კვირის ამბები

გაქრობის პირას მიყვანილი მარადიდი

01.08.2014 • 4170
გაქრობის პირას მიყვანილი მარადიდი

 

 

ზედა მარადიდი – სახელგადარქმეული (მურათლი), თურქეთის შემადგენლობაში შემავალი, ქვედა მარადიდი კვლავ ცოცხალი, არსებობისთვის მუდმივად მებრძოლი.

 

ქვედა მარადიდის ზოგიერთ უბანთა ისტორიულ სახელები: ქედი, ლიმურეთი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ნამასკლავეთი, ქუშალლა, ყორნალი, ქვაბიში, კვრიკეთი. ფანჩვეთი, ბრევეთი, კაპანი, ქეციქეთი. სოფელს აკრავს მცირე ზომის დაბლობი: ჯამეკარი, დუზქოი, სკელე და მირვეთვაკე. იგი მთლიანად ღელეთა და მდინარე ჭოროხის მოტანილი ქვა-ღორღითაა შექმნილი. მარადიდის ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ უბანში შეიმჩნევა ძველ დროში დასახლებების არსებობის კვალი. ამჟამად დასახლებულია ჯამეკარი, დუსქოი, ქედი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ბრევეთი და ქეციქეთი.

 

სოფელს ორი პატარა ღელე ჩამოუდის. ერთი ღრემშიღელის სახელითაა ცნობილი, მეორე კი ბრევეთის ღელით. ადიდებული პატარა ღელეები საშინელი სანახავია. ამ დროს ისინი ისე მძლავრები არიან, რომ შეუძლიათ ექვსი კუბური მეტრის ქვების თავისუფლად ტარება, დინების სიჩქარე ძალიან დიდია, გარშემო ყველაფერი ზანზარებს, გამაყრუებელი ხმაურია, ჰაერში ლაყე კვერცხის სუნი ტრიალებს, მისი დინების გზაზე ყველაფერს თვალის დახამხამებაში ანგრევს და ანადგურებს. ამ დროს დინების მიმართულება წამებში იცვლება. კალაპოტის შეცვლის მექანიზმი ასეთია: მდინარე უზარმაზარი მასის ქვა-ღორღის გადატანას დამრეც და ვიწრო კალაპოტში ადვილად ახერხებს, მაგრამ დაბლობზე ძალა არ ჰყოფნის მის მიერ მოტანილი მასის გადაადგილებისთვის.

 

ეს მასა უჩერდება, შემდგომში მოტანილი ქვა-ღორღით რამდენიმე წუთში მდინარის კალაპოტი მაღლდება, უსწორდება დაბლობის სიმაღლეს და შემდეგ დინების მიმართულებას იმ მომენტში შექმნილი სიტუაცია წყვეტს. გასულ საუკუნეში სოფელში მოხდა სამი დიდი წყალდიდობა (1941 წ. ორმოცდაათიან წლებში, 1968 წ.). 1941 წლის წყალდიდობას მოყვა ღრემში ღელის კალაპოტის შეცვლა. ახლდა ადამიანთა მსხვერპლიც.

 

1968 წლის წყალდიდობის დროს ღრემში ღელემ შეაჩერა მდინარე ჭოროხის დინება, რის გამოც დაიწყო ჭოროხის შეგუბება. ასეთი ორთაბრძოლა დაბლობში მცხოვრებელი მოსახლეობისათვის შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო, მაგრამ ბუნებამ გადაწყვიტა მისი კარგად დასრულება.

 

ბოლოს მოვიყვან გამოცდილ ხალხთა დარიგებას: „ადიდებულ ღელეს ვერ გაასწრებ, ადიდებულ ჭოროხზე გასწრება კი შეიძლება“. დასკვნა: ადიდებულ ღელეს დროულად მოცილდი. ძველ დროში მდინარის ნავალ ადგილას საცხოვრებელ სახლებს არასოდეს აშენებდნენ. სჯეროდათ გამონათქვამისა მდინარე თავის ნავალ ადგილს ერთხელ მაინც დაუბრუნდებაო. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჯამეკარი, დუზქოი და მირვეთვაკე დაუსახლებელი იყო. ახლა კი ჯამეკარი და დუზქოი ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული, მირვეთვაკე კი სახნავ-სათეს მიწად გამოიყენებოდა.

 

 

საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით მირვეთ-ვაკის ტერიტორიაზე დაიწყო ჰესის მშენებლობა კირნათის სახელწოდებით (ჯერ ერთი ჰესი შენდება სოფელ მარადიდის ტერიტორიაზე და რატომ ჰქვია მას კირნათის ჰესი? აქ ხომ არა არის ჩადებული მზაკვრული განზრახვა გაქრეს ხსენებიდან ისტორიული სოფლის მარადიდის სახელი). ჯერ გათვალისწინებული იყო 11-მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა, რაც გამოიწვევდა მირვეთ-ვაკისა, სკელესა დუსქოის დაბლობების წყლით დაფარვას. ახლა კი საუბარია 15 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში დაიფარება სოფელ მარადიდის მთელი დაბლობი. საცხოვრებელი სახლების დატოვება 15-ზე მეტ ოჯახს მოუწევს. გადასატანი იქნება 190-მდე საფლავი. 

 

თურქეთის ტერიტორიაზე სოფელ მარადიდიდან დაახლოებოთ 3 კილომეტრში მდინარე ჭოროხზე აშენებულია კიდევ ერთი ჰესი. კაშხლის მშენებლობის დროს ჩამოჭრეს მიმდებარე მთა, რომელიც ხეობას იცავდა გამჭოლი ქარისაგან. ამან გამოიწვია ჭოროხის ხეობის გახსნა, რის გამოც, ხეობაში წარმოშობილმა ერთ-ერთმა ქარბორბალამ (სოფელში ქარბორბალას არსებობა მანამდე არავის სმენია!), ჭოროხის კალაპოტთან აღებული მრავალწლიანი ნარგავები ფესვებიანად მოთხარა, ზოგიერთი კი მერქანზე გაწყვიტა. ჭოროხის გაუთავებელმა ჩაკეტვებმა გაანადგურა მდინარეში თევზი, კიბორჩხალი, ხმელეთზე კი-ბაყაყები. სოფელში გაჩნდა კოღოები. ჭოროხის დინების შეწყვეტამ გააჩერა ჭოროხის ხეობაში ქარების მოძრაობაც, რის გამოც დაბლობში მოიმატა ტენიანობამ. შემცირდა მოსავლიანობა, დანესტიანა ფუტკრის სკები და დაბლობში თაფლის წარმოების მეურნეობებიც განადგურებამდე მიიყვანა. საცხოვრებელ ბინებში ისე მოიმატა სინესტემ, რომ გგონია სველ ლოგინში წევხარ.

 

15-მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენების შემთხვევაში, მომატებული ნესტიანობა სოფელში კიდევ უფრო გააძლერებს მეწყერულ მოვლენებს. 200-300 წლის წინათ მომხდარმა მეწყერმა შექმნა ის დაბლობი, სადაც ამჟამად სოფლის სასაფლაოა. არაა გამორიცხული ანალოგიური მეწყერის გამეორებისა, რადგანაც ბრევეთის ღელის კალაპოტში შეიძლება გეზენიდან (მარადიდში არსებული მთის ერთი ნაწილის სახელწოდებაა) ჩამოწვეს მთის ნაწილი, ამის წინაპირობა არსებობს, რადგან მთის დიდ მასას მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს (დაახლოებით 8-10 მეტრის სიმაღლეზე მთის ქანების დიდი მასა უკვე ჩამოწეულია). წყალდიდობის დამანგრეველ ძალას ვერ შეაჩერებს ვერც ღელის გასუფთავებული კალაპოტები და ვერც ღელეებში გაკეთებული ჯებირები. შედეგში მივიღებთ ქვა-ღორღით კაშხლის ტერიტორიის შევსებას და წყლის მასის კაშხალში შემცირებას.

 

მოხდება რა მარადიდის დაბლობზე მცხოვრები ოჯახების განსახლება, იგი შეცვლის სოფლის ინფრასტრუქტურასც. შემცირდება სოფლის მოსახლეობა. მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო შეიძლება დაისვას სოფელში საშუალო სკოლის გაუქმების საკითხიც (ქართული სკოლა სოფელ მარადიდში პირველად 1886 წელს გაიხსნა და 120 წლის იუბილე 2006 წელს იზეიმეს). ისედაც ნესტიან სოფელში, ნესტიანობის მომატების შემთხვევაში მოსავალი არ მოვა და ხალხი იძულებული იქნება დატოვოს სოფელი, ე.ი. მარადიდი დაიცლება მოსახლეობისგან. ისტორიული სოფელი მის სახელთან ერთად გაქრება საქართველოს რუკიდან.

 

რომ არ მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი, კირნათის ჰესი ან არ უნდა აშენებულიყო, ან მისი კაშხლის სიმაღლე, უკიდურეს შემთხვევაში 11 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ჰესის აშენების შემთხვევაში მარადიდის მცხოვრებლებს უნდა გადაუხადონ არა მარტო მიყენებული მატერიალური, ასევე მორალური ზარალიც. კირნათის ჰესის მშენებელი კომპანიის ბოლოდროინდელი მოქმედებიდან ჩანს, რომ მას ამის დიდი სურვილი არა აქვს.

გადაბეჭდვის წესი