კვირის ამბები

საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი

26.09.2014 • 1681
საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი

 

 

საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი დავით კუცია თუ გაბრწყინებული სახით გიყვება რაიმეს, ესე იგი საუბრის თემატიკა ცეკვას შეეხება. შეკითხვების დასმა თითქმის არ არის საჭირო, ცეკვაზე გაუჩერებლად შეუძლია ილაპარაკოს, სხვა თემებზეც ამომწურავად საუბრობს, თუმცა სახეზე მაშინვე შეატყობთ, რომ ურჩევნია რაიმე ისევ ცეკვაზე გითხრას, თითქოს უძნელდებოდეს ამ თემასთან გამოთხოვება, სათქმელიც უფრო მეტი აქვს, თავისუფალ დროს ხომ მხოლოდ ამაზე ფიქრობს:

 

„ცეკვაში ვხედავ დიდ ენერგიას, საკუთარი სურვილების გამოხატვის უნარს, სხეულის ენით მეტყველებას, ცეკვა არის ის, რაც შეგიძლია მთელი ცხოვრება სიამოვნებით აკეთო. ცეკვაში სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, ყოველ დღე უნდა მუშაობდე, ვითარდებოდე. ცეკვა არის ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯი, თუკი სწორად მოძრაობ, ესე იგი ცეკვავ. ჩემს ხასიათთან ყველაზე ახლოს არის ლათინი, რითიც არამარტო გრძნობებს გამოხატავ, არამედ ეს არის ამბავი. ვფიქრობ, ეს ცეკვა გაძლევს საშუალებას, მხატვარივით ფერებით გამოხატო სწორედ ის, რაც გსურს. ცეკვა ნარკოტიკივითაა, ოღონდ ჯანსაღი ნარკოტიკია, თუ დაიწყე, ვერ ეშვები, სულ ისწრაფვი მისკენ. ადამიანები ვიბადებით შინაგანი ენერგიით, რომელიც რაღაც საშუალებით უნდა გამოვხატოთ. მე ასეთ შინაგან დამოკიდებულებას ცეკვით გამოვხატავ“.

 


ცეკვის სიყვარულის მიუხედავად არჩევანი – შეესწავლა საჰაერო ნავიგაცია, დამოუკიდებლად გააკეთა. მაშინ უბრალოდ სურდა, რომ განათლება იმ სფეროში მიეღო, რომელიც „გამოუვიდოდა“, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ეს ცეკვას ჩამოაშორებდა: „ავიაციაში ძალიან ბევრ მეცნიერებას აქვს თავი მოყრილი, ვფიქრობ გამიმართლა, ბევრ პროფესიას დავეუფლე ამ ერთი პროფესიის საშუალებით. ბავშვობაში ვოცნებობდი ვყოფილიყავი სამხედრო მფრინავი, ხშირად პროფესიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ვგრძნობთ რაღაც კავშირს, ხედავ რომ გაქვს უნარები, რომლებიც დაგეხმარება ამ პროფესიაში. პროფესია, საერთო ჯამში, პრაგმატულად ავირჩიე, იმას შევხედე, თუ რისი გაკეთება შემიძლია.

 


2004 წლიდან საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი ვარ, საკმაოდ რთული პროფესიაა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ფრენების რადიოტექნიკურ მომსახურებას ვაწარმოებ, საკმაოდ რთულია სპეციფიკა, შენ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაბარია.“

 

ამბობს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, საკმაოდ სწრაფად გაიარა ყველა ეტაპი, ამიტომაც უფრო ადრე შეძლო პროფესიული ზრდა, ამას ხელი იმან შეუწყო, რომ მუშაობა გადაიარაღების პროცესში მოუხდა, საბჭოური მოწყობილობების ჩანაცვლება ახლით, სირთულეების მიუხედავად, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

 

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დათო დასთან ერთად სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნავდა, ერთდროულად იყო პედაგოგი და მოცეკვავეც. სპორტკლუბი დაარსა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო, ამავე დროს მუშაობდა, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად: „იმ პერიოდში თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ სახეობის განვითარებაზე მუშაობდნენ. მე და ჩემს დას ბევრი შრომა მოგვიწია იმ ყველაფრის გასაკეთებლად. თუმცა რაღაც ეტაპს როცა გადიხარ, შემდგომი განვითარებისთვის გჭირდება ხელშეწყობა, რაც ვერ მივიღეთ შესაბამისი სტრუქტურებიდან. დღემდე ჭირს ბათუმში შესაბამისი ზომის დარბაზის ნახვა.

 

მერე ჩემი და ლონდონში წავიდა, მე თბილისში გადავედი, ვფიქრობდით ერთი წლით შეგვეჩერებინა მუშაობა, მაგრამ სხვანაირად მოხდა, დავიშალეთ”.

 

გამოყოფა: „ინგლისში „Blackpool“-ის ფესტივალზე მინდა მოხვედრა, ეს არის სპორტული ცეკვების მექა. განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, არ უყურებენ ტიტულებს, აინტერესებთ მხოლოდ როგორ გადმოსცემ შენს ემოციებს, აჩვენებ პლასტიკას. ჩემი ოცნებაა იქ ცეკვა, ასაკი ხელს არ შემიშლის, ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან.“

 

წარმატებული საინჟინრო საქმიანობის მიუხედავად დღეს შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ დარჩა ნავიგაციაში და არ გააგრძელა ცეკვა. ცეკვა მანამდეც მიატოვა, პირველად თინეიჯერობის ასაკში, რომელსაც თავად „ყოჩი ბიჭობის“ ასაკს უწოდებს. ბოლოს ცეკვაზე თავის დანებება თერთმეტი წილის წინ მოუწია, შესაბამისად, „ლომკა“ ხშირად აქვს. რომ არ “დაიჟანგოს”, კლასიკურ ბალეტს უთმობს კვირაში სამ საათს: „თუკი ერთი საქმიანობა უშლის ხელს მეორეს, დგები არჩევანის წინაშე – ასეთი არჩევანის წინაშე ერთხელ უკვე ვიდექი, მაშინ საჰაერო ნავიგაცია ავირჩიე. როდესაც საყვარელ საქმეს მოაქვს შემოსავალი, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის, დღეს უკვე სხვანაირ არჩევანს გავაკეთებდი”.

 


ხვალ რას გააკეთებს, არ იცის. ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერს გამორიცხავს, არჩევანის წინაშე თუ დადგა იცის, რომ ახლა ცეკვას აირჩევს, რადგან ამას უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე სხვა რამეს. ჯერჯერობით კი პროექტზე მუშაობს:

 

„ისევ ჩემს დასთან ერთად ვგეგმავ სპორტული ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნვას. ვაპირებთ, შევქმნათ ვებგვერდი, სადაც საინფორმაციო ლენტის სახით იქნება გადმოცემული ყველა სიახლე, რაც საქართველოში სპორტული ცეკვების სფეროში ხდება.

 

ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელიც მოაქვს ეიფორიას. ჩემთვის ცეკვა არის ბედნიერება, რაც არ უნდა დაღლილი შეხვიდე დარბაზში, დაიწყებ თუ არა მოძრაობას, ხდები ბედნიერი, თითქოს ასტრალურ სამყაროში გადადიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ნაბიჯს სწორად დგამ თუ არა, მთავარია, რომ მოძრაობ”.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: