კვირის ამბები

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს

24.10.2014 • 9292
როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს

 

 

ირმა, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში იშიათად მიმართავენ ფსიქოლოგს?

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მზად ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის და მხოლოდ განსაკუთრებულ, გამოუვალ სიტუაციაში თუ მიმართავენ სპეციალისტს დახმარებისთვის, ისიც ჩუმად, რაც ალბათ სტიგმებისა და სტერეოტიპების ბრალია. ეს კი საგრძნობლად ართულებს პრობლემის მოგვარების პროცესს და
შედეგიც ძნელად მიიღწევა.

რა სხვაობაა ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის?

ეს ორი სპეციალისტი სავსებით შესაძლოა, და მეტიც, აუცილებელიც კია, რომ ერთი და იგივე ადამიანი იყოს. ფსიქოთერაპევტი ვერ გახდები ისე, თუ ფსიქოლოგი არ ხარ და ფსიქოლოგად ვერ იმუშავებ, თუ რომელიმე თერაპიულ მიმდინარეობაში არ ხარ დახელოვნებული. ფსიქოთერაპევტი არის ადამიანი, რომელმაც საუნივერსიტეტო სწავლების შემდეგ (რაც ჩვეულებრივად ბაკალავრის დონესა და დამატებით მაგისტრატურას გულისხმობს), დაისწავლა თერაპიული
მიმდინარეობა (არტ-თერაპია, გეშტალტ-თერაპია, ნეორო-ლინგვისტური პროგრამირება, ფსიქოანალიზი, ფსიქოსინთეზი) იმის მიხედვით, თუ რომელ სფეროში აგრძელებს მუშაობას. იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს რას გულისხმობს ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, შევაღოთ ფსიქოლოგის კაბინეტის კარი და ქრონოლოგიურად მივყვეთ პროცესს: პირველი ეტაპია პაციენტის კონსულტირება,ზედმეტი ფსიქოთერაპიული ჩარევის გარეშე. ამ დროს ხდება პრობლემის ზედაპირულ დონეზე გაჟღერება, გააზრება, ხშირად ეს პროცესიც საკმარისია, მაგრამ თუ საქმე უფრო
ღრმა პროცესებთან გვაქვს, აქ იწყება თერაპია, ანუ არაცნობიერთან კონტაქტი. თერაპიული ტექნიკა აკვალანგის
როლს ითავსებს თითქოს და ადამიანის ფსიქიკაში ღრმად ჩადიხარ. ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არ ნიშნავს წამალს. მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელი ხდება მაშინ, როცა პაციენტს აქვს შფოთვითი აშლილობა, აკვიატებული აზრი, პანიკური შეტევა და ასე შემდეგ. ეს, ძირითადად, დამამშვიდებელი საშუალებებია, რაც შეტევას ანელებს და რასაც ფსიქიატრი ნიშნავს.

როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს?

ფსიქოლოგს უნდა მივმართოთ მაშინ, როცა ვამჩნევთ, რომ მარტო ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს და დახმარება
გვჭირდება; როცა არ ვიცით ზუსტად რა გვინდა; როცა გვაქვს ურთიერთობისა და კომუნიკაციის პრობლემები, რაც შეიძლება ითქვას თანამედროვეობის სენია და მას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. უფრო ხშირად ამის მიზეზი მოზრდილებ-
ში დაძაბული და ერთფეროვანი სამუშაო გრაფიკია, ხოლო მოზარდებში კი  ვირტუალური სამყარო, რომელიც ახშობს ემოციების ექსპრესიის უნარს, რაც თავის მხრივ ჯანსაღ ურთიერთობებში ბარიერად გვევლინება. გარდა ამისა, ფსიქოლოგის დახმარება საჭიროა მაშინ, როცა ვატყობთ, რომ გვეწყება ან უკვე გვაქვს დეპრესია. ეს ტერმინი აქტუალურია დღეს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დიაგნოზი, რომელიც სპეციალისტმა უნდა დასვას. დეპრესიის ამოსაცნობად
მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი ყველაზე გახშირებული სიმპტომები, ესენია: ხასიათისა და ქცევის ხშირი ცვალებადობა, იზოლაციის მოთხოვნილება, ადამიანი ნელ-ნელა შორდება ჩვეულ წრეს და მისთვის ყველაფერი უმნიშვნელო ხდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები?

დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც კონკრეტული შემთხვევა, ისეთი, როგორიცაა ახლობელთან კონფლიქტი, ოჯახის წევრის გარდაცვალება და ა.შ. ისე ერთფეროვანი და უემოციო ცხოვრება. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვობაში გადატანილი ტრავმა. ადამიანის ფსიქოლოგიური სტრუქტურა ბავშობაში,
დაახლოებით ექვს წლამდე ასაკში ყალიბდება და კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული ტრავმა, ნაღმის სახით ინახება მის ქვეცნობიერში. ეს ნაღმი შეიძლება მაპროვოცირებელ სიტუაციაში გააქტიურდეს ან საერთოდაც შეუმჩნევლად დარჩეს
მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს ფსიქოლოგის კონსულტაცია ყოველგვარი ღრმა ბავშობისდროინდელი ტრამვის გარეშე დასჭირდეს.

როგორ შეუძლია სპეციალისტს დახმარება?

ჩვენ ვეხმარებით თერაპიული ტექნიკებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, როგორც ექიმის ხელშია აბები და მიქსტურები, ასე აქვთ ფსიქოლოგებს ტექნიკები, იქნება ეს ტრანსული, ჰიპნოტური, ხატვითი, ცეკვითი თუ სხვა სახის თერაპია.
ამ დროს რაღაც იცვლება ადამიანის არაცნობიერში და ეს ცვლილება მიმართულია მდგომარეობის გამოკეთებისკენ.

როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი სპეციალისტი?

რაოდენობრივად ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მასშტაბით ისინი არათანაბრად არიან გადანაწილებული, ანუ სპეციალისტთა ძირითადი ბირთვი ლოკალიზებულია დედაქალაქში. რაც შეეხება კარგისა და ცუდი სპეციალისტის გარჩევას იმის გამო, რომ სახელმწიფო ლიცენზია არ გაგვაჩნია (იმედს ვიტოვებ, რომ დროებით) ეს
ძნელად რეგულირებადია. სპეციალისტის შერჩევისას, ალბათ, საკუთარ შეგრძნებებსა და გამოცდილ ახლობლებს უნდა ენდოთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: