კვირის ამბები

სკოლა ელექტრონული ჟურნალისა და ტექნიკის გარეშე

06.04.2015 • 3294
სკოლა ელექტრონული ჟურნალისა და ტექნიკის გარეშე

 

 

 

მადონა თევზაძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი და ამავე დროს კლასის ხელმძღვანელია. მისი სტატუსი და დებულება ითვალისწინებს, რომ დამრიგებელს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს მოსწავლეების მშებლებთან. თვეში მინიმუმ ერთხელ მიაწოდოს მშობელს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც სასკოლო პროცესთან არის დაკავშირებული. ამ ურთიერთობის გამარტივების ერთ-ერთი საშუალება სწორედ ელექტრონული ჟურნალი იყო, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში აღრიცხულ ინფორმაციაზე წვდომა მშობლებსაც ექნებოდათ და განათლების სამინისტროსაც.

 

მადონა თევზაძის აზრით, ელექტრონული ჟურნალი გააუმჯობესებს მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის ფორმებს, თუმცა ეს დამრიგებლის შრომასაც გააორმაგებს. „კლასის დამრიგებლობისთვის 48 ლარი მაქვს ხელზე ხელფასი და 30 მოსწავლე მყავს ჩაბარებული. ელექტრონული ჟურნალის წარმოება რომ მოხდეს, პედაგოგებსაც და კლასის ხელმძღვანელებსაც პირადი ნოუთბუქები უნდა გვქონდეს, რომ ინფორმაციის შეტანა უზრუნველვყოთ. ეს საკმაოდ დიდი შრომაა, ანაზღაურება კი, ძალიან დაბალია“.

 

მადონა თევზაძის აზრით, სკოლაში არსებული კომპიუტერული კლასების გამოყენება ელექტრონულ სისტემაში ჩასართავად არაკომფორტულია, რადგან არსებული კომპიუტერები თითქმის ყოველთვის დაკავებულია.

 

რაც შეეხება საგაკვეთილო პრეზენტაციებს, ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ამ მასალების (ფურცლები, ფერადი ფოტოები და სხვა თვალსაჩინოება) ამობეჭდვა სკოლის გარეთ, საკუთარი ხარჯებით უწევთ, რაც ასევე აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. ამიტომ, პედაგოგების აზრით, ელექტრონული პრეზენტაციები დაზოგავდა როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ამასთან გააუმჯობესებდა მოსწავლეების პრეზენტატულ უნარებს.
„კი, მოიტანს მოსწავლე დისკით მომზადებულ მასალას, მაგრამ სად ვაჩვენოთ? სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია, სადაც პროექტორი დგას და სულ დაკავებულია. ამიტომ, მასწავლებელს თავისი კომპიუტერი უნდა ჰქონდეს, რომ კლასში მოხერხდეს პრეზენტაცია“ – ამბობს მადონა თევზაძე.

 

პირველი საჯაროს სკოლის პედაგოგის, ხათუნა ტოტოჩავას აზრით, დღეს კომპიუტერი ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ადრე ფურცელი და კალამი. „მე როცა ვიყენებ პირად კომპიუტერს გაკვეთილზე, დირექციას წინასწარ ვუთანხმდები და პროექტორი მომაქვს. ყველა გაკვეთილს ასე ვერ ჩაატარებ, რადგან სკოლა დიდია და პროექტორი ყველას სჭირდება. მარტო პედაგოგმა რომ იზრუნოს ტექნიკური მხარის მოწესრიგებაზე, ვერ გაწვდება, რადგან ამის ფინანსები მასწავლებელს არ აქვს. ვისაც აქვს, თითქმის ყველას რაღაც პროექტის ფარგლებში აქვს ნაყიდი. ჩემი ნოუთბუქიც პროექტის ფარგლებში შევიძინე, ხელფასით ალბათ ვერ შევძლებდი“.

 

ხათუნა ტოტოჩავას აზრით, ელექტრონული ჟურნალი კარგია, თუმცა ის დამატებით შრომასთან იქნება დაკავშირებული: „ეს კარგია მაშინ, თუ მონაცემების შეყვანა, ინფორმაციის შეგროვება მოხდება საგაკვეთილო პროცესზე. თუკი მე გაკვეთილს ჩავატარებ და შემდეგ მომიწევს ნიშნებისა თუ სხვა ინფორმაციის შეყვანა, ეს პროცესს გაართულებს. მაშინ უნდა შეიცვალოს კლასის აღჭურვილობაც და ისე გაკეთდეს, ვთქვათ, როგორც მასწავლებელთა სახლშია. ელექტრონული დაფა, ვიდეოთვალები და ა.შ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ძალიან კარგია“.

 

თამარ ჩხეიძეც კლასის დამრიგებელია. ის მე-7 საჯარო სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ სკოლაში ელექტრონული ბაზა არსებობს, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი წარმოებაში არ არის: „როგორც ვიცი, მისი გამართვა განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ჩემი პირადი ელექტრონული მეილით მაქვს ხოლმე მიმოწერა მშობლებთან და სხვებიც აკეთებენ ამას, თუ აქვთ სურვილი“.

 

რაც შეეხება სხვა ტექნიკურ დეტალებს, თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ პრეზენტაციებისთვის სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია აღჭურვილი:
„ლაბორატორიაშია პროექტორი მოწყობილი და იქ ხდება შემაჯამებელი თემების პრეზენტაცია. პრეზენტაციები რომ არ დაემთხვეს, ამაზე სკოლის ორგანიზატორი ზრუნავს“.

 

მოსწავლის მშობლებთან ელექტრონულ ურთიერთობას ვერც მე-6 საჯარო სკოლის კლასის დამრიგებელი მზია ბაუჟაძე ახერხებს: „მშობელთა კრებაზე ვაცნობ ხოლმე ინფორმაციას ან ტელეფონზე ვესაუბრები“ – გვეუბნება ის. რატომ ვერ ხერხდება სისტემის აწყობა, მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ზურაბ ზაქარაძის თქმით, ელექტრონული ჟურნალების პილოტირება ერთი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ კლასების დაყოფასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი გამოვლინდა, „შემდეგ ეს ხარვეზი, როგორც ვიცი, გასწორდა, თუმცა სკოლებში მაინც არ ამოქმედებულა ელექტრონული ჟურნალები“.

 

რაც შეეხება სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობას, როგორც დირექტორი ამბობს, ამის მცდელობები სკოლას ვებგვერდის მეშვეობით ჰქონდა. „პროგრამულად ამასაც დიდი რესურსი სჭირდება, ამიტომ მშობლებთან ინფორმაციის მიწოდებას კლასის დამრიგებლები უზრუნველყოფენ“.

 

ელექტრონული ჟურნალები არც მე-20 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორის თეა დავითაძისთვის უცნობია, რატომ არ ამოქმედდა პროექტი. რაც შეეხება პრეზენტაციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს, დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ელექტრონულ პრეზენტაციებს ანიჭებს უპირატესობას, „თუმცა, არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც შემაჯამებელ გაკვეთილებს წერილობით ატარებენ“.

 

ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლის დირექტორები კი აცხადებენ, რომ მათ სკოლებში პედაგოგების დიდ ნაწილს საკუთარი კომპიუტერი აქვს და მასთან მუშაობის უნარებსაც ფლობენ.

 

„დაახლოებით 7-8 პროცენტს არ აქვს კომპიუტერი, სხვა ყველა პედაგოგი იყენებს“ – ამბობს მეორე სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.
„ჩემს სკოლაშიც 115-დან 70 აქვს საკუთარი კომპიუტერი. ისინი შეძლებენ ელექტრონულ სისტემაში მუშაობას“ – გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.

 

იმის თაობაზე, თუ რატომ შეფერხდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამის ამოქმედება, საქართველოს განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა აცხადებენ, რომ სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2015 წელს საქართველოს ყველა სკოლაში, მათ შორის კერძო სკოლებშიც, დაინერგება.

 

eSchool – სკოლების მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინრეჟიმში განახლებას და ანგარიშგებას“ – წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.

 

ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება. კერძოდ, სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა, დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი და შეფასების ავტომატური კალკულაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: