კვირის ამბები

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

28.04.2014 • 5175
საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

 

 

საზაფხულო სკოლა ბაქსვუდში

 

აჭარის განათლების სამინისტრო ერთადერთ საზაფხულო სკოლას – „თურქეთის სამეცნიერო ბანაკს“ უწევს ორგანიზებას. სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობის მიღების უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს აქვთ.
სამეცნიერო ბანაკი ყოველწლიურად თურქეთის ქალაქ იზმირში იმართება. ბანაკში წამსვლელი მოსწავლეების შერჩევა ინგლისურ ენაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ხდება. პროგრამა 2011 წლიდან ხორციელდება.

 

მეათეკლასელი მარიამ შოთაძე ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, ვინც სამეცნიერო ბანაკში მიიღო მონაწილეობა. მარიამი ამბობს, რომ ბანაკი ერთდროულად ცოდნის მიღების, გართობისა და დასვენების კარგი საშუალებაა.

 

„ბანაკმა ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში, მივიღე დიდი გამოცდილება ინგლისურ ენაში, შევიძინე უამრავი უცხოელი მეგობარი, გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მეტი ცოდნა მივიღე სამეცნიერო დარგებში, გართობაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,“ – ამბობს მარიამი.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, ბანაკი „მიზნად ისახავს ინტერაქტიული ღონისძიებებით ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობას“.

 

ბანაკი ექვსდღიანია და დატვირთულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას მოიცავს. სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს სამინისტრო ანაზღაურებს. თურქეთის სამეცნიერო ბანაკი წელს ქალაქ იზმირში 22-28 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას აჭარაში მცხოვრები 10 მოსწავლე მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-8-9-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. წელს ბანაკში მონაწილეები უკვე შეარჩიეს. სამინისტრომ შესარჩევი კონკურსი გასული წლის დეკემბერში ჩაატარა.

 

თურქეთის სამეცნიერო ბანაკის ვებგვერდია: https://www.gftse.org/ კიდევ ერთი საზაფხულო სკოლა, სადაც მოსწავლეებს სწავლა შეუძლიათ, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაა.

 

ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანნა ტურიაშვილი ბაქსვუდის სკოლაში მოხვედრის გზებზე გვიყვება.
„ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში მოხვედრისთვის საჭიროა მოხვდე საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულთა ოცეულში ნებისმიერ საგანში. მე რუსული ენის ოლიმპიადის ოცეულში მოვხვდი, გავიარე სამი ტური (მესამე ტური თბილისში ტარდება) და შემდეგ შემატყობინა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ შემეძლო სრულიად უფასოდ 21 დღით წავსულიყავი ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში,“ – ამბობს ანნა.
მისი თქმით, საზაფხულო სკოლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ინგლისური ენის ცოდნა და მეტი სტიმული მისცა.

 

„ბაქსვუდის სკოლაში არის ერთი წარწერა „Buckswood prepairing for life”. ამ სკოლამ მართლაც მომამზადა ცხოვრებისათვის და უდიდესი გამოცდილება მომცა. 21 დღე გავატარე აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებთან, რაც ჩემთვის მოტივაცია იყო, რომ გავმხდარიყავი უფრო წარმატებული. ამ სკოლამ მომიხსნა ყველანაირი კომპლექსი, რაც პუბლიკის წინაშე გამოსვლისას ექმნება ადამიანს. სრულიად გავიხსენი და ალბათ რომ არა ბაქსვუდი, ახლა არ ვიქნებოდი კარგი თანატოლ-განმანათლებელი და აქტიური მოქალაქე. ამასთან, შევიძინე უამრავი მეგობარი საქართველოს მასშტაბით,“ – ამბობს ანნა ტურიაშვილი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული სკოლებისა, უამრავი სკოლაა, სადაც შეიძლება საზაფხულო არდადეგები შინაარსიანად გაატაროთ. ზოგი მათგანი უფასოა, ზოგიც – ფასიანი.

 

ინფორმაცია საზაფხულო სკოლების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: www.ell.ge ვებგვერდი მათაც გამოადგებათ, ვისაც სწავლა საზღვარგარეთის ტოპუნივერსიტეტებში ან კოლეჯებში სურთ. აპლიკაციების გაგზავნა 9-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. საზაფხულო სკოლები ფასიანია. საზაფხულო პროგრამები მოიცავს ინტენსიური ენის შესწავლას, ცხოვრებას, სამჯერად კვებას, ექსკურსიებს და გასართობ შემეცნებით აქტივობებს. არჩეული ქვეყნისა და სკოლის მიხედვით ერთი კვირის ღირებულება საშუალოდ 650-1100 ფუნტი/ევროს შეადგენს.

 

International Youth Association Quant- თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა კურსის შესახებ ინფორმაციას. კურსებში მონაწილეობა უფასოა. მოსწავლეებმა განაცხადები უნდა შეავსონ, შესარჩევი ტური გაიარონ და შერჩევის შემთხვევაში სხვადასხვა თემატურ კურსებს გაივლიან.

 

ასევე ვებგვერდზე: www.libra.ge შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა კურსი. 14-15, 16-18 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის სხვადასხვა აკადემიური საზაფხულო პროგრამაა ლონდონში, მათ შორის: ხელოვნება და დიზაინი, ბიზნესი და ფინანსები, სამართალი, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა. პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: