Batumelebi | ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი – Batumelebi
RU | GE  

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

დღევანდელი ჩემი მოსაზრება ეხება ქართული პოლიტიკის უკიდურეს არათანმიმდევრულობას.  ჩვენი პოლიტიკის მთავარ პრობლემად რჩება მიზანთა არათანმიმდევრულობა და არამემკვიდრეობითობა. ჩვენი წინა თაობის ამოცანა იყო დამოუკიდებლობას მოპოვება და მათ ეს მოახერხეს, დღევანდელი დღის  ამოცანა კი მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის დაცვაა. 

 

ფეოდალიზმი და თანამედროვეობა

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

 

დროში აცდენილი ეს ორი განსხვავებული მოცემულობა  თავისი არსით ურთიერთსაწინააღმდეგო  ლოგიკაა. მეტი სიცხადისთვის, ფეოდალიზმი არის განმანათლებლობის ეპოქამდელი პოლიტიკური სისტემა და მის დღევანდელ მოდელს შეიძლება  ავტორიტარიზმი ვუწუდოთ. ავტორიტარიზმი თავისი ბუნებით ერთმმართველობას და რესურსებზე სრულ წვდომას ნიშნავს. ეს არის მმართველობა, სადაც დომინანტ აზრს სხვადასხვა მანქანებით (ხშირ შემთხვევაში ძალადობრივად) საზოგადოებას ახვევენ თავს და ამ პროცესში ზარალდება ყველა და, პირველ რიგში, ზარალდება აწმყო.

 

აწმყო, როგორც დროის მონაკვეთი, არის ყველაზე რეალური და ხელჩასაჭიდი, რომელიც ცხადდება თანამედროვეობაში, თანამედროვეობა თავისი არსით ქმნის თამაშის წესებს  აწმყოსთვის და ფორმირდება სახე,  რომლითაც წარსდგები საერთაშორისო კონკურენტულ ბაზარზე. აქ ერთის მხრივ ხელში გვაქვს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი ავტორიტარული უნარები და მეორეს მხრივ საბაზრო წესები, რომელიც ითხოვს შემოქმედებითობას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხულია თავისუფლების გარეშე. 

 

ფეოდალიზმი და მემკვიდრეობითობა

 

ფეოდალური მემკვიდრეობა ქართულ პოლიტიკაში  სახეცვლილად არის ფესვგადგმული, იგი სხვათა დამცრობა-დაკნინების ხარჯზე საზრდოობს და  ხასიათდება დაუსრულებელი მერკანტილიზმით (შეძლებული ოჯახი, გავლენიანი წრე და ა.შ). იგი ანადგურებს შესაძლო სიახლეს და ყველაფერს ახლებურს. აშინებს ახალი ადამიანები და ამიტომაცაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, „ცვალებად იგივეობას“ გვთავაზობს. იგი არ მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის (პოზიტიური კუთხით) და საზრდოობს წარსულით, რომელიც უკვე გავლილია და რომელსაც გონიერი, საკუთარ ბედზე დაფიქრებული საზოგადოებები მხოლოდ მაგალითებისთვის იყებენებ. მხოლოდ წარსულით ცხოვრება არაპრაგმატული, მეტიც – სახიფათოა. იგი შთანთქავს აწმყოს და რეალურ შესაძლებლობებს გართმევს, იყო ანგარიშგასაწევი. ჩანდე ადექვატური  აწმყოში  გარდაუვალი პირობაა წარმატებისთვის.

 

 

პრობლემების სათავე, ანუ „კოკასა შიგა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

 

ქვეყანაში წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემების „გადაჭრას“ ცდილობს იგივე ხალხი, ვინც ეს პრობლემები შექმნა საკითხებისადმი თავისი დამოკიდებულებით, საკუთარი უნარებითა და ცოდნით. მათ არ შესწევთ ძალა სიტუაცია შეაფასონ აწმყოში, პრობლემათა გადაჭრის გზები მათთვის არის გასული საუკუნის ხედვით ნაკარნახევი. ეს ზოგჯერ გაცნობიერებულად ხდება და ხანაც „მამათა“ (როგორც თაობის) კარნახით. დღეს ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მცირედი რესურსია ამ რაოდენობის პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს არის რეალობა, სადაო და არასახარბიელო რეალობა, მაგრამ მაინც რეალობა.

 

პოლიტიკური მემკვიდრეობითობა

 

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ არ არსებობს პოლიტიკურ იდეათა და რწმენათა მემკვიდრეობითობა. თაობები (პოლიტიკური ჯგუფები) ერთამენთს არ გადასცემენ გასაკეთებელ საქმეთა ნუსხას. ისინი სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას უმართავენ ერთამენთს კონკურენციის პროცესში და შემდეგ წინარე გუნდების განადგურებით არიან დაკავებული წლების განმავლობაში, ამას  აკეთებენ ისე, რომ კანონის უზენაესობის შირმით ინიღბება რეპრესიები. თუმცა, ამ დროს გამონაკლისებიც დასაშვებად მიაჩნიათ (თუ ფინანასური ინტერესია განსაკუთრებით მაშინ).

 

რადიკალური ბრძოლა ახასიათებს ზუსტადაც რომ ავტორიტარიზმს და ამიტომაც ვამბობ, რომ თუ რამე დაილექა ჩვენს აზროვნებაში, ეს არის ფეოდალურ-ავტორიტარული ქცევა, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, არამარტო ხელისუფლება, არამედ მდგომარეობა, სტატუსი, ათწლეულობით ნაგროვები ქონება, ოჯახისა და პერსონალური პრესტიჟი. მოკლედ, საბრძოლველი ბევრი აქვთ და გასაკეთებელ საკითხთა ნუსხა არავის  ზრუნვის საგანს არ წარმოადგენს, ყველა საკუთარი გალავნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული. ამ ქაოსში ვის ახსოვს სახელმწიფო ინტერესი?! ეს კითხვა აშკარად რიტორიკულია.

 

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

მოცემულობა გვაქვს უმძიმესი, გეოპოლიტიკით, უგუნურობით, სიხარბით, გამოუცდელობით თუ სხვა რამით განპირობებული, ხელში პრობლემების მეტი არაფერი შეგვრჩა. პრობლემა იგივე იქნება მანამ, სანამ პოლიტიკური სპექტრი იქნება იგივე. სანამ არ ჩამოყალიბდება საზოგადოება, რომ თანამედროვეობაში საჭიროა თანამედროვე ხედვები. არააკადემიურობა და არასოლიდურობა პოლიტიკაში  ქმნის მუდმივ ქაოსს, ეს არ არის კოსმიური ქაოსი, რომელმაც ერთი დღე შეიძლება მოიტანოს წესრიგი, ეს ძალიან კონკრეტული ქაოსია, რომელიც ერთი დღეს ამ ქვეყანაში წაშლის ყველას და ყველაფერს და მერე გალავანიც დაუცველი დარჩება და მისი მაშენებელიც.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი