კვირის ამბები

ვის შეუძლია გახდეს კვერცხუჯრედის დონორი

29.06.2015 • 25879
ვის შეუძლია გახდეს კვერცხუჯრედის დონორი

 

ნანა კვერნაძე, რეპროდუქტოლოგი
ნანა კვერნაძე, რეპროდუქტოლოგი

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრის – Neo-Est-ის ექიმი-რეპროდუქტოლოგი ნანა კვერნაძე ამბობს, რომ კვერცხუჯრედის დონაცია გამოიყენება უშვილო წყვილებისთვის, კერძოდ იმ ქალებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ან დაქვეითებული აქვთ საკვერცხეების რეზერვი. მისივე თქმით, თუ ჩვეულებრივი, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი 40-45%-ია, ამ მეთოდით შვილის გაჩენის ალბათობის მაჩვენებელი 50-60%-მდეა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი წყვილი მიმართავს კვერცხუჯრედის დონორის სერვისს ყოველწლიურად – არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში ასეთი საჭიროება, უშვილო წყვილთა 10%-ს აქვს.

 

„უშვილო წყვილებში ეს მეთოდი საკმაოდ აქტუალურია. ესენი უფრო გვიან რეპროდუქციული ასაკის, ანუ 40 წელს გადაცილებული ქალები არიან. სწორედ 40-45 წლის ქალბატონებში, ძირითად შემთხვევებში საკითხი დგება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების შესახებ“, – ამბობს კლინიკა ინვიტროს ექიმი-რეპროდუქტოლოგი ანი მორჩილაძე. კვერცხუჯრედის დონაცია განუყოფელია ექსტრაკორპორაციული (ხელოვნური) განაყოფიერებისგან, როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება შეიცვალოს დონორის კვერცხუჯრედით.

 

ვის შეუძლია გახდეს დონორი? – ნანა კვერნაძის თქმით, დონაციისთვის სასურველია ქალი იყოს 30 წლამდე ასაკის, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი. „30 წლამდე იმიტომ, რომ წლების მატებასთან ერთად ქვეითდება კვერცხუჯრედების ხარისხი და რაოდენობა ქალის ორგანიზმში. ჯანმრთელი შვილის ყოლა იმიტომ არის სასურველი (თუმცა შვილი არ არის სავალდებულო კრიტერიუმი), რომ არ იყოს გამოვლენილი რაიმე გენეტიკური ხარვეზი. ამ კონკრეტულ ნიუანსს კანონი არ არეგულირებს, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ დონორს, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი“, – ამბობს ის.

 

რა შემოწმებას გადის კვერცხუჯრედის დონორი? – ექიმ-რეპროდუქტოლოგის თქმით, დონორს უტარდება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ჰორმონალური გამოკვლევები, ასევე აუცილებლად მოწმდება ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებაზე. უტარდება ექოსკოპია. `შემოწმებები შესაძლოა ერთ კვირაშიც მოესწროს, ან დროში გაიწელოს, რადგან ზოგიერთი ანალიზი აუცილებლად ციკლის პირველ დღეებში უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ნანა კვერნაძე.

 

როგორია უშუალოდ პროცესი? – „დასაწყისში ხდება საკვერცხეების ჰორმონალური სტიმულაცია მედიკამენტებით, რაც შესაძლოა 10-14 დღე გაგრძელდეს“, – ამბობს ნანა კვერნაძე. უშუალოდ პროცედურა ნარკოზის ქვეშ კეთდება და უმტკივნეულოა, ხანგრძლივობა 15-დან 30 წუთამდეა.

 

ანი მორჩილაძის თქმით, რეპროდუქტოლოგი პუნქციით/ნემსით აწარმოებს ფოლიკულის საკვერცხიდან ასპირაციას (ამოღებას), რის შემდეგაც ფოლიკულარულ სითხეში მიკროსკოპით ნახულობენ კვერცხუჯრედებს.

 

ნანა კვერნაძის თქმით, ამოღებული კვერცხუჯრედების იმავე დღეს უნდა განაყოფიერდეს, 2-3 დღის შემდეგ კი შერჩეულ ემბრიონებს მომავალი დედის საშვილოსნოს ღრუში გადაიტანენ. პროცედურის შემდეგ შესაძლოა დონორს საკვერცხეების არეში ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდეს.

 

ნანა კვერნაძის თქმით, რისკი იმისა, რომ ამ პროცესის დროს ქალის ორგანიზმში შესაძლოა რამე დაზიანდეს, რაც მომავალში დონორის შვილის ყოლის უნარზე აისახება –  თითქმის არ არსებობს. „ეს უფრო თეორიული რისკია, ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში ასეთი არაფერი მომხდარა“, – ამბობს ის.

 

რამდენჯერ შეიძლება გახდეს ქალი დონორი? – მიიჩნევა, რომ შვიდჯერაც რომ გაკეთდეს სტიმულაცია, რამდენიმეთვიანი ინტერვალებით, ეს არ ვნებს ქალის ჯანმრთელობას, თუმცა ანი მორჩილაძის განმარტებით, სასურველია გათვალისწინებული იყოს მომავალში შემთხვევითი ინცესტის რისკი: „სწორედ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, სასურველია დონორი სამზე მეტჯერ აღარ იყოს გამოყენებული, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ინცესტის თავიდან აცილების მიზნით, არ შეიძლება, რომ ერთი და იმავე ადამიანის გენეტიკური მასალა ბევრ სხვადასხვა ოჯახში გადანაწილდეს“, – ამბობს ის.

 

საქართველოს კანონმდებლობა დღეს ერთი და იმავე დონორის სამზე მეტჯერ გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა ანი მორჩილაძის თქმით, სახელმწიფო ამ რეგულაციებზე უკვე მუშაობს და სულ მალე ასეთი დეტალები უფრო დაწვრილებით გაიწერება კანონში.

 

რამდენია დონორის კომპენსაცია? – რეპროდუქტოლოგების თქმით, კვერცხუჯრედის დონაციის ფინანსური და სამართლებრივი ნაწილი კლინიკებს არ ეხება, დონორსა და წყვილს დონაცია/სუროგაციის სააგენტოები აკავშირებენ ერთმანეთთან, რის შემდეგაც მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ფორმდება, შესაბამისად წყვილისთვის ცნობილია, თუ ვინ არის მათი დონორი. საქართველოში კვერცხუჯრედის დონორების რეგისტრაციას რამდენიმე სააგენტო ახორციელებს. მათი ცნობით, დონორის კომპენსაცია 2000-დან 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

მხოლოდ სამედიცინო პროცედურა – კვერცხუჯრედების ასპირაციის მიზნით, დონორის პუნქცია, კვერცხუჯრედების განაყოფიერება პარტნიორის სპერმატოზოიდებით და მიღებული ემბრიონის დედის საშვილოსნო ღრუში გადატანა, წყვილისთვის 3400-4000 ლარი ღირს. ამაში არ შედის არც სააგენტოსა და არც დონორის კომპენსაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: