კვირის ამბები

რა აფერხებს გვამურ ტრანსპლანტაციას საქართველოში

06.03.2015 • 2019
რა აფერხებს გვამურ ტრანსპლანტაციას საქართველოში

 

 

 

რა არის გვამური ტრანსპლანტაცია? – გვამური ტრანსპლანტაცია ნიშნავს გარდაცვლილიდან აღებულ ორგანოთა გადანერგვას. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ ცოცხალ ტრანსპლანტაციასთან შედარებით, გვამურ გადანერგვას ბევრი უპირატესობა აქვს – ”პირველი ის, რომ ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე არ დგება რისკზე, მეორე ის, რომ ღვიძლის შემთხვევაში ორგანო სრულად ამოიღება და კიდევ ის, რომ ამ დროს შესაძლებელია სხვა ორგანოების დონაციაც – გულის, პანკრეასის… და ამით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა”, – ამბობს ის.

გვამი დონორი შეიძლება იყოს ორი ტიპის: გულისცემაშეჩერებული და გულისცემაშენარჩუნებული (როცა დაფიქსირებულია თავის ტვინის სიკვდილი). საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გია თომაძისთქმით, გადასანერგად უკეთესია ისეთი ორგანო, რომელიც თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან არის ამოღებული. ”თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში (რომელიც აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებისა), ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გულისცემა, ანუ სისხლის მომარაგება მიმდინარეობს ყველა ორგანოში, გარდა ტვინისა, აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ორგანო იქნება აღებული, იგი უფრო კარგად და დიდ ხანს იფუნქციონირებს”, – ამბობს ის. გვამური ტრანსპლანტაციისას ამოღებული ორგანოს შენახვის წესები იგივეა, რაც ცოცხალი გადანერგვისას, თუმცა, ცოცხალი დონორიდან აღებული ორგანოს ან ორგანოს ნაწილის შენახვის დრო ჩვეულებრივ მინიმალურია (1-2 საათი), მაშინ როცა გვამურ ორგანოს ხშირად უფრო დიდხანს უწევს შენახვა მისი ტრანსპორტირების აუცილებლობის გამო (20-30 საათი).

 

კანონმდებლებმა – კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ, რომლითაც დასაშვებია გადასანერგად გამოყენებული იქნეს გარდაცვლილი ადამიანის ორგანო, ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღეს. გია თომაძის თქმით, გვამური ტრანსპლანტაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სიცოცხლეში აქვს გაცემული თანხმობა დონორობაზე ან/და როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები თანხმობას აცხადებენ გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად გამოყენებაზე. ამავე კანონის მიხედვით, ”ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა”. თავის ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმავე წელს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიმუშავა.

 

რატომ არ ხორციელდება? – გია თომაძის აზრით, მთავარი პრობლემა საზოგადოებრივ ცნობიერებაშია: ”გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები არ თანხმდებიან იმას, რომ მათი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოები გამოყენებული იქნას გადასანერგად. ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გადალახა საზოგადოებამ.
კახა ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გარკვეული პასუხისმგებლობა მედიასა და სასულიერო პირებსაც აკისრიათ: `ირანში გვამურმა ტრანსპლანტაციამ მძლავრი ნაბიჯებით დაიწყო პროგრესი მაშინ, როცა გამოვიდა იმამი და უთხრა საზოგადოებას, რომ ყველა გარდაცვლილი, რომლის ორგანოც გამოყენებული იქნება დონაციისთვის და ის ამით სხვა ადამიანს გადაარჩენს – სამოთხეში მოხვდება. ამან პრინციპულად შეცვალა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ირანია”.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ რამდენიმე სემინარი ჩაატარა თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების პროფესიონალებისთვის გასაცნობად, რომელსაც რამდენიმე ათეული ნევროპათოლოგი და რეანიმატოლოგი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარდაცვალების დადგენის სიმპტომების კომისია, კახა ქაშიბაძის თქმით, საქართველოს კლინიკების 99%-ში ჯერჯერობით ამის შეფასების არც პირობებია და არც მექანიზმი, ამიტომ კლინიკებში პოტენციური დონორის ოჯახის წევრებს დონორობას არ სთავაზობენ. გია თომაძის თქმით, საქართველოში არსებობს მობილური ჯგუფი, რომელსაც საშუალება აქვს, კლინიკასთან ხელშეკრულებისა და კლინიკიდან გამოძახების საფუძველზე დასვას თავის ტვინის სიკვდილის ლეგალური დიაგნოზი. `ამისთვის მხოლოდ მინიმალური დაფინანსება და კლინიკის სურვილია საჭირო”, – ამბობს ის.

საქართველოს კანონმდებლობით თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ელექტროენცეფალოგრაფი ან ტრანსკრანიური დოპლერი. გია თომაძე ამბობს, რომ საქართველოში ეს ორივე აპარატი დიდ კლინიკათა უმრავლესობაში არსებობს.



დონორობის მსურველები – ყველა ადამიანს აქვს უფლება და საშუალება, სიცოცხლეშივე განაცხადოს, სურს თუ არა დონორობა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე: განთავსებულია საინფორმაციო ბანკი, სადაც ორგანოგადანერგილებისა და ცოცხალი დონორებისგარდა, ხდება იმ ადამიანების რეგისტრაცია, ვისაც სურს გარდაცვალების შემდეგ გახდეს ან არ გახდეს დონორი. გია თომაძე ამბობს, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება და დადგება საკითხი ორგანოს გადანერგვის შესახებ, ჯერ უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას საინფორმაციო ბანკში გაცხადებული თავისი სურვილი დონორობის შესახებ – ”თუ მას თანხმობა აქვს, მაშინ ეს უადვილებს ოჯახის წევრებს მიიღონ გადაწყვეტილება გვამიდან ორგანოების დონაციის შესახებ. უადვილებს იმიტომ ვთქვი, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული თანხმობის მიუხედავად, უარი თქვან მისი ორგანოების გადანერგვაზე”.

ასოციაციის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრირებულ პიროვნებას უკავშირდებაასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც გადაამოწმებს ინფორმაციის სისწორეს. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში რეგისტრირებული პიროვნების სახელზე გამოიწერება დონორის ბარათი და იგი დონორობის მსურველს გადაეცემა.

ამ ეტაპზე ოფიციალურ თანხმობას, გარდაცვალების შემდეგ გახდნენ დონორები, 200-ზე მეტი ადამიანი აცხადებს.

 

სხვა ქვეყნების პრაქტიკა – გვამური ტრანსპლანტაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. გია თომაძის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვამური დონაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და აზიურ რესპუბლიკებში არ ხორციელდება. კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ გვამური დონაციის ერთ-ერთი ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსიაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: