კვირის ამბები

ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

19.09.2014 • 2147
ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

 

 

ნესტანი კლინიკა „გენეზისში” რეაბილიტოლოგად მუშაობს, სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიეჩქარება, სადაც მეუღლე უნდა ჩაანაცვლოს სამი წლის თედოსთან, დარჩენილი დრო კი ცეკვას ეთმობა. ცეკვავს საკუთარი თავისთვის და არა სცენისთვის, უფრო იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ბევრისთვის უწევს ახსნა, თუ როდემდე უნდა იცეკვოს, მსგავსი შინაარსის კითხვაზე ცოტა ღიზიანდება, ვერ ხვდება რატომ უნდა თქვას უარი იმაზე, რაც ასე ახალისებს და აბედნიერებს:

 

„თუ არ ვიცეკვე, კარგ ხასიათზე არ ვარ. აღფრთოვანებული ვარ არგენტინული ტანგოთი, ნებისმიერი ლათინო ამერიკული ცეკვით. ადამიანი, რომელსაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს, შეუძლებელია არ გახდეს ამაზე დამოკიდებული” – ამბობს ნესტანი.

 

ცეკვა 19 წლისამ დაიწყო, მაშინ როცა სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ფიტნესცენტრში მიმავალს გზად ახლობელი შეხვდა, რომელმაც საკუთარ სტუდიაში მისვლა სთხოვა. სტუდიაში სამეჯლისო ცეკვები აჩვენეს, ნესტანი იქვე მოკალათდა და სამუდამოდ დარჩა რიტმის ტყვეობაში: „დარბაზის კუთხეში დავჯექი და ვთქვი – მე აქედან არ წავალ. ბავშვებთან ერთად დავიწყე ცეკვა, ეს ცოტა სასაცილო იყო.

მინიკონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა, თავიდან ჩემმა მასწავლებლებმა რომ შემომთავაზეს, არასერიოზული მეჩვენა, ამხელა გოგო როგორ გავიდე კონკურსზე, როცა პატარები უკეთ ცეკვავენ-მეთქი, მაგრამ დამარწმუნეს.”

 

 

ნესტანი ექიმია, თუმცა თეთრ ხალათს არ ატარებს, ამბობს, რომ ასე მისი პაციენტებისთვის ნაკლდებად “საშიშია”. „თეთრი ხალათით ბავშვები შინდებიან, ამიტომაც არ ვიცვამ. საკურორტო ზონაში ვცხოვრობ, ამიტომაც გადავწყვიტე ამერჩია ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია. გამოყენებადი პროფესიაა, არ ვარ სიტყვაძუნწი ექიმი, ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ვჭირდები და ეს სრულებით საკმარისია.” – ამბობს ნესტანი.

 

ნესტანი მომავალში პროფესიონალურ ზრდას გეგმავს, როგორც ცეკვის მხრივ, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა ბედნიერია იმით, რა შესაძლებლობებიც მიეცა. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ „მაპოს” პროგრამით სწავლა პეტერბურგში ფიზიოთერაპიის მიმართულებით განაგრძო ორდინატურაში, შემდეგი იყო შვეიცარია და კვალიფიკაციის ცვლილება: „როცა შენ მიდიხარ უცხო ქალაქში საცხოვრებლად, ძალიან მალე იზრდები, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, დაგეგმო. როცა სასწავლებელში მითხრეს, რომ ხარ არა სტუდენტი, არამედ ექიმი და შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, პირველად გათვიცნობიერებულს მაშინ მომინდა ექიმობა, დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმში დავიწყე მუშაობა, შვეიცარიიდან გვსტუმრობდა რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა კონსულტაციებს. გადაწყვიტა, რომ მე შემიძლია გადაკვალიფიცირება, ტრენინგებზე მიმიწვია ერევანში, სადაც არის ევროსტანდარტების რეაბილიტაციის ცენტრი. მერე წავედი შვეიცარიაში, ბავშვთა რეაბილიტაციის კლინიკაში.”

 

ნესტანი ამბობს, რომ პროფესია და ოჯახი ხელს არ უშლის თავისი ჰობისათვის კვირაში სამჯერ დრო გამოყოს, მეუღლესთან კი შეთანხმება აქვს: „მე და ჩემი მეუღლე მოლაპარაკებულები ვართ, იმასაც აქვს თავისი ჰობი – „სნუკერი”, რომლის სათამაშოდაც დადის, მე ცეკვა მიყვარს, მას მოსწონს ჩემი ცეკვა, განსაკუთრებით როცა ერთად ვცეკვავთ. საერთო ჰობიც გვაქვს, ხშირად დავდივართ „ციცინათელაში”, ბოულინგის სათამაშოდ, წყვილებთან შეჯიბრი სახალისოა, ადრენალინი გაწვება, როცა მოწინააღმდეგის დამარცხება გსურს.”

 


რომ არ „დაიჟანგოს”, კლასიკური ქორეოგრაფიის გაკვეთილებზე დადის: „მეწყვილე მყავს ლათინური ცეკვების მასწავლებელი, რომელთან ერთად ერთი საათით ვქირაობ დარბაზს. გვყავს ქორეოგრაფი, რომელიც გვეხმარება ახალი მოძრაობების სწავლაში. კლასიკური ქორეოგრაფია გვმატებს გრაციას. გვინდა, რომ გვქონდეს კარგი ფორმა, შეგვინარჩუნდეს ცეკვის უნარი. ისე არ მახალისებს, როგორც ლათინო ან სტანდარტული ცეკვები, მაგრამ მე ეს მჭირდება, რომ არ დავკარგო პლასტიკა, მაკმაყოფილებს იმის განცდა, რომ უქმად არ ვარ. არასოდეს მიცეკვია ფოქსტროტი, მინდა, ვიცეკვო, უბრალოდ დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ვისწავლო. ცეკვას მანამ ვაპირებ, სანამ ფიზიკურად მექნება ამის შესაძლებლობა.”

 


ხშირად კოლეგებთანაც უწევს იმის მტკიცება, რომ ცეკვაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც სპორტული მედიცინა. ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია ფიზიკური დატვირთვა, მიუხედავად იმისა, სპორტულ სახეობად არის აღიარებული ის თუ არა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: