კვირის ამბები

როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აჭარაში

06.01.2015 • 12494
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აჭარაში

 

ძველი აჭარული ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომამდე ოჯახში აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ წლის განმავლობაში განათხოვრებული სხვადასხვა  ნივთი თუ გასესხებული ფული. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით მორთული მამალი ცხვარი, რომელიც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ღამის 12 საათზე, ნიშნად სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულისა, მამაკაცი გარეთ გამოდიოდა და ჰაერში თოფს ისროდა, დილით კი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რაც საქონლის სიმრავლის უწყვეტობასთან იყო გაიგივებული. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ეზოში გადიოდა და შინ წყლით სავსე დოქი შემოჰქონდა, რომელსაც ოთახში მოაპკურებდა.

 

გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე სიტკბოსა და სიუხვის დასაბედებლად, დიასახლისს ერთმანეთში არეული ბრინჯი და შაქარი ოთახების ყველა კუთხეში უნდა მოებნია. დიასახლისს აუცილებლად წითელი ფერის კაბა უნდა სცმოდა, რაც ინეზა ზოიძის თქმით, უძველესი აჭარული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც პატარძალი/დედოფალი – წითელი კაბით იმოსებოდა. ახალი წლის მეორე დღეს კი წესად იყო და დღემდე რჩება ნათესავებთან სტუმრად წასვლა.

 

 

ძველად აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა).  „უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის ფერხობას. დილით ბავშვებს ჭიშკართან აჩერებდნენ და ავალებდნენ, რომ უცხო არ შემოეშვათ, ანუ იმათ ვისი ფეხიც დაცდილი არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა ახალ წელს“, – ამბობს ინეზა ზოიძე.

 

საახალწლო სუფრას ტრადიციული აჭარული კერძებით აწყობდნენ: ხარჩო, ხალვა, ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვარი და აჭარული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი – მოხარშული სიმინდი. „რახან სიმინდი ხარშვისას მოცულობაში მატულობს, იგი ოჯახში მატებასთან ასოცირდებოდა, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია აჭარის სოფლებში“, – ამბობს ეთნოლოგი.

 

თოვლის ბაბუა, ისევე როგორც ნაძვის ხის მორთვა, ზემო აჭარაში გვიან დამკვიდრებული ტრადიციაა. „ეს ტრადიციები დაახლოებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 70-80-იან წლებში დამკვიდრდა და 90-იანებში უფრო აქტიური სახე მიეცა. ძველად აჭარაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ თოვლის ბაბუას რაიმე განსაკუთრებული როლი ენიჭებოდეს, ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პიროვნებას, რომელიც ამ ოჯახს უფერხებდა, ანუ მეკვლეს“, – ამბობს ინეზა ზოიძე.

 

ეთნოლოგი ამბობს, რომ ახალი წლის თანამედროვე ტრადიციების პარალელურად აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას უძველესი ტრადიციები და მათი უმეტესობა თითქმის უცვლელად არის შემონახული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: