კვირის ამბები

ობსერვატორია ახლო ხედით

11.08.2014 • 6791
ობსერვატორია ახლო ხედით

 

 

როცა უკვე ყველაფერი მზადაა, სპეციალისტი დამთვალიერებელს რიგის მიხედვით ტელესკოპის ლინზაში გახედვის საშუალებას აძლევს. ციური სხეულის ნახვის ემოციას დამთვალიერებელი სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგიერთი ტელესკოპთან გატარებული დროის ნაკლებობაზეც კი წუწუნებს. სპეციალისტი იძულებული ხდება მეტი ახსნა-განმარტება გასცეს. ერთ მნახველს ტელესკოპთან დაახლოებით 2-3 წუთს გაჩერების შესაძლებლობა აქვს. 

 

მუზეუმში დამთვალიერებელს ობსერვატორიის შექნასთან დაკავშირებული ნივთების ნახვა, მისი დაარსების დღიდან იქ მომუშავე სპეციალისტებისა და მათი ნაშრომების შესახებ ჩანაწერების გაცნობა შეუძლია.

 

 

ობსერვატორია აბასთუმნის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრზეა. ექსკურსიის არანაკლებ საინტერესო ნაწილი სპეციალისტის ლექციაა.

 

 

სპეციალისტი დამთვალიერებლებს პლანეტებისა და ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ უყვება. მისი თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: „აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი, მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი“.

 

 

 

მუზეუმში გამოფენილი ჩანაწერების მიხედვით, აბასთუმანში ციური სხეულების დაკვირვება რუსეთის იმპერიის უფლისწულის, ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება.

 

 

გიორგი რომანოვი ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული და იმპერიის საუკეთესო ექიმებმა მას აბასთუმანში მკურნალობა ურჩიეს. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები იმ დროშიც ყოფილა ცნობილი.  როდესაც რუსეთის იმპერიის ჯარები საქართველოში განლაგდნენ, სამხედრო ექიმები გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ დაჭრილთა მკურნალობა აბასთუმანში, სხვა ადგილებთან შედარებით, უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა.

 

 

გიორგი რომანოვს აბასთუმანში მთელი ამალა ჩაჰყოლია. ავადმყოფობის მიუხედავად, ახალგაზრდა უფლისწულს განათლების მიღება არ შეუწყვეტია,  ხშირად მას რუსეთის იმპერიის წამყვანი პროფესორები სტუმრობდნენ.

 

 

უფლისწული  ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანკტ-პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებოდა.

 

 

ამ ობსერვატორიას დღეს გიორგი რომანოვის კერძო ობსერვატორიას უწოდებენ.  მისი გარდაცვალების შემდეგ ობსერვატორია დაუხურიათ.

 

 

შემდეგ, 1932 წელს, საბჭოთა კომისარიატის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ობსერვატორია დაბა აბასთუმნიდან იქვე, ქონაბულის მთაზე გადაიტანეს.  ობსერვატორიას დაარსების დღიდან, მას სათავეში ახალგაზრდა მეცნიერი, ევგენი ხარაძე ჩაუდგა. ის 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო.

2007 წლიდან ობსერვატორია ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად.

 

 დღეს ობსერვატორიაში სამოცდაათამდე მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათი ხელფასი საშუალოდ ექვსასი ლარია და სახელმწიფო ობსერვატორიას ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ლარით აფინანსებს, ექსკურსიით შემოსული თანხა კი ადგილობრივ სამეურნეო ხარჯებს, შენობებისა და აპარატურის მოვლა-პატრონობას ხმარდება.

 

 

ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას თქმით, „დღეს მიმდინარე კვლევები მოიცავს ვარსკვლავთასტრონომიის, გარე გალაქტიკების, მზის სისტემის, მზის ფიზიკის, ატმოსფეროსა და კოსმოლოგიას“.

 

 

ობსერვატორიის ტექნიკური გადაიარაღება, რაც დიდ თანხას უკავშირდება, მნიშვნელოვანია როგორც აქ მომუშავე მეცნიერებისთვის, ასევე აბასთუმანში მცხოვრები ოჯახებისთვისაც, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ აქ ჩამომსვლელი დამსვენებლისთვის სუფთა და მშრალი ჰაერისა და სამკურნალო წყლების გარდა  ობსერვატორია კიდევ ერთი მთავარი ხიბლია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: