კვირის ამბები

თურქეთის კონსულის მეუღლე ბათუმში

09.12.2014 • 1913
თურქეთის კონსულის მეუღლე ბათუმში
  • თქვენმა მეუღლემ აღნიშნა, რომ როგორც ხელოვნებათმცოდნე, თქვენ მას ეხმარებით მუშაობაში და ბათუმში ამ კუთხით აქტივობებიც გაქვთ დაგეგმილი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს გეგმებზე?

აღმოვაჩინე, რომ ბათუმი შესანიშნავი ადგილია იმ ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ხელოვნება, შეიძლება აქ ვერ ვიპოვო შოპინგცენტრები, ინგლისური ან თურქული კინო, მაგრამ თვითონ ეს ქალაქი ჰგავს მუზეუმს. ჩემი ინტერესის დაკმაყოფილება ადვილად შევძელი, რადგან აქ არის ბევრი კულტურული მიმართულება, ეწყობა ბევრი შეხვედრა. არ შემიძლია ჩემს გეგმებზე ახლა დაწვრილებით საუბარი, ამ დროისთვის მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი სამეგობრო წრე გაიზარდოს. ხელოვნება საერთაშორისო ენაა, შეიძლება საუბარი არ გვესმოდეს ერთმანეთის, მაგრამ ხელოვნებით ვსაუბრობთ ერთმანეთში და კომუნიკაციის ეს ენა საინტერესოა. ერთი გამოფენა ხელოვნების ცენტრში უკვე გვქონდა, კიდევ ვგეგმავთ სხვა აქტივობებს, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული ზუსტად. გვინდა მოვიწვიოთ თურქეთიდან ხელოვანები, აქედანაც ვაპირებთ წაყვანას. ზუსტი გეგმები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ორივემ – თურქულმა და ქართულმა მხარემ – კარები უფრო გააღონ.

  • აპირებთ აქ სამუშაოს ძებნას?

მე დავიწყე ქართული ენის შესწავლა. ხელოვნების უნივერსიტეტში ვსწავლობ ქართულ ცეკვებს, საუკეთესო მასწავლებელი მყავს – „ქართულით“ დავიწყეთ სწავლა, აქ ჩამოსვლამდე ნანახი მქონდა ცეკვა „განდაგანა“, ძალიან მხიარული ცეკვაა, რომ უყურებ, ადვილი გეჩვენება, მაგრამ ძალიან რთულია ამ მოძრაობების შესრულება. მინდა მუშაობა დავიწყო ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, ალბათ შემდგომ პროექტში უკვე ვიქნები ჩართული.

  • ადვილია თქვენთვის დიპლომატის ცოლობა? თუ ითვალისწინებთ დრესკოდის მოთხოვნებს?

როცა შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე მივდივარ,  ვცდილობ თურქული ელემენტები ერთვოდეს ჩემს სამოსს. დრესკოდის დაცვა არ არის ჩემთვის რთული, მე ჩემი გემოვნებით ვიცვამ და არ მაქვს რაიმე შეზღუდვები, აქ პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ქმარი ექიმი რომ ყოფილიყო, იურისტი ან ბიზნესმენი, მე ისევ ასევე ჩავიცვამდი და შევეცდებოდი კარგად გამოვიყურებოდე, როგორც ამას ნებისმიერი ქალი ცდილობს.

  • მეუღლის პროფესიის გამო გიწევთ ხშირად საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ამას როგორ ეგუებით?

დიპლომატიური მივლინებები საშუალოდ ოთხი წელი გრძელდება, ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ თურქეთში ვბრუნდებით ერთი-ორი წლით და მერე ისევ გვიწევს  სხვაგან გამგზავრება. რა თქმა უნდა, ეს  რთულია, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემს ქმარს მუშაობა ბათუმისნაირ ლამაზ და საინტერესო ქალაქში უწევს. როგორც ვიცი, ისეთ პრობლემურ ქვეყნებში, სადაც ომია, დიპლომატებს ოჯახებით წასვლის უფლებას არ აძლევენ. ჩემთვის რთულია დამშვიდობება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვმეგობრობ დიპლომატიური მივლინების განმავლობაში. მაგრამ ასეთ პირობებში მუდმივად უნდა იყო მზად დამშვიდობებისთვის. ბათუმამდე ვიყავით მალაიზიაში.

  • ბათუმში უკვე მოახერხეთ კომფორტული გარემოს შექმნა, თუ ჯერ კიდევ დაგრჩათ რამე მოსაგვარებელი?

შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბედნიერი ვარ. იმ ქალაქებს შორის, სადაც მიმოგზაურია, ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. მართალია, ხალხთან კომუნიკაციას ენის ბარიერის გამო ვერ ვახერხებ, მაგრამ აქ ყველაფერი ხელოვნების ნიმუშია, ასე რომ დრო შეუმჩნევლად გარბის. ერთადერთი პრობლემა რაცაა, ორშაბათობით არ მუშაობს მუზეუმები, მაშინ ვიწყებ ფიქრს რა გავაკეთო? მე თვითონ ჩემ თავს ხელოვანს არ  ვუწოდებ, თუმცა თავისუფალ დროს ვცდილობ სხვადასხვა დიზაინის შექმნას, იქნება ეს ტანსაცმელი თუ აქსესუარი. მიყვარს ძველი ნივთების რესტავრირება და, საერთოდ, რასაც თვითონ ვქმნი, იმისთვის სიძველის იერის მიცემა.

  • თურქეთში ხშირად ჩადიხართ?

თურქეთში ანკარაში ვცხოვრობთ, მოგზაურობა არც ისე მარტივია, ვინაიდან ანკარა არც ისე ახლოსაა, აქედან სტამბულის გავლით შეგიძლია მოხვედრა და თვითმფრინავით თუ მოახერხებ ჩასვლას. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ ხშირად ჩასვლას. ანკარა განსხვავებული ქალაქია, რადგან ის სამთავრობო ხასიათისაა. როცა ბათუმში ცხოვრება გადაწყდა, ველოსიპედი ვიყიდე, ვგეგმავდი მესეირნა ხშირად, მევარჯიშა ზღვის პირას, თუმცა გამოგიტყდებით, ბუნებით ცოტა ზარმაცი ვარ, ამიტომ მხოლოდ ორ-სამჯერ მოვახერხე გეგმის სისრულეში მოყვანა და გასეირნება. სამაგიეროდ, ძალიან მომწონს ბოტანიკური ბაღი, იქ ხშირად ვსეირნობ.

  • რა იცოდით ამ ქალაქზე მანამდე, მოლოდინი როგორი გქონდათ?

მეგობრებისგან ბევრი მქონდა გაგებული ამ ქალაქზე, ისინი მაჩვენებდნენ რუკაზე ადგილს, სადაც იყო მზე და ლამაზი პლაჟი. რომ გავიგე აქ მოვდიოდი, მოვიძიე უფრო მეტი ინფორმაცია, „იუთუბზე“ მხოლოდ ზაფხულში გადაღებული ვიდეოები დევს, იქ ისეთი განსხვავებული რიტმია ასახული, მზიანი ამინდი, ახალგაზრდები, რომლებიც ერთობიან ათასგვარი ხერხით, ყველგან ცეკვავენ. გამოგიტყდებით მოლოდინიც შესაბამისი მქონდა, თუმცა აქ სექტემბერში ჩამოვედი, შესაბამისად, ეს ყველაფერი არ დამხვედრია, წვიმიანი ამინდი და ცარიელი ქუჩებია. ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან მოლოდინი არ დაემთხვა, თუმცა ახლა შევეჩიე ამ სიტუაციას, მომწონს ამ ქალაქის სიმშვიდე და რიტმი. ვიპოვე ჩემი გზა, რა შეიძლება ვაკეთო სეზონის ამ პერიოდში.

  • როგორც თურქეთის მოქალაქეს მინდა გკითხოთ –  თქვენი აზრით, თურქეთი როგორ ვითარდება?

თურქეთი ყველა მიმართულებით ვითარდება, განათლების, ეკონომიკისა თუ სხვა კუთხით. ის ცდილობს არა მხოლოდ თვითონ განვითარდეს, არამედ დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ, მაგალითად, სირიას, სადაც ძალიან  ბევრი პრობლემაა. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, სადაც კომუნიკაციის საშუალებები წინწასულია, ქრება ყველანაირი საზღვრები ქვეყნებს შორის, ქვეყნების სახელწოდებები მეორე პლანზე გადადის. არსებობს მხოლოდ ხალხი. კომუნიკაციის საშუალებები გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობა გქონდეს ყველგან, სადაც ინტერნეტია, დაუმეგობრდე ყველა ეროვნების ხალხს, ვინაიდან ყველანი ერთნი ვართ საბოლოო ჯამში. მე ამის გამო ბედნიერი ვარ.

  • თუ გსმენიათ საქართველოში არსებული თურქოფობიის შესახებ?

არ ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი შიში შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან, ვფიქრობ, ეგ ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლოა შეგხვდეს. ბევრი ქართველი რომ ჩამოდიოდა თურქეთში, იქაც ჩნდებოდა შიში ერთეულ ადამიანებში. ეს მათი უფლებაა და ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, ვფიქრობ, მსგავსი სახის შიში უსაფუძვლოა, დიდი ხნის წინ დამთავრდა დამპყრობლური სისტემის ეპოქა. ცივილურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განათლებულ ადამიანს არ ექნება ეს შიში. როგორც ვიცი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, საქართველოში განათლება საკმაოდ წინწასულია. მეც ვხედავ – აქ კულტურული და განათლებული ხალხი ცხოვრობს, წარსული უკან დარჩა, ჩვენ ახლა აწმყოში ვართ, პანიკის საფუძველი არ არის, ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. დღეს არ არის ის დრო, როცა ასე მარტივია სხვა ქვეყანაზე გავლენის მოპოვება.

  • ქალთა უფლებებზე, და ზოგადად, ფემინიზმზე რას ფიქრობთ?

ფემინისტი არ ვარ, მაგრამ არც მათი წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა ერთი ვართ, თანასწორი… პატივს ვცემ ამ მიმდინარეობას, უბრალოდ, არ მომწონს ზოგიერთი გზა, რასაც ირჩევენ ფემინისტები თავიანთი უფლებების დასაცავად (შიშველი, პიკანტური და სკალდალური გამოსვლები და ასე შემდეგ).

  • როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი, როგორც დიპლომატის მეუღლის სოციალური პასუხისმგებლობა?

სოციალური პასუხისმგებლობა იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თუ ვისი ცოლი ხარ, უბრალოდ, როგორც ადამიანი ვალდებული ხარ გააკეთო რამე კარგი. ახლა მაქვს შანსი მხარი დავუჭირო ჩემს მეუღლეს და მივიღო მონაწილეობა სოციალურ პროექტებში. ბათუმი პატარა ქალაქია, აქედან გამომდინარე არ არის ხშირი აქტივობები, ამიტომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ისე ვცდილობთ ჩავერთოთ ან გავუწიოთ ორგანიზება გამოფენებს თუ რაიმე სახის მოვლენას. საკონსულოს კარი მუდამ ღიაა, ნებისმიერ წინადადებას სიამოვნებით მივიღებთ, განვიხილავთ და შევეცდებით ორგანიზებაში მონაწილეობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: