კვირის ამბები

ადამიანი და მგელი

29.09.2014 • 12601
ადამიანი და მგელი

 

ქალბატონო ნათია, როდის დაიწყო კვლევა და რა მიზანი ჰქონდა მას?

– ადამიანისა და მგლის კონფლიქტის კვლევა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადამიანისა და მგლის კონფლიქტი საქართველოში: რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში, სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია“ – ფარგლებში. პროექტი დასრულდა 2009 წელს, ხოლო კვლევა გაგრძელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

 

მე-20 საუკუნის ბოლოს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, მგლის შესწავლა ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდამდე არ არსებობდა მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია მგლის რიცხოვნობასა და სიმჭიდროვეზე დაცული ტერიტორიების გარეთ. მაგალითად, დაიწერა, თითქოს საქართველოში 10 000 მგელი ბინადრობს. საქართველოს ტერიტორია დაახლოებით 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.  თუ ამას გამოვაკლებთ სულ ცოტა 15 ათას კვ. კილომეტრს (დაახლოებით ამდენია ტერიტორია, სადაც მგელი არ ბინადრობს, დასახლებული პუნქტებისა და წყალსატევების ჩათვლით), გამოვა, რომ მგლის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ერთ მგელს ყოველ 5.5 კვ. კმ. –ზე, რაც არარეალურად დიდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ალგონკინში (კანადა), სადაც მგლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია ბინადრობს, მგლის სიმჭიდროვეა 2,8 – 2,9 მგელი 100 კვადრატულ კილომეტრზე. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებები საზოგადოებაში არასწორი და უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. აქედან გამომდინარე,  საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, რომლის მიზანი იყო წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მგლის რიცხოვნობის შეფასება და საქონელზე გახშირებული თავდასხმის მიზეზების გამოვლენა.

 

რა გამოიკვეთა კვლევების შედეგად?

– საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა იმდენად მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანთროპი, შინაურ საქონელზე სპეციალიზებული მგლების რაოდენობის მომატებით. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მგლის სინანთროპიზაციას (ადამიანთან დაახლოებას) ხელი შეუწყო როგორც ეკოლოგიურმა, ისე სოციო-ეკონომიკურმა ფაქტორებმა.  ეკოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების – ჩლიქოსნების სიმცირე; ადამიანის დასახლებების ძლიერი შეჭრილობა მგლის ჰაბიტატში; მგლის განსახლების პროცესისთვის ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერების ნაკლებობა; ადამიანის სიახლოვეს არსებობასთან შეგუების მაღალი ხარისხი.

 

მგლის სინანთროპიზაციის მიზეზების კვლევისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლიტერატურიდან უკვე ცნობილი – ნარჩენების პრობლემაც, რომელიც საქართველოს მრავალ რეგიონშია შექმნილი. ადამიანის დასახლებებთან მდებარე ნაგავსაყრები როგორც ველური, ისე შინაური ცხოველებისთვის საკვების წყაროს წარმოადგენს და იზიდავს მგელსაც.

 

 

რა იწვევს მგლის ადამიანის საბინადრო გარემოსთან დაახლოებას?

– ჩვენ მიერ გამოკვლეულ (ყაზბეგი, გურია, აჭარა) შემთხვევაში სოციო-ეკონომიკური ტიპის ცვლილებას მოსდევს ლანდშაფტის ცვლილება: სოფლების მახლობლად არსებული ქაცვის ტყის აღდგენა – ყაზბეგის შემთხვევაში, და ჩაის ბუჩქების გაველურება  – გურიისა  და აჭარის  შემთხვევაში. რაც ხელს უწყობენ მგლების სინანთროპიზაციას: ლანდშაფტის ეს „ახალი“ ელემენტები დერეფნების როლს ასრულებენ, რომლებიც აკავშირებს ტყესა და სოფელს და ამავე დროს, ადამიანისათვის შეუვალ, ხოლო მგლისათვის კარგ სამალავს ქმნის.

 

ადამიანის სიახლოვეს მობინადრე მგლის ხროვების ტერიტორიების ძირითადი თავისებურებებია: გაუვალი ბუჩქნარების სიმრავლე, რომლებიც, ერთი მხრივ, სოფლებს, ხოლო მეორე მხრივ, ტყეს და აუცილებლად მდინარეების ხეობებს  უკავშირდებიან. ასევე  ნაკლებად  დაცული შინაური ცხოველების სიმრავლე,   ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების სიმცირე და ნაგავსაყრების არსებობა.

 

რა შეგიძლიათ გვითხრათ ე.წ. მგლის და ძაღლის შესაძლო შეჯვარების შესახებ, ანუ ჰიბრიდულ მგლებზე?

– ზოგ უცხოურ წყაროში აღნიშნულია, რომ „თავდამსხმელი“ მგლები შესაძლებელია იყვნენ მგლისა და ძაღლის ჰიბრიდები, ან საერთოდ, გაველურებული ძაღლები.  ცნობილია, რომ ბუნებაში ხშირია მგლისა და ძაღლის შეჯვარების შემთხვევები.  ჰიბრიდიზაციის შედეგად შესაძლებელია მოხდეს ქცევის ცვლილება, ჰიბრიდი უფრო ადვილად ეგუება ადამიანთან ახლოს ცხოვრებას. საქართველოში, სადაც გაველურებული ძაღლები  ხშირად გვხვდება, ხოლო მგელიც არ არის იშვიათი, არსებობს ჰიბრიდიზაციის კერების წარმოქმნის პოტენციური შესაძლებლობა.  

 

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მგლების 10%-ს , ხოლო ძაღლების 20%-ს აქვთ ჰიბრიდული წარმოშობა. აქედან 3%  მგლებისა და ძაღლების პირველი თაობის ჰიბრიდია. სულ შემოწმებული იყო 102 მგლისგან და 66 ძაღლისგან აღებული სინჯი. ჰიბრიდიზაციის მაჩვენებლი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. ძაღლისა და მგლის ჰიბრიდიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დიდი ზომის მცველი ძაღლები თავისუფლად ჰყავთ, ამიტომ გენთა ნაკადი ძაღლებსა და მგლებს შორის მნიშვნელოვნად  მოქმედებს როგორც ძაღლების,  ისე მგლების პოპულაციებზე.

 

არის თუ არა ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები და რა იწვევს მას?

– კვლევის პერიოდში ადამიანზე თავდასხმის მხოლოდ ორი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული: ერთი გურიაში რამდენიმე წლის წინ, მეორე კი ახალგორის რაიონის სოფელ დოჩიალის მახლობლად,  2009 წლის ზაფხულში. მეორე შემთხვევა ძალზე ჰგავდა ცოფით დაავადებას, თუმცა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ამის დასადასტურებლად შეუძლებელი გახდა – სიცხის გამო მკვდარი ცხოველის ტვინი დაზიანდა იმდენად, რომ ვირუსის არსებობის დადგენა ვერ მოხერხდა.  საინტერესოა, რომ დოჩიალის მგლის ჰაპლოტიპი იდენტური იყო ყაზბეგში, აჭარასა და კახეთში შეხვედრილ ყველაზე გავრცელებული ჰაპლოტიპისა.

 

სად გვხვდება მგელი საქართველოში?

– პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ახალი ფაქტები მტაცებლების გავრცელების არეალის შესახებ: პირველი, მგელმა დაიწყო კოლხეთის დაბლობის (სადაც  გასული საუკუნის შუა პერიოდისთვის უკვე განადგურებული იყო), ხელახალი ათვისება, ანუ რეკოლონიზაცია. დაფიქსირდა ტურის  გავრცელების ახალი წერტილი. ეს მეტწილად დაბლობის ცხოველები  რაჭაში, 1500-1700 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, თუმცა ჩვენ  ხელთ არსებულ ლიტერატურაში არსად არის ნახსენები საქართველოში ტურის ასეთ სიმაღლეზე არსებობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არც იცის, რომ მათ მიერ მოკლული ცხოველები ხშირად ტურები არიან და „წითელ მგელს“ ეძახიან. ამბობენ, რომ იგი რაჭაში  4-5 წელია რაც გამოჩნდა.

 

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მგელი – ადამიანის ურთიერთობასთან მიმართებაში. მოსახლეობა  საქონელზე თავდასხმის თითქმის ყველა შემთხვევას მგელს აბრალებს, თუმცა ზოგჯერ ეს ძაღლია (სოფელ გლდანის მიდამოები), ზოგჯერ ტურა (რაჭა) ან სხვა ცხოველი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია მასმედიის უარყოფითი როლი ადამიანი-მგლის კონფლიქტის გაშუქებაში. ტელევიზიებით ვრცელდება ან არასრული, ან დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია, რაც მოსახლეობაში ინტერესის გამოწვევის მიზნით კეთდება. ამით მასმედია ხელს უწყობს მოსახლეობაში მგლისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც არც ქვეყნის სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის არის სასიკეთო და არც თავად კონფლიქტის აღმოფხვრას ემსახურება. 

 

ძირითადი რეკომენდაციები მგელი_ადამიანის კონფლიქტის შერბილებისთვის ასეთია: საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობასთან, მესაქონლეობის ტრადიციული წესების გაცნობა მოსახლეობისათვის, იქ, სადაც ეს წესი დავიწყებულია (მაგ. მცველი (ე.წ. მეცხვარე) ძაღლების მნიშვნელობა,  საძოვარზე გაშვებული საქონლის ჯოგად შეკვრის პრინციპი, მწყემსვის წესი, მწყემსების მორიგეობის სიხშირე, მორიგე მწყემსების რაოდენობა). გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ კანონის მოსახლეობისთვის  გაცნობა, კანონის  რეკლამირება (მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რომ თუ მგელი თავს ესხმის საქონელს, ზიანს აყენებს მას, მათ ცხოველის მოკვლის უფლება აქვთ).

 

ნათია კოპალიანი


რა შეგიძლიათ თქვათ მგლის ქცევის თავისებურებებზე?

– მგლის ქცევაზე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბრო. მგლის პოპულაციის ბუნებრივი, ყველაზე ხშირად წარმოდგენილი ერთეული ოჯახია, რომელიც ერთი წყვილისა და მათი სხვადასხვა თაობის შთამომავლობისგან შედგება. ხელსაყრელ პირობებში მყოფი ოჯახი ყოველ წელს შობს ნაშიერებს. ნაშიერები მშობლებთან 10-54 თვე რჩებიან, შემდეგ კი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას.

 

აღწერილია შემთხვევები, როდესაც უცხო მგელი უერთდება ხროვას (ხანდახან დროებით. სადაც უკვე არის წყვილი, რომელიც მრავლდება. ასეთ მგლებს „ნაშვილებს“ ან „მიკედლებულებს“ უწოდებენ, რათა განარჩიონ იმ მგლებისგან, რომლებიც შემოდიან ხროვაში ერთ-ერთი მეწყვილეს სიკვდილის შემთხვევაში და მის ადგილს იკავებენ. „მიკედლებული“ მგლები ძირითადად მამრები არიან, ხოლო „მიკედლება“ ძირითადად თებერვლიდან მაისის ჩათვლით ხდება.

 

ზოგჯერ ახალგაზრდა მგლები მიდიან ხროვიდან, მაგრამ რჩებიან ხროვის ტერიტორიაზე და ელოდებიან გამრავლების შანსს, ანუ აქვს მომლოდინეს პოზიცია.

ზოგჯერ, ხროვის დამაარსებელი წყვილის გარდა, ხროვაში მრავლდებიან სხვა ზრდასრული მგლებიც. თვლიან,  რომ „მრავალჯერადი გამრავლების“ შემთხვევაში მრავლდებიან დედა და მისი მდედრი ნაშიერი, რადგან მგლის ხროვაში უცხო მდედრის მიღება ძალზე იშვიათია და  ხდება მხოლოდ გამრავლებაში მონაწილე მდედრის სიკვდილის შემდეგ.

 

განსახლების პროცესში მგლები ცდილობენ დაიკავონ ის თავისუფალი ადგილები, რომლებიც დარჩენილია სხვა ხროვების ტერიტორიების „მოზაიკაში“. მარტოხელა მოხეტიალე მგლები დიდ ტერიტორიებს ფარავენ  – 10.500 კმ2 და მეტსაც, მანამ, სანამ  ერთ-ერთ ასეთ თავისუფალ ადგილზე მეწყვილეს არ იპოვიან და საკუთარ ტერიტორიას აარსებენ.

 

სოციალური ურთიერთობები მგლის ხროვაში დამყარებულია დომინანტურ იერარქიაზე. ჯგუფის მეთაური ალფა მამრია. შემდეგ მოდის მისი მეწყვილე, ალფა მდედრი, რომელიც მხოლოდ ალფა მამრს ემორჩილება. თუ ალფა მამრი დაბერდა, დაიჭრა ან მოკვდა, იერარქიაში მის მერე მყოფი ბეტა მამრი იკავებს დომინანტის პოზიციას. დაქვემდებარებული ცხოველები სხვადასხვა პოზებითა და გამომეტყველებით ატყობინებენ ლიდერს მორჩილების შესახებ. მგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურების, კუდის პოზიციას, კბილების ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ დაკრეჭვას, სხეულის დახრილობას და სხვა. დომინანტს კუდი მაღლა აწეული და ყურებიც დაცქვეტილი აქვს.

 

მგლები ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიებს შარდისა და ექსკრემენტების საშუალებით. სუნი დიდხანს ნარჩუნდება. უცხო მგელს ამ სუნის მიხედვით შეუძლია დაადგინოს იმ ცხოველის სქესი, ზომა და ასაკი, რომელმაც ნიშნული დატოვა. ასევე სუნის სიმძაფრის მიხედვით ხვდება, ახალია ნიშნული თუ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მგელს აღარ გამოუვლია.

 

გარდა მხედველობითი და ქიმიური კომუნიკაციისა, მგლებს ურთულესი  ბგერით კომუნიკაცია ახასიათებთ. მაგალითად, ყმუილით ისინი ატყობინებენ ერთმანეთს თავისი ადგილმდებარეობის შესახებ, უცხო ხროვებს ტერიტორიების დაკავებულობის შესახებ, ხოლო ნადირობისას ყმუილი ერთად შეკრების სიგნალია.

 

მსხვილ მსხვერპლზე, მაგალითად ირემზე, ჯგუფურად ნადირობენ. თუმცა აღწერილია შემთხვევები, რომ ერთ მგელსაც მოუპოვებია თუნდაც ისეთი დიდი ზომის მსხვერპლი, როგორიცაა ბიზონი. მგლებს წლის განმავლობაში აქვთ ე.წ. სტაციონარული და მომთაბარე ფაზები. სტაციონარულად ერთ ტერიტორიაზე არიან მაშინ, როდესაც უჩნდებათ ლეკვები და ზრდიან მათ: გაზაფხული-ზაფხული. მომთაბარე ფაზა იწყება შემოდგომაზე და გრძელდება ზამთარში, როდესაც ისინი გადადიან ერთი ტერიტორიიდან მეორეზე. დღე-ღამეში მგელმა შეიძლება დაფაროს 200 კმ. მოძრაობის ჩვეულებრივი სიჩქარე არის 8კმ/ს. თუმცა შეუძლიათ იმოძრაონ 50-7- კმ/ს-სიჩქარითაც.

 

ბუნებაში მგელი ცხოვრობს მაქსიმუმ 13 წელი, თუმცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა ექვსი წელი. ტყვეობაში შესაძლებელია იცოცხლოს 15 წელიც.

გადაბეჭდვის წესი