე არ არის ისეთივე მოთხოვნა, როგორიც, ვთქვათ, ევროპაშია. ამიტომ აუცილებელია შეიქმნას სტრატეგია, რომელიც იმუშავებს ამ მოთხოვნის განვითარებაზე. თეონა კონცერტზე მხოლოდ მოსაწვევებით დასწრების წინააღმდეგია:

 

„უნდა აღიკვეთოს მოსაწვევების სისტემა, რადგან მოწვეული მაყურებელი ხშირად ტაშსაც კი არ უკრავს გულიანად. ის ადამიანი კი, რომელმაც მოძებნა ინფორმაცია, წავიდა, იყიდა ბილეთი და იცის, რომ ფული თავის სიამოვნებაში გადაიხადა, კონცერზე აუცილებლად მოვა და ოვაციასაც არ დაიშურებს. კონცერტებს, რომლებსაც აქვს სწორი პრომოუშენი, სწორ დროს და კარგად შერჩეულ ადგილას ტარდება – არ ემუქრება ჩავარდნა“. 

 

პროდიუსერის აზრით, კლასიკური მუსიკის ფესტივალებს საბიუჯეტო მხარდაჭერა სჭირდება:  „მაგრამ აუცილებელია მუშაობა, კლასიკური მუსიკა მოთხოვნადი რომ გახდეს. კლასიკური მუსიკა ადამიანის აზრის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს, ამიტომ აუცილებელია ახალი თაობა მას უსმენდეს. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ“. 

 

მაყურებელი ბათუმში არამხოლოდ კლასიკური მუსიკის ცნობილ შემსრულებლებს, არამედ თანამედროვე მუსიკასაც აკლია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქუჩაში გამართული კონცერტი უფასოა. 

 

ჯგუფ The Nemo-ს სოლისტი პაატა ძიძიგური უფასო კონცერტებზე მსმენელის ნაკლებობის მიზეზად არასწორ მარკეტინგს ასახელებს.  „როცა მაყურებელს კარგად აწვდი ინფორმაციას, შემდეგ თვითონ ითხოვს ამა თუ იმ პროდუქტს, ამიტომ პრიორიტეტები კარგად უნდა გაიწეროს. ერის იდენტობა კულტურაზე გადის, ამიტომ მსმენელის კულტურული გემოვნების განვითარება მნიშვნელოვანია“, _ ამბობს ის. პაატას აზრითაც, კულტურას საბიუჯეტო მხარდაჭერა სჭირდება,  „თუმცა არა ისე, რომ ბიუჯეტზე ჩამოკიდებული მუქთახორები გაზარდო, არამედ იმდენი, რომ შემოქმედების სურვილი გააღვივო“.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე