კვირის ამბები

“ჩვენი ურთიერთობა ინდურ ტელესერიალს ჰგავდა”

12.05.2014 •
“ჩვენი ურთიერთობა ინდურ ტელესერიალს ჰგავდა”


როგორ დაიწყო…



ზაირა: დავინახე თუ არა, შემიყვარდა, თვალებში რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ მის იქეთ გზა არ მქონდა. ვეუბნებოდი, ცოლად მომიყვანე-მეთქი, თუმცა უარზე იყო. მას შემდეგ თავს ვაყვარებ, ალბათ ამას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ. ბედნიერი ვარ, რომ რაული მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერია.

 

რაული: დავინახე თუ არა ვიფიქრე, ექვს წელიწადში ცოლად მოვიყვან-მეთქი… ჩვენი ურთიერთობა ინდურ ტელესერიალს ჰგავდა, სახელოსნოში ყოველდღე მაკითხავდა, ყოველდღე იყო გულისამაჩუყებელი მომენტები, რომ ვეუბნებოდი წადი-მეთქი, არ მიდიოდა, კარებიდან რომ გამეგდო, ფანჯრიდან შემოდიოდა, ორი ვარიანტი მქონდა, ან ცოლად უნდა მომეყვანა, ან საზღვარგარეთ გადავხვეწილიყავი, ვიზებს ასე სად იძლევიან, ამიტომაც ცოლად შევირთე.

 

 

ექვსი წლის შემდეგ

 

 

ზაირა: ექვსი წლის შემდეგ დავქორწინდით, ჩვენი ქორწილი გამოფენას ჰგავდა, პერფორმანსი იყო ერთგვარი. გვინდოდა ჩვენი ყველა მეგობრისთვის მოგვეყარა თავი, საკმაოდ ფართომასშტაბიანი გამოგვივიდა.
რაული: ზაირა საქორწინო ივენთებს აკეთებდა, 50 დოლარად დაიწყო ბიზნესი, ჩვენი ქორწილი 2007 წლის 22 ნოემბერს იყო, იმ დროისთვის ზაირა სახელგანთქმული იყო, მუშაობის ექვსწლიანი სტაჟი ჰქონდა, სამასკაციანი ქორწილი გვქონდა, ბედნიერი დასასრულით, ყველა ვხალისობდით, კარგი სანახაობა იყო, ერთგვარი შოუ.

 

 

შემოქმედება და ინსპირაციის წყარო

 

 

რაული: ხატვა ორი წლისამ დავიწყე, სერიოზული მხატვრობა – სადღაც ოცდაერთი წლის ასაკში. პირველი ათი წელი წმინდა გრაფიკის ტექნიკით ვმუშაობდი, ახლა უკვე ყველა ტექნიკას ვიყენებ: ტილო, ზეთი, სილიკონის საღებავები ხეზე და ასე შემდეგ.

 

ზაირა: პირველი ჩემი გამოფენა ჩვენს გაცნობას მივუძღვენი. 16 წლის ვიყავი, რაული იყო მოწვეული სტუმარი, ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ჩემი ნამუშევრები ჰგავს ჩემს ქვეცნობიერ მდგომარეობას. რაული ჩემი ინსპირაციის წყაროა. ჩემს პირველ გამოფენაზე კინოლენტზე გადაღებული ფოტოები გამოვფინე, ყველა მათგანი ჩემი გამჟღავნებული იყო, ტექნიკურადაც კარგი ნამუშევარი მქონდა. ბევრ აპარატთან ვმუშაობ, თუმცა დღემდე უპირატესობას ვანიჭებ “ზენიტის” აპარატს.

 

ბედი მხატვრობაშიც ვცადე, რა თქმა უნდა, აქაც რაული იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, ჩემი მეუღლე როგორ ფლობდა ამ ტექნიკას, სერიოზული სკოლა გავიარე მის სახელოსნოში.

 

რაული: მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რაც ხელოვნებას შეეხება და უკომპრომისი ვარ ამ საკითხში. ზაირას გამოფენა მის ასაკთან შეფარდებით იყო ძალიან სერიოზული. ბევრ ფოტოგამოფენას ვესწრებით, თუმცა არ მინახავს ამ დონის შემოქმედებითად შეკრული ფოტონამუშევრები, ზაირას ნამუშევრები ყოველთვის საინტერესოა. მის სამხატვრო წამოწყებას დადებითად შევხვდი, მხოლოდ მაყურებელი ვარ, მე არ ვერევი.

 

 

ხელოვანების ოჯახი

 

 

რაული: თბილისში დიდი სახელოსნო და გალერეა მაქვს, კინოთეატრი “აპოლო” 3000 კვადრატული მეტრია, მთლიანად ჩემი ნახატებით, თუმცა მაინც სახლში მირჩევნია მუშაობა, ზაირასთვისაც სახლში მუშაობა უფრო კომფორტულია. ჩვენს ოჯახს ბევრი იცნობს, როგორც ადგილს, სადაც შეიძლება მისვლა, ხელოვნებაზე საუბარი. ერთად გასართობად კლუბებში დავდივართ.

 

ზაირა: ყოველი დღე და ყველა საკითხი ერთობლივია, გამოფენებსაც ვაწყობთ ერთად. თითქმის ყველაფერს მეგობრებთან ერთად ვაკეთებთ. ჩვენ ვეძებთ საინტერესო ადამიანებს, ტრადიციულად კვირაში ერთ ადამიანს ვეცნობით. ჩვენ არასოდეს ვვახშმობთ მარტო, ან ჩვენთან მოდიან მეგობრები, ან ჩვენ მივდივართ მათთან.

 

 

ლივია

 

 

რაული: ლივია ხუთი წლისაა, ძალიან უყვარს ხატვა, ბაღის მასწავლებლებს ართობს მოგონილი ისტორიებით. ვფიქრობ, კარგი მშობლები ვართ. ლივიას შეუძლია დილით თქვას, რომ არ არის განწყობაზე ბაღში წასასვლელად და ის იმ დღეს არ მიდის ბაღში. მეორე დღეს უკვე თავად გვთხოვს ბაღში წაყვანას. მოსწონს იპოდრომზე ყოფნა, ცხენზე ჯირითი ვასწავლე. გვინდა ცხოვრება ისე მოვუწყოთ, რომ არ ჰქონდეს დოგმატური და პრობლემატური ყოფა, რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით, როცა ყველაფერი აკრძალული იყო, ლივიასთვის ყველაფერი შეიძლება, იძინებს როცა უნდა, იღვიძებს როცა უნდა.

 

ზაირა: თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს მასთან, არა როგორც მშობლებს, არამედ როგორც მეგობრებს. ოთხი თვის ასაკიდან მოგზაურობს, იმის მიუხედავად, რომ პატარაა, უკვე აქვს საკუთარი აზრი ჩვენს ნამუშევრებზე. თავადაც ხატავს, მიილტვის აქეთკენ, ჩვენ არაფერს ვაძალებთ.

 

 

მომავალი გეგმები

 

 

რაული: ახლო წარსულში გამოფენა მქონდა ამსტერდამსა და ჰააგაში, ნახატების უმეტესობა იქ მაქვს. ვიმედოვნებ, ზაირას ნახატებიც გადაინაცვლებს მალე იქ. კიდევ ერთი გალერეის გახსნას ვგეგმავთ.

 

ჩვენ ვამზადებთ დიდ და საინტერესო პროექტს, ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით განსხვავებული სტილის ხელოვანების გაერთიანება, ამ პროექტში კულტურის სამინისტრო არის ჩართული, საზღვარგარეთაც ვგეგმავთ ამ გამოფენის წაღებას.

 

ზაირა: ოცნება არის ის, რაც არ უნდა ახდეს, ამიტომ ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, რომელსაც შემდეგ ვახორციელებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: