კვირის ამბები

მეგი გოგიტიძე მეუღლისა და მუსიკის შესახებ

13.05.2014 • 7488
მეგი გოგიტიძე მეუღლისა და მუსიკის შესახებ

 მეგი შენი გათხოვება მოულოდნელი იყო, როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და დათუნამ?

 

 გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით. საერთო მეგობარი გვყავს, მის შესახებ ყოველთვის ვიცოდი და თვითონაც მიცნობდა შორიდან. დედა ქობულეთელი ყავს, მამა თბილისელი. ერთმანეთი სატელეფონო ზარით გავიცანით, თბილისში ვიყავი, კონცერტიდან ვბრუნდებოდი, როცა დამირეკა, მითხრა დათუნა ვარ მერაბიშვილიო, ქობულეთში ისვენებდა და მკითხა როდის ვბრუნდებოდი უკან. გამიხარდა მისი მოკითხვა, ყოველთვის სიმპატიებით ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ჩამოვედი თუ არა, შევხვდი, საერთო მეგობრებთან ერთად დავდიოდით ხან იქით, ხან აქით და ასე დაიწყო და დაიწყო. ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, დღე-ღამე არეული გვქონდა, ექვსზე-შვიდზე შემოვდიოდი სახლში, დედაჩემი გაგიჟებული იყო.

 

 

 ცოლობაზე როგორ დაგითანხმა?

 

 მითხრა წავიდეთ აბასთუმანშიო. მეთქი რა გვინდა აბასთუმანში? – არ მქონდა გადაწყეტილი გათხოვება, არც იყო მაგაზე ლაპარაკი, აბასთუმანში გადავწყვიტეთ. ჩემები გაგიჟდნენ რომ გაიგეს, არ მოელოდნენ ჩემგან ამას, მერე შემირიგდნენ და დღეს უკვე ბედნიერად და კარგად ვგრძნობთ თავს. ჯვარი ერთი თვის წინ დავიწერეთ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში.

 როგორ შეძლო დათუნამ შენი მოხიბლვა ასეთ მცირე დროში?

 

ადამიანის გასაცნობად შეიძლება ათი წელიც არ გეყოს, თუმცა ხდება ისეც, როცა ერთ დღეში ხვდები, რომ ეს შენია. შეიძლება რაღაც დეტალები და წვრილმანები არ იცოდე მასზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სულის მეგობრობა რასაც ქვია, ეს გაკავშირებდეს მასთან.
დათუნაში მომხიბლა იმან, რომ ვაჟკაცია, დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობას აქვს არასერიოზული დამოკიდებულებები, ამიტომ რაღაც ასპექტში მიუღებელნი არიან ჩემთვის, მათ ვერ დაეყრდნობი, ერთი სიტყვით გაგიჭირდება შეყვარება. დათუნა კი ერთგულია, პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაფერს, როგორ ავხსნა არ ვიცი… მასთან ახლო ურთიერთობა ვისაც აქვს, ის მიხვდება რას ვგულისხმობ. ძალიან მამაკაცურია, როგორც კი დავაფიქსირე ეს მასში, მაშინვე მოვიხიბლე, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მანამდე რამდენს მოვწონდი, რამდენი მომწონდა, მაგრამ ეს სულ სხვა კავშირი აღმოჩნდა.

 

 

 როგორ ეგუები ცოლის ამპლუას?

 

 

 შეგუების მომენტი ჩემთვის მეტად რთულია, იმიტომ რომ დათუნა მეტად უფრო სერიოზული, დინჯი და ყურადღებიანია, დეტალებს ის უფრო აქცევს ყურადღებას, მე უფრო ქარიზმატული ვარ, ეს ალბათ ჩემი ხასიათისა და შემოქმედებითი აქტივობის შედეგია, წვრილმანებს და დეტალებს სათანადოდ არ ვაქცევ ყურადღებას. თავისუფალი ვიყავი, ხან სად და ხან სად, ახლა უკვე ოჯახი მაქვს, ქმარი მყავს, ამიტომ მერთულება შეგუება, თუმცა ის სიყვარული, რაც მასთან მაკავშირებს, მეხმარება.

 

 როგორ ატარებთ თავისუფალ დროს შენ და დათუნა?

 

კლუბებში სიარული არ გვიყვარს. საერთო მეგობრების წრე გვყავს, ირინა ბაირამაშვილია ქობულეთში, ვურეკავთ, გამოდის ჩემთან სახლში, გიტარაზე ვუკრავთ და ვმღერით, ხანდახან ვსვამთ, რა ვიცი ყველანაირად ვერთობით, შეიძლება უბრალოდ ვისხდეთ და ვერთობოდეთ. სახლში კი შეიძლება მე ვმღეროდე, რაღაცას ვწერდე, დათუნა კი ხატავდეს, ის ძალიან კარგად ხატავს, ხატვა უფრო ჰობია მისთვის. დათუნას ბაბუაა ხასან ინაიშვილი, ცნობილი მხატვარი, ხატვის ნიჭი სწორედ მისგან გამოყვა დათუნას, ხასანის ნახატი ინგლისის დედოფალს აქვს სამეფო კარზე, დრო რომ გავა, ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად დაფასდება ის.

 

რაზე ვერ თანხმდებით ხოლმე მეუღლესთან?

 

 უფრო ხშირად ვუგებთ ერთმანეთს. პატარ-პატარა კინკლაობები გვაქვს. მე ვეკამათები, თუმცა მერე თავადაც მშვენივრად ვხვდები, რომ ტყულად ვახურებ და ის რასაც ამბობს, ის უფრო სწორია, ამიტომ ადვილად ახერხებს ჩემს დაყოლიებას.

 

 მუსიკასთან თუ აქვს შეხება და რა დამოკიდებულება აქვს მას შენი მუსიკალური კარიერის მიმართ?

 

 დათუნა კარგი მსმენელია, სხვა არანაირი კავშირი არ აქვს მუსიკასთან. ჩემი მუსიკა მისთვის მისაღებია და მე ვგრძნობ, რომ მას ძალიან მოსწონს რასაც ვასრულებ, თუმცა ამას დიდი დოზით არასოდეს მაგრძნობინებს, ალბათ სწორადაც იქცევა. ახლა ირინა ბაირამაშვილთან ერთად ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ამ სიმღერის ტექსტის დაწერაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, რამდენიმე სიტყვა მასაც ეკუთვნის, ტერენტი გრანლის ტექსტია, არის ჩემი ტექსტი და დათუნას სიტყვები.

 

დათუნა აზიატია, მკაცრი ხასიათისაც არის, ადვილი ცხოვრება არ აქვს გამოვლილი, სწორედ ეს არის ამის მიზეზი. მას შინაგანი ბუნება ვერ მისცემს საშუალებას იყოს მარტივი, რაღაც-რაღაცაებზე თვალს ვერ დახუჭავს. მან მე მკითხა: მუსიკა შენთვის შემოსავლის წყაროა, თუ მის გარეშე არ შეგიძლიაო? ვუპასუხე, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე მე ვერ ვიარსებებ, რადგან ვერ ვსუნთქავ უმუსიკოდ. აქედან გამომდინარე, მან იცის რას ნიშნავს ეს ჩემთვის. მისგან სრული მხარდაჭერა მაქვს, მაგრამ როგორც ვაკეთებდი – ღამის თენებები და ასე შემდეგ, მას არ მოსწონს და აღარც მე არ მინდა, იმიტმ რომ უფრო მეტი დრო მას მინდა დავუთმო.

 

 მეგი შემოქმედებითად რა ეტაპზე ხარ? რაზე მუშაობ?

 

 ირინა ბაირამაშვილთან კიდევ ერთ დუეტს ვწერ. თბილისში ჩემი ბენდი მყავს, “Megi and guys”. ჩვენი სტუდიაც გვაქვს, ვწერთ სიმღერებს, ახლა ახალი პროგრამის გაკეთება გვინდა და გეგმები გვაქვს რუსეთისკენ, ჯერ-ჯერობით ამაზე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან არ გვაქვს მეტი ინფორმაცია.

 

 მეგი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტი ხარ, მსახიობობას სწავლობ, პროფესიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?

 

 მესამე კურსზე ვარ, ერთი წელი აკადემიური მქონდა აღებული, ჩემი მუსიკალური კარიერის გამო. ადამიანი ყველაფერს შეათავსებს, თუ მოინდომებს. ჩემში თეატრიც და მუსიკაც ღრმადაა, თუმცა რომ დადგეს არჩევანი, მაინც მუსიკას ავირჩევ.

 

 კარმენის როლზე ისევ ოცნებობ?

 

 კარმენის როლი აღარ მინდა, მინდა რომ “სარტყლის ცხრა კლიტული” დაიდგას ისევ, სადაც ინესის როლს ვასრულებდი.
28 აგვისტოს მეგი გოგიტიძეს ბათუმში “სექტორ 26”-ში ექნება კონცერტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: