Batumelebi | „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე“ – შელოცვების მაგიური პოეზია „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე“ – შელოცვების მაგიური პოეზია – Batumelebi
RU | GE  

„ღმერთო, წვიმა გვიწყალობე“ – შელოცვების მაგიური პოეზია

 

შელოცვები ძირითადად ხალხშია გავრცელებული და ხალხური კულტურის ფონდის კუთვნილებაა. შელოცვის წარმოშობას საფუძვლად უდევს მაგიური ძალის რწმენა და მისი შესრულება, როგორც წესი, მოითხოვს რიტუალს. აჭარის ფოლკლორი შელოცვებით მდიდარია. მთიან აჭარაში განსაკუთრებით სწამდათ შელოცვის ძალის, ისე სწამდათ, რომ სასურველი ამინდის დასადგომად ხანგრძლივ რიტუალს ატარებდნენ.  სჯეროდათ, რომ შელოცვების საშუალებით ამინდის მართვა შეეძლოთ. 

აჭარაში, მაგალითად, გვალვის დროს, მთაზე ადიოდნენ და ლოცვას იწყებდნენ წვიმისათვის. ამ შელოცვას „ოთხმოცი ათასი ქვის კენჭის შელოცვა” ეწოდებოდა. რიტუალში შერწყმული იყო როგორც მუსლიმური,  ისე წარმართული ელემენტები.

„ხალხი ყველაზე მაღალ სერზე ადის და იქ ლოცულობს, რაც სამ დღეს გრძელდება. სამი დღის შემდეგ ჩამოდიან ჯამესთან, კლავენ შესაწირავს (ხარი, ძროხა, ყოჩი) და მახლობელ მდინარეში ჩადგმულ გოდორში მოლების მიერ შელოცვილ კენჭებს ყრიან. კენჭებს მოლები თურქულად ულოცავენ: „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე, შეწუხებული ვართ, შენი წყალობა მოგვანიჭე! ყველასი, დიდისა თუ პატარასი, მწყალობელი შენ ხარ”, -ეს რიტუალი თედო სახოკიამ აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს, ზემო აჭარაში მოგზაურობის დროს.

აჭარის ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებულია „შელოცვა ამინდზე“, რომლის თანახმადაც, სასურველი ამინდის გამოსათხოვად მთას კვერცხს სწირავდნენ:

„ალათასა, მალათასა, თითო კვერცხი თითო თასა, აღარ გვინდა მზისა თვალი, ღმერთო მოგვე წვიმა წყალი“.

„კვერცხი როგორც სიცოცხლის დაბადების ხილული მისტერია, უძველესი სახე-სიმბოლოა მსოფლიოს ყველა არქაული ხალხის რწმენა-წარმოდგენებში. კვერცხი, როგორც უკვდავებისა და ნაყოფიერების თვალსაჩინო განსახიერება, გაზაფხული-შემოდგომის ბუნიობის არქაულ დღესასწაულთა ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო, რითაც მზეს უფრო მეტი ცხოველმყოფელობა უნდა შესძენოდა. მისი შეჭმა კი ტაბუს დარღვევად აღიქმებოდა,“ -განმარტავს ფოლკლორის სპეციალისტი, პროფესორი თინა შიოშვილი.

აჭარის კლიმატიდან გამომდინარე, გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვებოდა ხოლმე. შელოცვა წვიმისგან თავდასაღწევადაც ჰქონდათ. ერთ-ერთი შელოცვის ტექსტი ასეთია: „მზევ, ჩამოდი ვაკესაო, ცხვარს დიგიკლავ მაკესაო, შიგიწვავ, შიგიმარილავ,  შამოგიდევ თავქვეშაო. თუ მოხვალ შენ შეჭამო, თუ არადა მე შევჭამო“.

შელოცვები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს – სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებად.

სამკურნალო შელოცვებში ერთიანდება შელოცვები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. მაგალითად, არსებობს თვალის, შეშინებულის, გულის ტკივილის, შაკიკის, ჭვალის, სურდოს, კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, დამწვრის, ნაღრძობის, წელის, კისრის, კბილის, ყელის, მუცლის ტკივილის, ავი თვალის მოსაგერიებელი შელოცვები. შელოცვებში დაავადებას ემუქრებიან ქვაბში ჩაჭრით და დამდუღვრით, შემდეგ კი ქარისა და ნიავისთვის გატანებით.

„ძველად სოფლებში ექიმი, მკურნალი თითქმის არ იყო. ის ადამიანები, რომლებმაც შელოცვა იცოდნენ, სახალხო ექიმებიც იყვნენ. მათ შეეძლოთ და ჰქონდათ იმის უნარი, რომ წამლები დაემზადებინათ. ბუნებრივია, ნდობის ფაქტორიც ძალიან დიდი იყო  ხალხში.  თუნდაც ის იდუმალება, რასაც ხვდება ან ავადმყოფი, ან მისი პატრონი იმ მომენტში, რა თქმა უნდა, განაპირობებს ნდობას. შელოცვა გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას, გარკვეული ოდენობით სრულდებოდა, თანაც ჩურჩულით. გარდა სიტყვებისა, პრაქტიკული დავალებებიც არის, მაგალითად, უნდა შეიხვიო, თბილად იყო, ნაღრძობია, დამწვარია მალამოს აძლევს, თან უსვამ, თან ულოცავ. ყველაფერი ერთად. კომპლექსურად. ავადმყოფობას უკან ახევინებს.

თურქულის დაავადება რომ იყო, რომელიც საქონელსაც უჩნდებოდა და ადამიანსაც ან ჯილეხი და ა.შ. ასეთი დაავადებებისთვის, შელოცვის ბოლოში იყო რეკომენდაციები. ხალხური წამალი, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ავადმყოფი დაავადებას. გოგირდსა და ღორის ქონს აურევდნენ ერთმანეთში და ადებდნენ წყლულზე. მეორე-მესამე დღეს რჩებოდა. ეს იყო გარკვეული ხალხური მკურნალობის მეთოდი, რომელიც კომპლექსურად, სიტყვიერ ფორმულასთან ერთად ავადმყოფისთვის იყო გამზადებული. ბუნებრივია, ხალხს იმიტომ სჯეროდა ამის, რომ შედეგებს ხედავდა,“ – ამბობს თინა შიოშვილი.

რაც შეეხება სამეურნეო შელოცვებს, აქ შედის ამინდის მართვის – ახალი მთვარის, გვალვის, ნისლის, ქარის, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მკის, სამონადირეო და ცეცხლის შელოცვები.

შელოცვა,  როგორც წესი, შემდეგი თანმიმდევრობითაა აგებული: შესავალი ნაწილი, შელოცვის ობიექტის – დაავადების დასახელება, მოქმედების ადგილი, ძირითადი ეპიკური ნაწილი, სადაც დგინდება დაავადების წამალი და დასასრული, რომელსაც ერთვის ავადმყოფობის დაძლევის რწმენა.

შელოცვის დასაწყისის ყველაზე გავრცელებული ფორმულაა „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ყოველი საქმის დაწყების წინ წარმოთქვამდნენ. თუმცა ნადირის პირის შესაკრავად შელოცვებს წინ უძღვის ფსევდოქრისტიანული დასაწყისი, მაგალითად, ასეთი: – „ეკენია, ბეკენია, ბეკენს ხატი სვენებია“. ხშირად გვხვდება აბრაკადაბრას ტიპის, გაუგებარ სიტყვათა სინტაგმებისგან შედგენილი დასაწყისები: „ალისასა მალისასა“ „ატიტი მატიტი“, „ადილასა მადილასა“, „ალე მალე სალანდონე“.

შელოცვის საშუალებით ადამიანი ცდილობს გავლენა მოახდინოს არსებათა ნებაზე, იძულებით დაიყოლიოს თავის სასიკეთოდ.

როგორც ბოროტი ძალების დათრგუნვისა და ავადმყოფობის განკურნების უტყუარობის სიმბოლო, სხვადასხვა სახის სამკურნალო შელოცვაში ხშირად მოიხსენიება სულეიმანის ბეჭედი. შელოცვას დაამთავრებენ და სულეიმანის ბეჭედიაო, იტყვიან.

„არქაული რწმენა-წარმოდგენების თანახმად, ბეჭედი ხშირად უკავშირდებოდა მაგიურ ძალებს. ბიბლიური სოლომონის ბეჭედი და მასთან დაკავშირებული სასწაულები კარგად იყო ცნობილი მსოფლიოს ყველა ხალხის ზეპირსიტყვიერებაში. მუსლიმანური რელიგიის აღმსარებელთა ზეპირსიტყვიერების თანახმად, სულთან სულეიმანი, იგივე სოლომონ ბრძენი, ოკულტური სიბრძნის მფლობელიც იყო. ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომელიც სულეიმანის ბეჭდის („ხათიმ სულაიმან“) სიმბოლოა, იგი ბეჭდავდა ბრძანებებს ჯინებისა და შაითნებისთვის. „სულეიმანის ბეჭედი“ ისლამურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული მაგიური ნისანი და თილისმაა. მას ხშირად გამოსახავდნენ საყოფიერო და საკულტო ნაგებობებზე, ჭურჭელზე, მონეტებზე და სხვა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანების რწმენით, სულეიმანის ბეჭედი ხუთქიმიანი ვარსკვლავია და ხუთი კონტინენტის მპყრობელს ნიშნავს,“ – განმარტავს თინა შიოშვილი.

თინა შიოშვილი

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შელოცვები მრავლადაა. უხუცესები მას დღემდე იყენებენ ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი