კვირის ამბები

gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

17.09.2014 • 3909
gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

 

გოგა sus
გოგა sus

 გოგა, ბათუმში როგორ აღმოჩნდი?

 ჩემმა მეგობარმა გახსნა სალონი და შემომთავაზა ორი თვით მემუშავა, ბათუმში ისედაც ხშირად ჩამოვდივარ, სემინარებსა და ტრენინგებს ვატარებ, ამიტომაც ეს წინადადება ჩემთვის უფრო საინტერესო იყო.

 პროფესია როგორ აირჩიე, რამდენი წელია რაც სტილისტი ხარ?

 სულ მინდოდა სტილისტობა, სულ სხვა რაღაცას ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ პროფესიით, თოჯინებს თმებს ვუკეთებდი. ათი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესია და ასე ვაგრძელებ მუშაობას.

დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, რატომღაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი, სამედიცინოზე მაბარებინებდნენ. ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს და არ შემეწინააღმდეგნენ.

 

gogasus
gogasus

 რა მოგწონს შენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

 ზოგადად ჩემი პროფესია არის დადებითი, სილამაზეა, ერთგვარი ხელოვნება. მე ჩემი პროფესიით ვცხოვრობ, ამის გარეშე არ შემიძლია. სულ უნდა ვასწავლო, კოლექციები ვაკეთო, სიახლეებზე ვიფიქრო, ვიმუშავო. მარტო სალონში არ მივდივარ სამუშაოდ.

 სად შეისწავლე ეს პროფესია?

 სულ პირველად თბილისში, მაგრამ არ ვიცი იმას სწავლა თუ ერქვა. ნასწავლი მაქვს მსოფლიოს ყველა წამყვან აკადემიაში, დაწყებული კიევიდან, დამთავრებული ლონდონის აკადემიით, როგორებიცაა: „alexandre de paris-ი”, “ლორეალის”, „Pivot Point”-ის, „Matrix”-ის, “Vidal Sassoon”-ისა და “toni and guy”- ის აკადემია.


 როგორ მოახერხე აქ სწავლა?

 ჩემი ხარჯებით, რა თქმა უნდა. ამ აკადემიებში მოხვედრისთვის 2000 და 3000 ევრო არ არის საკმარისი, ბევრად უფრო ძვირია, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა დახმარებითაც ვხდებოდი ამ ჯგუფებში. ორკვირიანი კურსები მაქსიმალური დატვირთვით, ყველაზე სტაბილურია.

 რა დაგეხმარა წარმატების მოპოვებაში?

ვერაფერი დაგეხმარება იმაში, რომ გახდე წარმატებული, თუ არ გაქვს ნიჭი და გემოვნება, სხვა შემთხვევაში სტაბილურად პოპულარული ვერ იქნები ამ საქმეში. შეიძლება გახდე პოპულარული რომელიმე ცნობილი სახის შენთან ვიზიტით, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ყველას დაავიწყდები. მთავარია ნიჭი და მონდომება, როცა გაქვს სურვილი, მერე სწავლობ, რომ სწავლობ, მერე უფრო მეტი შეგიძლია, დაინტერესებაც დიდი გაქვს.


 რთულია ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება?

ძალიან რთულია, უამრავი სტილისტია საქართველოში, თუმცა მათ შორის ცნობადი და წარმატებული _ ძალიან ცოტა, შესაბამისად რთულია დამკვიდრება. მე არ გამჭირვებია, ჩემთვის არაფერი რთული არ არის, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ, რასაც ჩავიფიქრებ, იმას აუცილებლად ვაკეთებ, ამისთვის ყველაფერს გავიღებ.


შენს სემინარებსა და მასტერკლასზე როგორ შეიძლება მოხვედრა?

 უკვე ხუთი წელია ვასწავლი, მე ვარ კომპანია „ლორეალის” ტექნოლოგი საქართველოში, აკადემიაში ვასწავლი „Pivot Point”-ის, მაქვს კიდევ ჩემი პირადი კურსები: “goga sus academy”, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია.


 როგორი ტრენერი ხარ?

 შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სტილისტები, რომლებიც ჩემთან სწავლობდნენ, არიან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები. მკაცრი კი არა, უარესი ვარ. როცა საქმე ეხება ჩემს სახელს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, რაც წლები მიშენებია, ვიღაცას არ დავანგრევინებ, ამიტომაც ჩემი სახელის გამო მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვიდეს კარგი.


როგორ ფიქრობ, კონკურენტულ გარემოში გიწევს მუშაობა?

 ჩემი კონკურენტი ვერავინ იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ ერთადერთი საქართველოში, რომელსაც ამხელა ბაზა აქვს, რომელიც ამდენს მუშაობს, რომელიც ასეთი ტემპით მიდის წინ. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე დამეწევა, მეტი სტიმული მომეცემა.


 როგორც ვიცი, საქართველოში მხოლოდ თქვენ აკეთებთ “ჰეარ შოუს”, ეს ასეა?

კი, ნამდვილად. ბათუმშიც გავაკეთე შოუ. ასეთ შოუებს ვაკეთებ ყოველ წელს, სექტემბერშიც მექნება კიდევ ერთი, საქართველოს ღია ჩემპიონატია სტილისტებს, ვიზაჟისტებსა და მანიკიურის სპეციალისტებს შორის, ყოველ წელს ამ ჩემპიონატს ვხურავ ჩემი შოუთი. ეს არის მაღალი მოდა, იმ ვარცხნილობებით, რომლებიც გამომაქვს შოუზე, ვერავინ გავა ქუჩაში, ეს არის ხელოვნება, ბევრს არ ესმის. ასეთი შოუებით აჩვენებ შენს კლასს და გემოვნებას. ძალიან მომწონს, რომ ჩემ გარდა ვერავინ ვერ აკეთებს მსგავს შოუს საქართველოში.

 

 როგორი მომხმარებელი გყავს, თუ არიან პრეტენზიულები?

 მიმაჩნია, რომ ჩემი მომხმარებლები საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე თავმოყვარე ქალები არიან. ჩემი მომხმარებლების პრეტენზია არ მაწუხებს, რადგან ისინი ჩემზე პრეტენზიულები არ არიან. ჩემთან რომ მოდიან, არც არაფერს ვეკითხები, ვიცი რაც სჭირდებათ, შესაბამისად აღარც მეკითხებიან, ჩემთან იმიტომ მოდის, რომ გავუკეთო ის, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ. გაფეტიშებული არც ერთი ვარცხნილობა არ მაქვს, მომწონს ყველაფერი, რაც გემოვნებითაა გაკეთებული, განსაკუთრებით მომწონს გრძელი თმა, რომელიც არის დავარცხნილი და კარგი ფერის.

 ვარცხნილობების კუთხით როგორი ტენდენციაა საქართველოში?

ძალიან ცუდ დღეში ვართ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალები ყველაზე ცუდად უვლიან თავს. არ უვლიან ფიგურას, ძალიან ცოტაა დიეტაზე, ძირითადად ურჩევნიათ ჭამონ კარგი `კალბასი~, ვიდრე ჰქონდეთ ლამაზად დავარცხნილი თმა ან მოწესრიგებული ფრჩხილები. ვისურვებდი, რომ ბევრი გაპრანჭული ქალი დადიოდეს ქუჩაში. ქალი თმადაუვარცხნელი არ უნდა გამოდიოდეს.

შენს ახლობლებს თუ აძლევ შენიშვნებს?

ჩემი მეგობრები გაწამებული მყავს, თუ უნდა მნახონ, თმა აქვთ ფორმაში და ქუსლზე დგანან, შესაბამისად შეეჩვიენ ამას და უკვე ყველა ჩემი მეგობარი დადის გამოპრანჭული. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

 

რომ არა სტილისტი, ვინ იქნებოდით?

სავარაუდოდ პოლიტიკოსი, სხვა ცხოვრებაში ნამდვილად ვიქნებოდი პოლიტიკოსი. ვიქნებოდი მინისტრი ან პრეზიდენტი, ალბათ სპორტის, ვგულშემატკივრობ ქართულ სპორტს, მომწონს რაგბი და წყალბურთი. ჩემი ცხოვრების სტილია ფიტნესი, ვარ მოყვარული მთის ბაიკის.

 რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ უნდა მოუარონ თმას?

 ვურჩევ, იარონ კარგ სტილისტთან, თუ არ აქვთ ამის საშუალება, გამოიყენონ ხარისხიანი თმის მოვლის საშუალებები, მხოლოდ სანდო ბრენდის შამპუნი და ნიღაბიც ნიშნავს იმას, რომ თმა მოვლილია. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ხალხური მეთოდის, არანაირი მაიონეზი და ზეთები თავზე არ წაისვან.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ოქტომბერში ვაპირებ ლონდონში წასვლას სასწავლებლად, თუ არაფერი შეიცვალა, მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ. მოწვევებს ხშირად ვიღებ უცხოეთიდან, რამდენიმე დღის წინ მქონდა ნიუ-ორკიდან მოწვევა, თუმცა ჯერ არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას, ვფიქრობ, ჯერ აქ არ ამომიწურავს თავი, მერე ალბათ წავალ, მანამდე კიდევ ორ სალონს გავხსნი თბილისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: