კვირის ამბები

კინო ღია ცის ქვეშ პოლიეთილენის პარკებისა და საბურავებისაგან

28.08.2014 • 2348
კინო ღია ცის ქვეშ პოლიეთილენის პარკებისა და საბურავებისაგან

ურბანული ხელოვნების ფესტივალი „არტ აქტივი“ 2014 ბათუმში ნარჩენების მეორადი გამოყენების გზით,  ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ღია ცის ქვეშ ეკო-კინოთეატრს მოუწყობს. ნარჩენების ხელახალი გამოყენება ერთხელ  მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას გულისხმობს.

„ვფიქრობდი, როგორ შეგვეძლო ნარჩენების შემცირება და მისი მეორადად გამოყენება. ჩვენი პროექტი იქნება პატარა კინო ღია ცის ქვეშ. ეკრანი გაკეთდება იმპორტირებული საქონლის შესაფუთი მასალისგან (ცელოფნისგან), გადაყრილი საბურავებისგან კი გაკეთდება დასაჯდომი სკამები. ერთი მხრივ, ეს იქნება ნივთების მეორადი გამოყენება და მეორე მხრივ, კინო ღია ცის ქვეშ, რომელიც ბათუმს არა აქვს,“ – ამბობს პროექტის კურატორი ნინი ფალავანდიშვილი.

ურბანული ხელოვნების ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყო. ფესტივალის გამართვა ევროკავშირის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფინანსური დახმარებით, ქალაქ ბათუმის მერიისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. პროექტს ორი მოწვეული  კურატორი ჰყავს, ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი) და თამარ ბოკუჩავა (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში). ფესტივალი მადრიდელი ურბანული ხელოვნების კოლექტივ „ბასურამასთან“ ერთადაა ორგანიზებული. „ბასურამა“ 12 წელია ნაგვის, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის ყველა შესაძლო ფორმას, ზემოქმედების გზებსა და მეთოდებს იძიებს.

ფესტივალის მიზანი პლასტმასის, პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირება, ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და გარემოზე ზრუნვის შესახებ ინფორმირება, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.

მონიკა გუტიერეს ერერო, „ბასურამას“ ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბასურამას მიზანია ნარჩენებს მანამ გაუგრძელოს ცხოვრება, სანამ ნაგავსაყარზე მოხდება.

„ერთგვარი  ჯაჭვია – პროდუქტი, მომხმარებელი და ნაგავი. ადამიანს ჰგონია, რომ შეკრავს პარკს, გადააგდებს ნაგავს და იქ მთავრდება ყველაფერი. ნაგვის გადაგდების შემდეგ არ სრულდება მისი ცხოვრება. ის შეიძლება მოხვდეს გარემოში, დააბინძუროს და ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს ყველაფერს. ჩვენი მიზანია, პროდუქტს, რომელსაც გამოიყენებ, სანამ მესამე ფაზამდე, ანუ ნაგავში ჩავარდნამდე მივა, თავიდან დავაწყებინოთ ცხოვრება. გამოვაცალკევოთ და გამოვიყენოთ. სხვა დანიშნულება მივანიჭოთ“, – ამბობს მონიკა.

„ყველაფერი რაც აღარ გამოდგება, ჩვენი საზოგადოება მოისაზრებს ნაგვად და ეს უნდა გადაიყაროს. ჩვენი მესიჯია, რომ ამ ნარჩენებს მეორადი სიცოცხლე მივცეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორადი ნარჩენებისგან შეგვიძლია ძალიან მაგარი რამე გავაკეთოთ. ეს, როგორც ჩვენი, ისე მოწვეული არტისტების ჯგუფის „ბასურამას“ იდეოლოგიაა,“ – ამბობს  ფესტივალის კურატორი თამარ ბოკუჩავა.

მისივე თქმით, ნარჩენების მეორადი გამოყენებით ურბანული სივრცე გარდაიქმნება.  შემდეგ კი მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„როდესაც გაკეთდება კინოთეატრი – მოვლენ, დაჯდებიან, დაისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართული ამ პროექტში. ვფიქრობ, სხვანაირად გაიაზრებენ, სხვანაირად შეხედავენ ნარჩენების თემატიკას. მერე თავად შეიძლება გაუჩნდეთ იდეები, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას,“ – ამბობს თამარ ბოკუჩავა.

ნარჩენებისგან – შესაფუთი პოლიეთილენის პარკებისა და გამოყენებული საბურავებისგან დამზადებული კინოთეატრი 28 აგვისტოს, ანბანის კოშკთან, გალერეა 41/41-ის გვერდით გაიხსნება.

ნინი ფალავანდიშვილი: „ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შევიდეს ინციატივით და გამოიყენოს ეს სივრცე კინოჩვენებისთვის. ეს იქნება სივრცე, რომელიც დააფიქრებს ადამიანს, რომ თურმე ეს ბორბლები შეიძლება გამოვიყენოთ. უნდა ვიფიქროთ ნარჩენების მეორად გამოყენებაზე. მაგალითად იმაზე, თუ  როგორ შეიძლება საქანელების გაკეთება დარჩენილი  ფიცრებისგან, თოკებისგან. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ოდესღაც ვაკეთებდით. უბრალოდ, მერე ყველაფრის ინდუსტრიალიზაციამ, კომერციალიზაციამ და ჩვენმა მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ – ვიყიდოთ, ვიყიდოთ, ვიყიდოთ, გააქრო ჩვენში კრეატივი. ყოველ ადამიანშია არსებული ინდივიდუალური კრეატივი – რაღაცისგან გავაკეთოთ რაღაცა სასარგებლო. არ წავიდეთ აუცილებლად სუპერმარკეტში და ვიყიდოთ ახალი ნივთი. ვხედავ ერთგვარ ნიჰილიზმს, როცა გარემოს დაცვა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს საქმეა. არა, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ყოველმა ადამიანმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რომ ნაკლები ცელოფანი წამოვიღოთ მაღაზიიდან. თითოეული ასანთი, წყალი თუ ტუალეტის ქაღალდი თითო ცელოფანში არ დავდოთ… ამით ძალიან დავეხმარებით ჩვენს გარემოს. უთხარით გამყიდველს – არ მინდა პარკი. ეს ცელოფანი, რომელიც მერე უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყარზე მოხვდება, 500 წელი არ გაიხრწნება. ამის მიხვედრაც უკვე დიდი სტიმულია. ძალიან იოლია მაგალითად გავაკეთოთ ნაჭრის ჩანთები. ყველას გვაქვს ძველი ტანსაცმელი, რომელიც აღარ მოგვწონს და რომელსაც ვყრით. ამ ტანსაცმლისგან რომ გავაკეთოთ ჩანთები და ამით ვიაროთ მაღაზიაში, უკვე კარგი სტიმული, კარგი მაგალითია. არ დაყაროთ ნაგავი, დარწმუნებული ვარ, არავის არ სიამოვნებს, ზღვაში ცურვის დროს პარკი რომ ცურავს შენ გვერდით“.

გადაბეჭდვის წესი