Batumelebi | ბოშები გელაურიდან ბოშები გელაურიდან – Batumelebi
RU | GE  

ბოშები გელაურიდან

 

 ქობულეთის ცენტრთან ახლოს მდებარე სოფელ გელაურში ბოშების ოცი ოჯახი ცხოვრობს. სამი წელია, რაც მათი შვილები განათლებას ქართულ სკოლაში იღებენ, თუმცა ჯერ კიდევ უჭირთ ქართულ ენაზე საუბარი. გელაურელი ბოშები ევანგელისტი ქრისტიანები არიან, კვირაში რამდენჯერმე კრებაზე, ღვთის სიტყვის მოსასმენად იკრიბებიან, სადაც ბიბლიის კითხვისა და გალობის გარდა მათი თემის ყოფით პრობლემებს განიხილავენ.  

ქობულეთის N5 სკოლის დირექტორი და ორგანიზაციის „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებათა დასაცავად“ ხელმძღვანელი, ნარგიზ ჯინჭარაძე გვიამბობს, რომ ბოშები ქობულეთში დაახლოებით მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. მაშინ ისინი უმეტესად მუსულმანური რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ახლა კი ევანგელისტი ქრისტიანები არიან. მათი დღევანდელი შეხედულებებით მკითხაობა ცოდვად ითვლება და ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. კვირაში ორჯერ სკოლის ეზოში იკრიბებიან და ბოშური ჯგუფის – „მიქსის“ კონცერტებს უსმენენ. ტრადიციული ბოშური ტანსაცმელიც იშვიათად აცვიათ და ერთი შეხედვით არ განსხვავდებიან გელაურის ქართველი მოსახლეობისგან.

სკოლა, სადაც ბოშები სწავლობენ, სულ სამია საქართველოში – კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში. ქობულეთის N5 სკოლაში 48 ბოშა სწავლობს, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ წინა წლებში უამრავი ბავშვი იყო სკოლის მიღმა: „თავიდან შიში ჰქონდათ, რომ მათ არ მიიღებდნენ ქართველი ბავშვები და მშობლები, მართალიც იყვნენ. ახლა უკვე შემოდიან კონტაქტში.

ან, პრობლემები ქართველ მშობლებთან, თავიდან სულ გვქონდა წინააღმდეგობა, რომ მაგ “ციგნების სკოლაში ბავშვს არ მივიყვან”, ახლაც არის, რომ ამბობენ – `„ტილები არ გადადონ ჩემს ბავშვს“ და ა.შ.” –  გვიამბობს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, ბავშვები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს: “მშობლები ზამთარში ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გადიან სავაჭროდ, ბავშვები კი სახლში რჩებიან. როგორც წესი, მათ მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ და პატარების მოვლა უფროს გოგოს ევალება. კარგი იქნებოდა, საბავშვო ბაღიც რომ იყოს უბანში, პატარებს იქ დატოვებდნენ და უფროსები სკოლაში ივლიდნენ. მე-9 კლასს ზემოთ ბოშა მოსწავლე არ გვყავს,” – ამბობს სკოლის დირექტორი.

ბოშები ქართულენოვან გაკვეთილებს ისმენენ და სკოლის დირექტორის თქმით, მათმა უმეტესობამ ქართული ენა ცუდად იცის: “ხუთი-ექვსი წლის წინ პროექტი – “საკვირაო სკოლა” ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ქართულ ენას სწავლობდნენ, ქალები – ჭრა-კერვას, ხოლო მამაკაცები – მანქანის მართვას, თუმცა ხშირად აცდენდნენ. მას შემდეგ ასეთი პროექტები აღარ გვქონია”.

სულ სამი-ოთხი წელია რაც ბოშები სასწავლო პროცესში ჩაერთნენ, ენობრივი ბარიერის გამო რამდენიმე 11 წლის მოზარდი პირველ კლასში ჩაირიცხა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ექსტერნატის წესით მალევე გადავიდა მაღალ კლასში.

პასტორი რომან ასლანოვი ამბობს, რომ სკოლის გაცდენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბავშვებს ქართული არ ესმით: „ბავშვები სკოლაში დადიან და ქართული ენა არ ესმით, რა აზრი აქვს ამას. ქართული რთული ენაა, მიხვიდე პირდაპირ და ისმინო გაკვეთილები ქართულად – ეს წარმოუდგენელია”.

აქ ამბობენ, რომ თანამედროვე ბოშები ძირითადად 16-17 წლის ასაკში ქორწინდებიან, ლოლიტა სეიტოვი, რომელსაც ქართველი მეზობლები ვარდოს ეძახიან, ამბობს რომ, თუ გოგო ძალიან მოსწონთ, შეიძლება 14 წლის ასაკშიც დანიშნონ და რამდენიმე წელიწადში მოიყვანონ ცოლად.

რომან ასლანოვი ამბობს, რომ ქართველისა და ბოშას ქორწინება ადრე სასტიკად იკრძალებოდა, დღეს კი თემში ოთხი ოჯახი ჰყავთ, სადაც ცოლი ან ქმარი ქართველია – „ჩემი გოგოც ქართველის ცოლია. ეს ადრე, ბელადების დროს იყო, როცა ასეთი საქციელი თემის ღალატად ითვლებოდა. ამის გამო ქალს თავს პარსავდნენ და როგორც მრუშს, ისე აძევებდნენ თემიდან“.

ლუდმილა ვლასოვა, პასტორის თანაშემწე ამბობს, რომ დღეს ბოშების ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა: „ბოშები შრომისმოყვარე ხალხი ვართ, ჩვენ არ გვინდა ჩამოვრჩეთ ცხოვრებას, გვინდა, რომ სამსახური და ნორმალური შემოსავალი გვქონდეს, ეს კი არ ხერხდება. ჩვენ მხოლოდ სიმღერებისა და ცეკვის დროს ვახსენდებით ყველას, დანარჩენ დროს კი არავინ გვეხმარება“.

„ვაჭრობა რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით. მშობლები გამთენიისას 4-5 საათზე დგებიან, ბავშვებს ფაფას და ყავას უხარშავენ, შემდეგ სამუშაოდ მიდიან და ღამის პირველზე ბრუნდებიან შინ _ ასე ცხოვრობენ ბოშები, მაგრამ სხვები ამას ვერ ხედავენ და არც აინტერესებთ… ჩვენ სხვანაირად გვიყურებენ, ხშირად იმ ხალხში ვეშლებით, რომლებიც ბათუმსა და სხვა ქალაქებში მოწყალებითა და ქურდობით ირჩენენ თავს, ჩვენი ბავშვები არ იპარავენ, ისინი სახლში სხედან ბებიებთან და ბაბუებთან” – ამბობს პასტორი.

ლუდმილა ვლასოვა ამბობს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს არა აქვთ საშუალება ბავშვებს ისე ჩააცვან, როგორც მოსწავლეს შეეფერება: “მათ საკუთარ თავზე აიღეს ამ ბავშვების განათლება და დაგვპირდნენ, რომ ყველაფერში დაგვეხმარებოდნენ, მაშინ იმაშიც დაგვეხმარონ, რომ ბავშვები მოსწავლეებს ჰგავდნენ. ჩვენც გვიხარია ბავშვი რომ სკოლაში დადის და სწავლობს, მაგრამ მას იქ უნდა ასწავლიდნენ, იმას კი არ უნდა უყურებდნენ ყოველ წამს, თუ რა აცვია და როგორი მოვლილია”.

ბოშები სიმღერისა და ცეკვის გარდა სპორტითაც ერთობიან, თუმცა როგორც რამაზან შაბანოვი ამბობს, ფეხბურთის სათამაშოდ მათ ძალიან შორს უწევთ წასვლა. „სამი წლის წინ ირაკლი ჭედია გელაურში პატარა საფეხბურთო სტადიონის გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სტადიონი კი არავის გახსენებია. ახლა ძალიან შორს დავდივართ სათამაშოდ, თან ზოგჯერ პრობლემები გვხვდება ქართველებთან, იქ ისინი თამაშობენ… კარგი იქნებოდა, ჩვენც რომ გვქონოდაარგი იქნებოდა”- ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი