Batumelebi | რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა – Batumelebi
RU | GE  

რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა

 

მიიჩნევა რომ ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი – ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რომ ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე უარის თქმა, ორგანიზმში სხვადასხვა საჭირო ნივთიერების დეფიციტს წარმოშობს. ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაულის თქმით, ამ დეფიციტის შევსება სხვა პროდუქტების ხარჯზე, სრულად ვერ ხერხდება.

 

 

რა ვიტამინებს შეიცავს ხორცი და რას იწვევს მათი დეფიციტი ორგანიზმში?


ხორცი მდიდარია B ვიტამინით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და ფოსფორით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელსაც იგი შეიცავს, არის B12. იგი საჭიროა კუნთებისა და ძვლების შენების, ენერგიისა და იმუნიტეტის, ასევე სისხლწარმოქმნის პროცესის შენარჩუნებაში. ვიტამინი B12 საუკეთესო საშუალებაა ზრდის პროცესში მყარი მყესებისა და კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებისთვის. ხორცი შეიცავს ასევე B1 ვიტამინს. იგი მონაწილეობს ნახშირწყლოვანი ნივთიერებების ცვლაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატებისა და დიაბეტის დროს, ასევე ზრდისა და უჯრედთა განახლების პროცესში. ვიტამინი B1, შეიძლება ითქვას, ტვინის მკვებავია, ის საჭიროა მახსოვრობის გასაუმჯობესებლად, სწავლის პროცესში, ნევრალგიური ტკივილისას, ენერგიის დაქვეითებისა და ფსიქოემოციური გადატვირთვისას. ვიტამინი B1 ასევე მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. იგი ერთ-ერთი ვიტამინია, რომელიც ანემიის სამკურნალოდ გამოიყენება.

ხშირად ისმის მცდარი აზრი, თითქოს ხორცის ჩანაცვლება შეიძლება ნახევარფაბრიკატებით, როგორიცაა: სოსისი, ძეხვი და სხვა. სხვადასხვა მიზეზის გამო განსაკუთრებით ეს ტენდენცია ხშირია ბავშვთა კვების დროს. ნახევარფაბრიკატები მკვეთრად განსხვავდება ხორცისაგან, როგორც შემადგენლობით, ასევე ორგანიზმზე გავლენით.
მშობლებისთვის გასათვალისწინებელია ეს არასასურველი ფაქტორი, რათა სხვადასხვა ტიპის ავიტამინოზის, ზრდა-განვითარებისა და კუჭნაწლავის დაავადებათა გარდა არ მოხდეს ბავშვებში სიმსუქნის ხელშეწყობა.


შესაძლოა თუ არა ვეგეტარიანული და ვეგანური კვებისას ორგანიზმმა საჭირო ნივთიერებები სხვა პროდუქტებიდან მიიღოს?


ვეგეტარიანული კვება არასრულფასოვანია ორგანიზმისთვის. ხორცის შეზღუდვით ორგანიზმს აკლდება ცილა, ასევე ზოგიერთი შეუცვლელი ამინომჟავა, ფერმენტი და ნივთიერება. ამ დროს ალტერნატიული პროდუქტის მიღება, მაგალითად, მცენარეული ცილები და ცხიმები, სრულად არ აკმაყოფილებს ორგანიზმის საჭიროებას. ვეგეტარიანული კვებისას რკინის ნაკლებობის გარდა ხშირია კალციუმის ნაკლებობა და მაღალია ოსტეოპოროზის რისკი, რადგან ცილის გარეშე მცენარეული კალციუმის შეწოვა გაძნელებულია. თუ ვეგეტარიანელი ყოველდღიურად იღებს რძის პროდუქტს, მისი ორგანიზმი უზრუნველყოფილია ხორცისგან განსხვავებით უფრო სუფთა ცილოვანი პროდუქტით, მაგრამ რკინის დეფიციტისგან დაზღვეული არ არის. კიდევ უფრო რთული საკითხია ვეგანობა, ანუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის სრულად გამორიცხვა. ცილა არის ის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც მიმართავს ორგანიზმში არსებულ ჰორმონებს, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს საჭირო მიმართულებით. ცილის დეფიციტისას მათი უმრავლესობა ხდება არააქტიური, იწყება ზოგადი შეშუპება, სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის შენელება, ჰორმონალური დარღვევები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ფუნქციის მოშლა, უშვილობა, კუნთოვანი მასის კლება, ზოგადი სისუსტე და გამოფიტვა.

რამდენად უსაფრთხოა ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირება ბავშვებისა და ორსულების რაციონში?

ხშირად მოზარდები, პირადი შეხედულებების გამო თუ წონის კლების მიზნით ხორცის და რძის პროდუქტების მიღებას ზღუდავენ, რის გამოც ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, ზრდაში ჩამორჩენა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ფსიქო-ემოციური ლაბილურობა. ცილოვანი პროდუქტის ნაკლებობისას ორგანიზმს აკლდება ენერგია, რისი აღდგენაც ნახშირწყლოვანი პროდუქტით (პურ-ფუნთუშეული,შოკოლადი) ხდება. ეს ყოველივე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის კლებასა და ცხიმოვანი მასის განვითარებას, რის გამოც მატულობს სიმსუქნის შემთხვევები. ვეგეტარიანული კვება განსაკუთრებით არასასურველია ორსულებში, იგი აფერხებს ნაყოფის გულის კუნთის,
ნერვული და სხვა სისტემების ჩამოყალიბება-განვითარებას. ვეგეტარიანელობის, მით უფრო ვეგანობის შემთხვევაში, აუცილებელია ორსულობის მართვა ექიმის რეკომენდაციებით.

ხშრად გვესმის, რომ ხორცის ამოღება რაციონიდან ახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უნარჩუნებს მას. ეს რამდენად მართალია?

საკამათო საკითხია თითქოს მხოლოდ ვეგეტარიანელობა გვინარჩუნებს ჯანმრთელობას. ორგანიზმს აქტიური, ჯანსაღი ცხოველქმედებისათვის ბალანსირებული კვება ესაჭიროება. ესაა – 45-65% ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული და სხვა), 20-30 % ცხიმები (მცენარეული, რძის პროდუქტი, ხორცი) და 10-35 % პროტეინები (ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ხორცი). ყველა სხვა ცვლილება არაჯანსაღია და არასრულფასოვანი. საკვები რაციონის ბალანსირება მარტივად შემდეგნაირად შეიძლება: ხორცეულიდან შევარჩიოთ მხოლოდ უცხიმო ხორცი ან თევზი. კვირაში რამდენიმე დღე იგი მთლიანად ჩავანაცვლოთ რძის პროდუქტით. მივირთვათ მეტი ბოსტნეული. მივირთვათ ხილი.
დაუშვებელია მხოლოდ ცილოვანი პროდუქტით კვებაც. პროდუქტების უმრავლესობა ცილასთან ერთად და დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს (არაჟანი, ღორისა და ცხვრის ხორცი, ცხიმიანი ყველი). დიდი რაოდენობით ცხიმი ხელს უშლის ძვირფასი მოკროელემენტების შეწოვას, მათ შორის კალციუმის. გადაჭარბებული ცილოვანი კვება (მაგალითად, თვითნებური დიეტა) იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას. უპირატესად ხორცის მოყვარული ადამიანისათვის იზრდება ქოლესტერინის დაგროვების საშიშროება და ათეროსკლეროზის რისკი. ათეროსკლეროზი კი გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაზიანებით ვლინდება, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი და ინფარქტი.

 

როგორ შეიძლება ამ პროდუქტებით გამოწვეული დანაკლისის შეივსოს იმ ადამიანებმა, რომლებიც ხორცსა თუ ცხოველურ პროდუქტებს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ჭამენ?

ხორცის აუტანლობის შემთხვევაში, ან რელიგიური მიზეზით შეზღუდვისას საჭიროა B ჯგუფის კომპლექსური ვიტამინების მიღება. ამ დროს მნიშდვნელოვანია ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც შეიცავს  B ჯგუფის ვიტამინებს და რკინას, ასევე იმ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ რკიინს შეწოვას. ასეთებია მარცვლეული, ბურღული, ჭარხალი, ბადრიჯანი, ხილიდან – ვაშლი, ბალი, ალუბალი, ბროწეული, ციტრუსი, ქიშმიში. ლობიოს მარცვალი ცილოვანი და ამავე დროს ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია. იგი თითქმის ხორცს უტოლდება ცილის შემცველობით. თუმცა, კალორიულობის გამო  კვირაში ერთი ჭიქა ლობიოს მარცვალი არის რეკომენდებული. განსაკუთერებით მნიშვნელოვანი მარცვლეულია ოსპი. იგი ლობიოზე მეტად მდიდარია როგორც ცილით, ასევე რკინით და B ვიტამინით. ამასთან, ლობიოსგან განსხვავებით არ იწვევს მეტეორიზმს და კარგი ამტანობა აქვს. ოსპის მიღება შეიძლება წვნიანში, ცალკე მოხარშული სახით, ან სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად. ასევე სასარგებლოა წიწიბურა, როგორც ცილოვანი და B ვიტამინების შემცველი პროდუქტი. ოსპიც და წიწიბურაც  ხანგრძლივად უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნერბას. რაც შეეხება ზოგადად რკინის პრეპარატების მიღებას, ამას  ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. რკინის პრეპარატების მიღებაც ან ხორცის შეზღუდვის შემთხვევაში ორსულობის მართვა, უნდა მოხდეს სპეციალური კვლევით და კონკრეტული მითითებებით ექიმის მიერ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი