კვირის ამბები

არჩილ ხაბაძის მეუღლე ოჯახური ცხოვრების შესახებ

10.10.2014 • 2355
არჩილ ხაბაძის მეუღლე ოჯახური ცხოვრების შესახებ

 

 

თამუნა სირაბიძე და არჩილ ხაბაძე
თამუნა სირაბიძე და არჩილ ხაბაძე

თამუნა, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაინცადამაინც არ გაგხარებიათ, რა იყო ამის მიზეზი?

 

ესეც გაიგეთ?  სანამ ინტერვიუზე მოვიდოდი, ვფიქრობდი არ მეთქვა, რომ არ გამხარებია მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ერთი მხრივ, გამიხარდა, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, ჯერ არ ვყოფილვარ ამისთვის მზად,  იმიტომ, რომ აჭარის პირველი პირის მეუღლეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, შიშის გამო არა, უფრო რიდის მომენტია, თან არ ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. მერჩივნა უფრო მშვიდი ცხოვრებით მეცხოვრა, თუმცა რადგან ჩემმა მეუღლემ აიღო ამხელა პასუხისმგებლობა, მე მას გვერდში დავუდგები. ყველანაირად ვეცდებით, რომ ერთად ვაკეთოთ კარგი საქმე.

 

როგორ გაიცანით არჩილ ხაბაძე? 

 

აჩიკოს ვიცნობ სულ რაღაც ორი წელია, ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს, ერთმანეთის მიმართ გრძნობები  მალევე გაგვიჩნდა. ძალიან დადებითი პიროვნებაა, ადვილად შეუძლია აგიყოლიოს, მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. გაცნობიდან მალევე, რვა თვის შემდეგ დავქორწინდით.

 

როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში?

 

 პირდაპირ სიყვარული არ აუხსნია, გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით, ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგვიღრმავდა და გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით.

 

 ქორწილი სად გქონდათ?

 

 ბათუმში გვქონდა ქართული ტრადიციული ქორწილი, რომელსაც  ჩვენი ახლობლები ესწრებოდნენ.

 

როგორი მეუღლეა არჩილი?

 

 

ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია,  ოჯახის ყველა წევრის მიმართ საოცრად თბილია. არ არის პრეტენზიული, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. ოჯახის ბიუჯეტსაც ორივე ერთად განვაგებთ. გვიყვარს ერთად სეირნობა, ზაფხულში პარკში დავსეირნობთ ხოლმე.

 

 ყველაზე ძვირფასი რა უჩუქებია მას თქვენთვის?

 

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისგან ჩემთვის არის პირველი საჩუქარი, სუნამო მაჩუქა, რომლის გამოწერასაც ვაპირებდი იუნიქარდზე არსებული ქულებით.

 

რა არის არჩილ ხაბაძის ძლიერი და სუსტი მხარე?

 

ძლიერი მხარეა მისი ხასიათი, ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს, პრინციპულია, მაგრამ ამასთანავე ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უშუალოა, კომუნიკაბელური, ვფიქრობ, ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის. რა შეიძლება იყოს აჩიკოს სუსტი მხარე? _ ყველას აქვს სუსტი მხარე, თუმცა ამაზე არც მიფიქრია, აჩიკოს სუსტი მხარე, ამჟამად ჩემთვის, ალბათ, ის არის,  რომ სამსახურის გამო ჩვენთან დიდ დროს ვეღარ ატარებს, რასაც ძალიან განიცდის თვითონაც და ჩვენ, ყველა ოჯახში. ახალშექმნილი ოჯახი გვაქვს, შვილიც ახლა შეგვეძინა, ერთად ყოფნა ყველაზე მეტად ახლა გვინდოდა.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორია ოჯახში?

 

 ბოლო ერთი თვეა თითქმის არ არის სახლში, გვიან ღამით მოდის ხოლმე, მის თავმჯდომარედ არჩევამდე ვცდილობდით სამსახურის შემდეგ გავსულიყავით სადმე ერთად საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად, მეგობრებთან შესახვედრად. ბოლო დღეებია აღარ გვაქვს ამის საშუალება, ეს ორივეს ძალიან გვაწუხებს. საღამოთი მირეკავს ხოლმე და მეუბნება, ძალიან მინდა თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ მოსვლას ვერ ვახერხებო. ყველაზე მეტად განიცდის იმას, რომ ჩვენს ათი თვის ქალიშვილთან დროს ვეღარ ატარებს.

 

როგორი მამაა არჩილი?

 

 ძალიან კარგი მამაა, აქტიურად ერთვება ყველა საქმეში, რომელიც ბავშვს ეხება. სამწუხაროდ დროის ნაკლებობის გამო მასთან ნაკლებ დროს ატარებს, გუშინ თეკლას ვაძინებდი, როცა აჩიკომ დამირეკა და მთხოვა, ტელეფონზე დამელაპარაკებინა ბავშვი. თეკლას თითქმის ეძინა, ყურმილი ყურთან მივუტანე, არჩილმა დაუძახა თუ არა, თეკლამ სწრაფად დაჭყიტა თვალები და აჩიკოს დაუწყო ძებნა ოთახში. როგორც არ უნდა ტიროდეს, მამის ხმას გაიგებს თუ არა, მშვიდდება, საერთოდ თეკლა მამას ჰგავს, გარეგნობითაც და ხასიათითაც, ძალიან თბილი ბავშვია, მომყოლია. მიხარია, რომ ჰგავს. ნათქვამია, გოგონა თუ მამას ჰგავს, ბედნიერი იქნებაო.

 

 

სუფრასთან თქვენი მეუღლე ტრადიციულია?

 

 აჩიკო გურმანია, განსაკუთრებულად უყვარს ტკბილეული, მომზადებით არაფერს ამზადებს, რაც ერთად ვართ, ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ ჩართულა ამ პროცესში. ტრადიციული ადამიანია, უყვარს ქართული სუფრა და სადღეგრძელოები, თადარიგს ყოველთვის იჭერს, სადღეგრძელოებსაც ტრადიციული თანმიმდევრობით ამბობს.

 

 თქვენც მუშაობთ, შვილს ვისი დახმარებით ზრდით?


თეკლას ჰყავს ძალიან კარგი ძიძა, ის მეხმარება მის გაზრდაში. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ და დარჩენილ დროს ჩემს შვილთან ერთად ვატარებ.

 

 სად ყიდულობთ ტანსაცმელს?

 

 ტანსაცმელს ძირითადად ბათუმში ვყიდულობ. ბრენდებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება არ მაქვს, დაბალფასიანიც შეიძლება ვიყიდო, თუ მომეწონება. გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს არ ვუთმობ, სალონებში მაინცადამაინც ხშირად არ დავდივარ, მაგისთვის დროს ვერ დავკარგავ, ნახევარი საათი სრულიად საკმარისია ჩემი მომზადებისთვის.

 

 როდის დასრულდება თქვენი ბინა და  ახლა სად ცხოვრობთ?

 

 ჩვენს ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც იანვარში დასრულდება, საახალწლოდ ვფიქრობთ გადასვლას, მამაჩემის ბინაში ვცხოვრობთ 5-6 თვეა. მანამდე აჩიკოს მშობლების სახლში ვცხოვრობდით ქალაქგარეთ, „გოროდოკში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: