კვირის ამბები

“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“

22.10.2014
“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“
  • ქალბატონო თეონა, როგორ ვლინდება მწვავე ბრონქიტი?

მწვავე ბრონქიტი ბრონქების მწვავე ანთებაა, რაც ძირითადად ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, შეშუპებით, ჰიპერემიით და სეკრეციის მომატებით ხასიათდება. როგორც წესი, მწვავე ბრონქიტის განვითარებას წინ უსწრებს გარკვეული სიმპტომები –  სურდო, ყელის, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მისი მთავარი სიმპტომი კი ხველაა. თავდაპირველად ხველა მშრალია, ხოლო 3-4 დღის შემდეგ იწყება მოყვითლო-მოყავისფრო ნახველის გამოყოფა. ნახველში სისხლის შემჩნევის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ხველა შეიძლება სპაზმურ ხასიათსაც ატარებდეს, რაც ანთებითი ბრონქის ლორწოვანი გარსის ჰიპერრეაქტიულობით არის გამოწვეული, რომლის დროსაც ბრონქების მგრძნობელობა საგრძნობლად იმატებს ნებისმიერ გამღიზიანებელ ფაქტორზე (ცივი ჰაერი, მძაფრი სუნი, მტვრის ნაწილაკები). ზოგჯერ ადგილი აქვს ტემპერატურულ რეაქციასაც _ 37-38 გრადუს ცელსიუსამდე. დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მაგრამ ხველა შეიძლება 4-5 კვირამდეც გაგრძელდეს.

  • ვინ არიან მწვავე ბრონქიტით დაავადების რისკ-ჯგუფში და ახასიათებს თუ არა ბრონქიტს სეზონურობა?

მწვავე ბრონქიტით ყველაზე მეტად ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ავადდებიან, რაც მათ სუსტ იმუნურ რეაქციას უკავშირდება.

შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რაც დაკავშირებულია როგორც კლიმატური პირობების გაუარესებასთან (სხეულის გადაცივება, ცივი, ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა ხშირად იწვევს ბრონქების მგრძნობელობის მომატებას, რაც თავის მხრივ, ბრონქიტის განვითარების საწინდარია), ასევე რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან.

  • რა არის მწვავე ბრონქიტის გამომწვევი მიზეზები?

მწვავე ბრონქიტის განვითარების წამყვან მექანიზმად გვევლინება ვირუსული ხასიათის ინფექცია, მაგალითად გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი. მას იშვიათად ბაქტერიული ხასიათიც აქვს და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, მიკოპლაზმა და სხვა ბაქტერიები. არაინფექციური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მტვერი, ნესტი, ცივი და ცხელი ჰაერის მონაცვლეობა, ასევე ჰაერში შეწოვილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები. მწვავე ბრონქიტის განვითარების ხშირ მიზეზებად გვევლინება ასევე მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა და იმუნოდეფიციტით მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

  •  როგორ მკურნალობენ მწვავე ბრონქიტს და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებისადმი უყურადღებობას?

მწვავე ბრონქიტის ძირითადი გამომწვევია ვირუსი, ამიტომ ამ დროს არ არის მიზანშეწონილი აბტიბიოტიკების გამოყენება. მწვავე ბრონქიტის მკურნალობა, როგორც წესი, სიმპტომატურია, ჭარბი რაოდენობით სითხე, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება, მშრალი, შემაწუხებელი ხველისას ხველის დამთრგუნველების მიღება, პროდუქტიული ხველისას კი მუკოლიზური საშუალებები. ტემპერატურული რეაქციისას სიცხის დამწევები და ა.შ.

პროგნოზი პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა და სტატისტიკურად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი 0,1%, თუმცა არასწორი მკურნალობის ან უყურადღებობის შემთხვევაში, დაავადება შეიძლება გართულდეს და პაციენტს პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქოსპასტიური სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა ან/და ქრონიკული ბრონქიტი განუვითარდეს.

  • როგორია ამ დაავადების პროფილაქტიკა?

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბრონქიტის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, რაც სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას (თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, ფიზიკური ვარჯიში) და ქრონიკული დაავადებების დროულ მკურნალობას გულისხმობს. გარდა ამისა, მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს პროფილაქტიკური ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ვაქცინაციის ჩატარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: