კვირის ამბები

სკოლა მოსწავლის პირად ცხოვრებაში

13.03.2015 • 3012
სკოლა მოსწავლის პირად ცხოვრებაში

ეთიკის კოდექსის მიხედვით, „მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება“ და „მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა“ მასწავლებლის დისციპლინარულ გადაცდომად მიიჩნევა. ეს გარკვეულ სანქციებსაც ითვალისწინებს.

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას აზრით, მოსწავლის ფსიქიკაზე უხეშ ზემოქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ, როცა მასწავლებელი მისი პირადი გრძნობების აფიშირებას ახდენს: „ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვის ხვდება, ვის აღმოუჩინეს წერილი ან დღიური და ა.შ. როცა მასწავლებელი ამბობს,  -„რატომ გქონდა გოგო ან ბიჭო, შენ ასეთი სტატუსი?“ ან  „შეყვარებული ხომ არ ხარ?“ აი, ეს ფრაზები, პირადად მე, ბავშვობიდან მძულს, რადგან როცა რაღაცაში დავიბნეოდი, ყველა ამ ფრაზას მეუბნებოდა და ეს „შეყვარებულობა“ აღიქმებოდა როგორც კრიმინალი, დანაშაული. ამგვარი ტიპის ზეწოლა მე მიმაჩნია მოსწავლის შეურაცხყოფად და მის პირად ცხოვრებაში შეჭრად“.

თამთას აზრით, მოსწავლის შეურაცხყოფად მიიჩნევა მისი პირადი ნივთების უნებართვოდ აღება და გაჩხრეკა. დირექტორის თქმით, კანონის მიხედვით, მოსწავლის ინდივიდუალური ჩხრეკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი არის დასაბუთებული ეჭვი ისეთი საგნის ტარებაზე, რომელიც სკოლაში აკრძალულია: „და ეს უნდა ხდებოდეს დირექტორის მიერ, უფლებამოსილი პირის მიერ და არა მანდატურის ან რომელიმე საგნის მასწავლებელის მხრიდან“.

თამთას აზრით, მოსწავლის პირად სივრცეს დაარღვევ იმ შემთხვევაშიც, თუ მას ეტყვი: „რას გიგავს თმები, გაწეწილი ხარ“ ან „რას გავხარ წვერგაუპარსავი“.

მოსწავლის პირადი სივრცე ირღვევა მაშინაც, როცა მასწავლებელი ასეთ ფრაზებს იყენებს: „სად ხარ გაზრდილი?“, „ბოსელში გაზრდილო“, „თხაო“.

მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის დავით ეცადეიშვილის აზრით, მოსწავლის პირადი სივრცე მისი რელიგიური გრძნობების აფიშირების დროსაც შეიძლება დაირღვეს. „ან სხვა შეხედულებების აფიშირებისას, რომელიც არ არის სასწავლო პროცესთან კავშირში“.

ამავე სკოლის მე-11 კლასის ხელმძღვანელის ნატო ჯვარშეიშვილის აზრით, მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევაა, ვთქვათ, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გახმაურება: „მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვი მალავდა ავადმყოფობას, მაგრამ მე ვუთხარი მშობელს, რომ მიეყვანა ის ექიმთან“.

როგორ ხდება მშობლის ინფორმირება, თუკი მასწავლებელმა იცის, რომ მისი შვილი სიგარეტს ეწევა? – ვეკითხებით მას. პედაგოგი ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციას მშობლები თითქმის ყოველთვის ფლობენ და მათი ჩარევა ნაკლებად არის საჭირო: „მე ვეუბნები, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია და მათ არაფერს მისცემს“.

როგორ რეაგირებს სკოლა არასრულწლოვნის ქორწინების შემთხვევაში და რა ბერკეტი აქვს მას ამ ტენდენციის შესაჩერებლად? დავით ეცადეიშვილის აზრით, – არანაირი.

„იყო შემთხვევა, როცა ცხრა კლასი დაამთავრა გოგონამ, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა და არდადაგების დროს გათხოვდა. სწავლას თავი დაანებებინეს, ბაზარში იდგა და ყიდდა. რა შეუძლია სკოლას ასეთ დროს გააკეთოს? მოზარდის ქორწინებაზე გადაწყვეტილებას მშობელი იღებს და სკოლას ჩარევის უფლება არ აქვს“, – ამბობს ის. მისი თქმით, ქორწინება „ჯერ ბავშვის და შემდეგ ოჯახის გადასაწყვეტია“.

„რა ხელი აქვს ამასთან სკოლას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივულოცოთ“, –  ამბობს დირექტორი.

დავით ეცადეიშვილის აზრით, თუ მშობელი შვილის უფლებას არღვევს, ამაზე სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს: „იყო შემთხვევა, როცა მშობელმა ბავშვები გაიყვანა სკოლიდან და ამათხოვრებდა. ამის შესახებ იცის სოციალური მომსახურების სააგენტომაც და პოლიციამაც. ადმინისტრაციულ კოდექსში არის მუხლები, რომელიც ასეთი მშობლების დაჯარიმებას ან მშობლის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.   როცა წერია კონსტიტუციაში, რომ საბაზო განათლება სავალდებულოა, მშობელი კი აცხადებს, რომ მას არ სურს მისმა შვილმა სკოლაში იაროს, ხოლო ამის წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს არ ან ვერ აკეთებს, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი?“.

მოსწავლე, რომელიც 90 დღე სკოლაში არ გამოცხადდება, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება: „ამით მოსწავლის მიმართ სკოლის უფლებებიც და მოვალეობებიც მთავრდება“.

საჭიროა თუ არა მოსწავლეების მეტი ინფორმირებულობა ნაადრევ ქორწინებაზე და მის შედეგებზე? „მათ ჩვენზე კარგად იციან, რა არის უკეთესი მათთვის“, – გვეუბნება კლასის დამრიგებელი.

განსხვავებული პოზიცია აქვს თამთა კვარაცხელიას. მისი აზრით, ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებით სკოლას გარკვეული პასუხისმგებლობის აღება მოუწევს: „მე ახლაც მყავს ქორწინებაში მყოფი მოსწავლე, რომელიც 16 წლის გათხოვდა და ექსტერნად აბარებს გამოცდებს. მყავდა სხვა რეგიონიდან გადმოსული მოსწავლეც, რომელმაც შვილი გააჩინა, მაგრამ დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა, თუმცა სკოლა მორალურად დაეხმარა მას“.

თამთა ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება მისთვის მიუღებელია და ამის წინააღმდეგ სკოლამ, ოჯახმა და სახელმწიფომ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს: „არასწრულწლოვნის დაქორწინება კატასტროფაა. ამ მიმართულებით სკოლამ უნდა იმუშაოს, თუნდაც სადამრიგებლო პროგრამის დონეზე. სახელმწიფომ კი  აუცილებლად უნდა დაამატოს საკითხები სქესობრივ აღზრდაზე“.

თამთას აზრით, მნიშვნელოვანია მენტალური ცვლილებაც: „დღეს საზოგადოება უფრო ეგუება 13-14 წლის მოზარდის „კანონიერ“ გათხოვებას, თუნდაც ამის გამო მიატოვოს მოსწავლემ სწავლა და შემდგომი პიროვნული განვითარება, ვიდრე სკოლაში ვასწავლოთ სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა და კულტურა.

შევხვდი ჩემს მოსწავლეს, რომელზეც გავიგე, რომ დანიშნულია. ატარებს ნიშნობის ბეჭედსაც და საკმაოდ ემოციური საუბარი მქონდა. ვუთხარი, ჯერ სკოლა  დაგემთავრებინა, რატომ ჩქარობ ოფიციალურ ურთიერთობას-მეთქი. მისი მეგობარი ამბობს: „მასეთ ბიჭს სად იშოვის მასწავლებელოო“. როგორ ბიჭს? 25 წლისას, რომელსაც სამსახური აქვს“.

თამთა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევაში უნდა დადგეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან მშობელი ვალდებულია შვილის სრულწლოვან ასაკამდე მასზე იზრუნოს. „სამწუხაროდ, ზოგიერთ მშობელს გათხოვება ზრუნვად მიაჩნია, მაგრამ 16 წლამდე ასაკის მოზარდის დაქორწინება არის დანაშაული და ამ კანონდარღვევაში სკოლამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“.

მსგავსი ფაქტის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა შესაბამის უწყებას.

„მოსწავლეს სკოლამ უნდა ასწავლოს, რა შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას. გარდა იმისა, რომ ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყება არის მოზარდის ჯანმრთელობისთვის საზიანო, გოგონები აჩენენ შვილებს, ვერ აგრძელებენ სწავლას, ვერ იღებენ პროფესიას. ის ხდება უმწეო, დაუცველი, სხვაზე დამოკიდებული, გარდა ამისა, ის ვერ აღზრდის თავის შვილს, რადგან თვითონაც ბავშვია და პასუხისმგებლობაც ნაკლებად ესმის შვილის წინაშე“.

დირექტორის თქმით, მოზარდის უფლებების დარვევის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაიჭიროს პოზიცია, რადგან საქმე ეხება მოზარდს, მის პიროვნულ განვითარებას და მის მომავალს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: