კვირის ამბები

ჯვრები ქალაქში

08.07.2014 • 2974
ჯვრები ქალაქში

 

ხშირ შემთხვევაში  სადენები მწყობრიდანაა გამოსული. მოუვლელია ჯვრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაც. მსგავსი ტენდენციაა ქალაქის სხვა უბნებშიც. ქუჩის თავში, ბოლოში, აივნებზე და სკვერებში აღმართული რკინის ჯვრები ყოველდღიურობად იქცა. ერთ-ერთი სახლის კედელზე პოსტერი გაუკრავთ დავით აღმაშენებლის გამოსახულებით და  წარწერით: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“. განსაზღვრავს თუ არა ჯვრების სიმრავლე ადამიანის რწმენის ხარისხს და რას უკავშირდება ჯვრების აღმართვის ასეთი მასშტაბური პროცესი ქვეყანაში?

 

„რაც მეტია ჯვარი, მით მეტია მადლი“, – გვეუბნება ნიკოლოზ ლატარია. მას მიაჩნია, რომ ჯვრების სიმრავლე ადამიანებს ღმერთთან აახლოებს: „შეიძლება და კარგია. ის ტერიტორია, სადაც ჯვარია, ნაკურთხია. Gაივლის ადამიანი, პირჯვარს გადაიწერს და ღმერთი გაახსენდება. ეკლესია კი სკვერშია და შეიძლება ვერ დაინახოს“. 

 

 

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანების ნაწილი, საჯარო სივრცეში განთავსებული ჯვრების შესახებ აზრს გამოხატავს, თუმცა საკუთარ ვინაობას ბოლომდე არ ამხელს. „მე მასწავლებელი ვარ და არ მინდა ჩემი გვარი დაწეროთ“, – გვეუბნება გულნაზი. მას მიაჩნია, რომ რკინის ჯვრები უნდა იდგეს და მასზე სახელმწიფო ანუ ქალაქის მერია უნდა ზრუნავდეს: „ჩემს ეზოში ბიზნესმენი ცხოვრობდა და იმან დადგა ჯვარი, თუმცა ღამით არ ანათებს. ასეთი სიმრავლეც არ მიმაჩნია სწორად. ერთ თითზე რომ უამრავ ბეჭედს აისხამ, იმას ჰგავს. ზედმეტობა გამოდის“.

 

გულიკოც ამ უბანში ცხოვრობს: „მე სხვა აღმსარებლობის ვარ, ამიტომ რკინის ჯვრებთან დაკავშირებით არ მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა, გული იმაზე შემტკივა და არ მომწონს, რომ ჯვრები მოუვლელია“.  

 

 

უბნის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ არ იციან ვინ ათავსებს რკინის ჯვრებს ქუჩაში: „ალბათ მერია. ასე არ არის?“; „ვისაც გაუხარდება, ის აკეთებს, რა ვიცი. თუმცა მადლია და კარგია, რომ დგას“, – ამბობს ოთარ მაღლაფერიძე.

 

როგორ უყურებს ქუჩაში ჯვრების აღმართვის პროცესს საქართველოს საპატრიარქო?

 

 

„დადებითად ვაფასებ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია ქვეყანაში და აქვთ სურვილი, რომ მათი სახლის სიახლოვეს იყოს ეკლესია. როცა სასულიერო პირს მიმართავენ და სთხოვენ, რომ აღმართოს ჯვარი, ეკლესია ამაში ეხმარება და ხელს უწყობს. ვერავითარ უხერხულობას მე ამაში ვერ ვხედავ“, –  აცხადებს საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი. 

 

 

ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიის რექტორი, თეოლოგი ზაზა კილაძე მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც საჯარო სივრცეში რკინის ჯვრების განთავსებას ეხება, ქაოტურია:  „მე ამას იცით რას ვადარებ? ერთი პერიოდი ჯინსები რომ შემოვიდა მოდაში და ადამიანები საჭმელს იკლებდნენ, ჯინსები რომ ეყიდათ და ჩაეცვათ, ინსტრუქციას არ უყურებდნენ, ქალს კაცის ეცვა, კაცს ქალის, დაახლოებით იგივე პროცესია“.

 

 

თეოლოგის აზრით, ეს მოდურობა ნაკლებმორწმუნეობის შედეგი უფროა, ვიდრე რწმენის: „ეს ხდება მაშინ, როცა  რწმენის ნაკლებობაა. როდესაც არ გწამს, ამ დროს სხვის ფეხის ხმას ხარ აყოლილი და იმას აკეთებ, რასაც სხვა. ჯვარი სამკაული გახდა, დაბნეულია განათებები, რელიგიური სიმბოლიკა კი არა, უფრო სანახაობისა და აქსესუარის სახეს იძენს.“

 

 

თეოლოგი მიიჩნევს, რომ სადაც ჯვარი დგას, იქ არ შეიძლება მანქანის პარკინგი იყოს. „ცხოველი ავიდეს, ალოკოს ან მოისაქმოს, ეს მომენტები ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის. ხატები დაბრძანებულია თბილისშიც და სხვა ქალაქებში, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ჩამსხვრეულია მინა, მისასვლელი არ არის მოწყობილი, ზედ აზის ფრინველი და ათასი უბედურება. ჯვარი დგას, მივა ადამიანი ქაღალდს დააგდებს, ცელოფანს ჩამოკიდებს, ეს კარგია? ამ შემთხვევაში ურწმუნოების მიმანიშნებელია. მოდაშია ახლა, შემდეგ ნელ-ნელა მოიშლება. ეს ჯვრები თუ ხატები უყურადღებობით გაქრება, ისე როგორც ჯინსების ბუმი გაქრა“.

 

 

 

ზაზა კილაძე ჯვრებისა და ხატების საჯარო სივრცეში განთავსების პრობლემას ვერ ხედავს, მისთვის მთავარია ამ პროცესში კანონიკა იყოს დაცული: „საკულტო ნაგებობების ქუჩებში დადგმა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, ბუდას ქანდაკებებიც დგას და სხვა რელიგიებშიც მიღებულია. ძველი მილანი მთლიანად ხატებით არის მოფენილი, იერუსალიმი, რომი მთლიანად რელიგიური სიმბოლიკებია, მაგრამ იქ არის მოვლილი და პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია. ასეთ შემთხვევაში ეს არ აუფერულებს ხატს, ჯვარს ან რწმენას. გაუფერულება მის არაკანონიკურ მიდგომაშია და არა ჯვრების სიმრავლეში“.  

 

 

თეოლოგის აზრით, ჯვრების აღმართვის პროცესი ქაოტურად რომ არ მიმდინარეობდეს, ამისთვის მრევლის განათლებაა საჭირო: „ტყეშიც კი ვნახე ჯვარი აღმართული, სადაც მოუნდებათ, იქ დგამენ. რომ იკითხავ, ეს ვინ გააკეთა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცის. კულტურულად რომ მოხდეს, მრევლი, რომელიც დადის ტაძარში, მას უნდა უქადაგოს მოძღვარმა, საზოგადოებრივ ადგილებში რა შემთხვევაში შეიძლება ხატის დასვენება და როგორია ამის კანონიკა. ეს განმარტებული არ არის. ამიტომ აკეთებენ ადამიანები თვითნებურად, ზოგი მოდის გულისთვის, ზოგი მეზობელს ეჯიბრება“. 

 

 

ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეოლოგ ზურაბ ჯაშის მოსაზრებით,  ღვთისმსახურების საგნების საჯარო სივრცეში გადმოტანის მიზეზი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეში უნდა ვეძებოთ.

 

 

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოება დღემდე გარდამავალ პერიოდში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული მენტალობისა და ღირებულებების შემცვლელი ახალი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის შექმნა. სწორედ ეს, ჯერ არდასრულებული საზოგადოებრივი შემოქმედების პროცესი, აჩენს არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას მოსახლეობაში, რასაც თან სდევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, ბუნებრივია, ჩნდება მძაფრი მოთხოვნა სტაბილურობის, წესრიგისა და კეთილდღეობის, რისი მოცემაც დღეს მიწიერ, ადამიანურ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ და ხალხიც თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზეციურ ინსტიტუტებში ეძებს.

 

 

როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული დასაქმების საშუალება და მე არ ვიცი ხვალ რითი უნდა გამოვკვებო ჩემი შვილი, ერთადერთ იმედად ღვთის წყალობა მესახება; როდესაც ვინმე ჩადის ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრის წინაშე დანაშაულს და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლოში მივაღწევ სამართლიანობას და ის დასჯის დამნაშავეს, მე მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მჯერა. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობით აიხსნება ის მოვლენა, რომ ქუჩებში და საჯარო ადგილებზე გვხდება ამდენი ჯვარი და ხატი, შენდება უამრავი ეკლესია-მონასტერი. ეს ყველაფერი ექცევა იმ ზოგადი ტენდენციის ლოგიკაში, რომ საერო სუსტი ინსტიტუტები ჩანაცვლებულ იქნას სასულიეროთი.

 

ამ მოვლენის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევა საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიძლება იმ პირობით, თუ ეკლესიის მმართველი იერარქია კარგად გააცნობიერებს ამგვარი სრულიად მიწიერი პრობლემებით გამოწვეული რელიგიურობის არაქრისტიანულ ხასიათს და ეცდება მის გამოსწორებას.

 

ყოველი ქრისტიანი და, პირველ რიგში, სამღვდელოება მოვალეა ქრისტეს სიყვარული სიტყვითა და საქმით უქადაგოს  ქვეყანას და არა მხოლოდ რიტუალებით. მაგრამ დღეს რას ვხედავთ? ეკლესიის მმართველობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ბევრ თანხა იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება ისევ მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადებით. უფრო მეტიც, იშვიათად მოისმენთ ქადაგებაშიც კი მოწოდებას ერთმანეთის დახმარებისა და საზოგადოებრივი სოლიდარობისაკენ, რომელიც ასწავლიდა საზოგადოებას ერთმანეთისადმი უანგარო სიყვარულს და მხარდაჭერას და მოახდენდა ერის კონსოლიდაციას, სამოქალაქო თვითშეგნების გაძლიერებას.

 

 

ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესიის ხილვადობა საჯარო სივრცეში გაცილებით ნაკლებია საქართველოსთან შედარებით, მაგრამ ეს მათ სულაც არ უშლით ხელს, რომ გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მათი გავლენის ბერკეტს წარმოადგენს არა იმდენად რიტუალები და რელიგიური სიმბოლოების წარმოჩენა, რამდენადაც სოციალური აქტიურობა. ეკლესიებთან არსებობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ სოციალურად დაუცველი პირების თავშესაფრებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ. ვფიქრობ, საქართველოში სწორედ ამგვარი საქმიანობის გაშლა აუცილებლად ხელს შეუწყობს როგორც თვითონ ეკლესიის ნამდვილი ბუნების წარმოჩენას, ასევე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებას“.  

გადაბეჭდვის წესი