კვირის ამბები

ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

19.09.2014 • 2465
ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

 

 

ბათუმის მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ ორი თვის წინ გამოაცხადა, რადგან პირველ ჯერზე ტენდერი ჩაიშალა, ხოლო გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. ამჯერად ამ პროექტის დასაფინანსებლად მერიამ ბიუჯეტიდან 6 მილიონ 400 000 ლარამდე გაითვალისწინა, თუმცა ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ მერია გამარჯვებულ კომპანიას ხუთი მილიონ 121 000 ლარზე შეუთანხმდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის, ე.წ. “ჟილინის არხის”, რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს. ტენდერში გამაჯვებული კომპანია “GM HIDRO” იღებს ვალდებულებას, “ჟილინის არხის” ღია სისტემა დახურული სისტემით შეცვალოს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “GM HIDRO” 2012 წელს კორნელი კაკაჩიამ დააარსა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობდა. ამ დროისათვის კი კომპანიის 100% წილის მფლობელი 1974 წელს დაბადებული გიორგი ბარამიძეა. გასულ წელს კომპანიას ტიტე დუმბაძე ხელმძღვანელობდა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტ კომპანიას მსგავსი საქმიანობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა:

“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 4 წლის განმავლობაში (2010, 2011, 2012, 2013) და 2014 წლის 1-ელ ივლისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ოდენობით;” – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

რეესტრის მონცემებით ირკვევა, რომ კომპანიას მსგავსი საქმიანობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დაარსების დღიდან სხვა პროფილით მუშაობდა, სამელიორაციო-სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ პროფილი შეიცვალა.
ასევე სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს “GM HIDRO” ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც “ჟილინის არხის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნა.
იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში კომპანიამ ობიექტურად გაიმარჯვა, რადგან მას ჰქონდა შესაბამისი სამუშაო შესრულებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოთხოვნილი, თუმცა, მისივე მოსაზრებით, გამოცდილების შესახებ ჩანაწერი გარკვეულწილად ზღუდავს კონკურენტულ პირობებს ბაზარზე.

 

“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენი რეკომენდაციაც იყო, რომ მთავარია კომპანიის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ფინანსურ მდგრადობაზე გაკეთდეს აქცენტი.” – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმის მერიამ შპს “გზას” ლეონიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე კეთილმოწყობის სამუშაოები დაუკვეთა. ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტმა კომპანიამ შპს “New Road“ – მაც იგივე ფასი, 3 მილიონ 534 869 ლარი დააფიქსირა, თუმცა გამარჯვება შპს “გზას” დარჩა.
შპს “New Road“-ი 2010 წელს ჯემალ უნგიაძემ დაარსა, იგი კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია.

 

შპს “გზას” დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლის ბოლოს დაფუძნებული “გზა” სახელმწიფო დაკვეთებს 2010 წლიდან აქტიურად იღებდა – დაფუძნებიდან 2013 წლის აგვისტომდე მხოლოდ ბათუმის მერიისგან ამ კომპანიას 26 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამას ემატება ის თანხაც, რაც იმავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვის ფორმით დაკვეთილი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გადაუხადეს – ამ თანხამ 5 548 875 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანი ბათუმის სხვადასხვა ტერიტორიაზე გზის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა იყო.

 

ამავე კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების სამშენებლო სამუშაოებიც. პროექტის საერთო ღირებულება – 7 348 029 ლარი იყო. შპს “გზამ” გასულ წელს, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღო ბათუმის მერიისგან თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა. ამ კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობაც. 2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე შპს “გზამ” `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ 50 ათასი ლარი შესწირა.

 

კიდევ ერთი ძვირადღირებული კონტრაქტი მერიამ შპს “ზიმოსთან” გააფორმა. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ფასად ნინოშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის ვალდებულება აიღო. შპს “ზიმოც” “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო.

 

ბათუმის მერიამ მილიონ 200 000 ლარი გაითვალისწინა კახაბრის უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, სამუშაოები შპს “მტმ”-ს დაუკვეთეს. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული მევლუდ გეწაძის მიერ. #13 ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კი “ნიუ კონსტრაქშენი” ასრულებს, კომპანიამ მილიონიანი ტენდერი ელექტრონულ ვაჭრობაზე 900 000 ლარამდე დაწია.

 

2014 წლის ივლისში ბათუმის მერიამ სასმელი წყლის აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც თითქმის ოთხ მილიონამდე ლარი გაითვალისწინა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და ელექტრონულ ვაჭრობაზე პირველ რაუნდში ორივემ ერთი და იგივე ფასი – 3 მილიონ 868 996 ლარი დააფიქსირა. საბოლოოდ გამარჯვება თურქულ კომპანია”ER-YA INSAAT TURIZMVE TICARET A.S.-ს დარჩა, რომელმაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის საბოლოო ფასი – 3 მილიონ 752 910 ლარი დააფიქსირა და `ბათუმის წყალს~, რომელიც მერიის დაფუძნებული კომპანიაა, თერთმეტი თეთრით აჯობა, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე საბოლოო ფასი 11 თეთრით ნაკლები დააფიქსირა. შპს `”ER-YA INSAAT TURIZM VE TICARET A.S.”- ის შესახებ საჯარო რეესტრში მონაცემები არ იძებნება, კომპანიას საქართველოში რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ბათუმში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. კომპანიის სახელით ხელშეკრულებას ხელს თურქეთის მოქალაქე რაშით უსთა აწერს.

 

მსგავსი ტიპის სამუშაოების შესყიდვაზე გასულ წლებში ბათუმის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და სამუშაოებს თავის შვილობილ კომპანიას “ბათუმის წყალს” პირდაპირი წესით უკვეთავდა. ამჯერად მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: