კვირის ამბები,მთავარი

ძალადობა სკოლაში

15.03.2014 • 7432
ძალადობა სკოლაში

14 წლის გიორგის პრობლემები სკოლაში დირექტორთან უთანხმოებით დაიწყო, რის შემდეგაც ის დამრიგებელმა აითვალწუნა, საბოლოოდ კი ურთიერთობა მთელ კლასთან დაეძაბა:  „დამრიგებელი ბავშვების თანდასწრებით მელაპარაკებოდა ჩემს გაშორებულ მშობლებზე. თითქოს ცუდს არაფერს მეუბნებოდა – შენ უნდა მოინდომო, რომ შეარიგო ისინი, რატომ არ ცდილობ მათ შერიგებასო. ეს არ იყო ჩემთვის სასიამოვნო თემა, თანაც სხვებთან ერთად განსახილველი. დროთა განმავლობაში კლასელებიც უარყოფითად განეწყვნენ, გამუდმებით მაძახებდნენ რაღაცას და დამცინოდნენ. დახმარებისთვის მანდატურთან შევდიოდი, რაც უარესი ქილიკის მიზეზი გახდა, ბოლოს მანდატურმაც მითხრა, შენით უნდა ისწავლო პასუხის გაცემაო  – 35 ბავშვს როგორ უნდა გავუმკლავდე ყოველ დღე. საბოლოოდ სხვა სკოლაში გადავედი.“

ფსიქოლოგიური ძალადობა არა მხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის  ურთიერთობის პროცესშიც ხდება – „ზოგიერთი მასწავლებელი ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, ასაკობრივ თუ სხვა უპირატესობას – შეურაცხყოფს მოსწავლეს, ლანძღავს, დასცინის, სცემს კიდევაც. რაც, ცხადია, ხელს უწყობს ბულინგის პროვოცირებას ბავშვებში“, –  ამბობს ნინო ახალაია.

ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგებით, ბავშვების 47.1-პროცენტი ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 47.5-პროცენტი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის სკოლებში. „ზოგადად, ძალადობა მოსწავლების მხრიდან მომდინარეობს; თუმცა, აღინიშნა, რომ სკოლის გარემოში მყოფი უფროსებიც ხშირად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, -ნათქვამია კვლევაში.

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრის, ფსიქოლოგ ნინო ახალაიას თქმით,  ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას ნეგატიური შედეგები აქვს ბავშვზე: „დეპრესია, შფოთვის მაღალი დონე, თვითრწმენის დაკარგვა, სკოლაში სიარულზე უარის თქმა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, სუიციდური ხასიათის ფიქრები და ასე შემდეგ“.

32 წლის ნატო ბერიძე ბულინგის შესახებ თავისი კლასელის ისტორიას იხსენებს: „ჩემს კლასში ერთი გოგო ჰყავდათ ამოჩემებული, აბრალებდნენ, რომ მასწავლებლებთან „მიჰქონდა ენა“ და ამის გამო აითვალწუნეს, რას არ ეძახდნენ, როგორ არ სჯიდნენ… თმასაც ქაჩავდნენ და სცემდნენ კიდეც. სიტყვას იტყოდა და სხვები იმეორებდნენ, უგონებდნენ, თითქოს სასიყვარულო წერილებს წერდა. რამდენჯერმე ბაბუამისი დაგვესწრო გაკვეთილზე – ეტყობა, ატირებული რომ მიდიოდა სახლში, დაინტერესდა და მოვიდა. ამის შემდეგ საერთოდ აიგდეს და გაუმწარეს სიცოცხლე. მეშვიდე კლასში ვიყავით მაშინ. ნ.-მ სკოლა დატოვა, რაღაც ხელობა ისწავლა და მალევე გათხოვდა… არადა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩვენ რომ სკოლა დავამთავრეთ, მას უკვე სამი წლის შვილი ჰყავდა. ნერვიულობისგან შაქარიც დაემართა“, – იხსენებს ნატო.

რთულ მდგომარეობაშია ამ დროს ბულინგის შემსწრე ბავშვიც, რომელსაც შეიძლება თანადგომისა და დახმარების სურვილი უჩნდება, მაგრამ საკუთარი უსუსურობის განცდა და დაქვეითებული თვითშეფასება აიძულებს, რომ თანადგომის გამოხატვისგან თავი შეიკავოს. „მე შეძლებისდაგვარად ვიცავდი ნ.-ს და ზოგჯერ მეც მისნაირს მეძახდნენ. ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენების მეშინოდა, მაგრამ ფაქტია, სკოლის გარეთ, ერთი-ერთზე ბევრად უფრო უკეთესად ვექცეოდი, ვიდრე სხვების თანდასწრებით“.

ბავშვისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მას სკოლაში ამცირებენ, ამიტომ მშობელმა სიტყვიერის გარდა გამოხატვის სხვა ფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ფსიქოლოგის თქმით, ამ დროს იცვლება ქცევა, ხასიათი, ბავშვი ჩაკეტილი და შებოჭილი ხდება. შესაძლოა მან პირდაპირ ვერ ითხოვოს დახმარება, რადგან მშობლის დამცველად მოყვანამ შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა.

პრობლემის მოგვარებაში მშობელი ისე უნდა ჩაერთოს, რომ სიტუაცია უფრო არ დაამძიმოს, ხშირად ასეთ შემთხვევებში ბავშვს მაბეზღარას იარლიყს აკერებენ და ამისთვის პასუხსაც სთხოვენ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა და მისი, კვალიფიციური რეკომენდაციებით მოქმედება. „სკოლიდან გადაყვანა უმეტესად არ არის გამოსავალი, თუ კი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, ახალ გარემოშიც იქნება მსგავსი საფრთხის ალბათობა.“

საფუძვლიანი მუშაობაა საჭირო როგორც ბავშვთან, ისე მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან – „საჭიროა მისი პიროვნულად და ემოციურად გაძლიერება, მომწიფება, თვითრწმენა. თუ ბავშვი სახლში უკვე შეჩვეულია მსხვერპლის პოზიციას, დაცინვას და დამცირებას, დიდი ალბათობით ის „მიიზიდავს“ მოძალადეს“, –  ამბობს ნინო ახალაია.

#16 სკოლის მასწავლებელი ნაირა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ბავშვებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი სახის კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გუნდური მუშაობით განიმუხტოს: „ნებისმიერი მოვლენა, რაც საზოგადოებაში, ტელევიზიაში აქტუალური გარჩევის საგანია – გადმოდის სკოლაში. ჩემი დაკვირვებით ბავშვებში ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი უმეტესად ინტერესთა კონფლიქტია, ამიტომ ვცდილობ, ისინი ისეთ პროექტებში ჩავრთო, სადაც მხოლოდ გუნდური მუშაობა იძლევა შედეგს, ჩემი დაკვირვებით, ეს ყოველთვის ამართლებს“.

ნინო ახალაია სკოლაში ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობაზეც საუბრობს: „პროფესიონალი აუცილებლად კომპლექსურად დაიწყებს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას, ჩართავს მშობლებს, სკოლას, მსხვერპლს გაძლიერებაში დაეხმარება და  მოძალადესთანაც იპოვის ურთიერთობის ფორმას“.

უმოქმედობა და ჩუმად ლოდინი იმისა, თუ როდის მობეზრდება მოძალადეს ბულინგი, არ არის გამოსავალი – „ხსნა ყოველთვის არსებობს, მთავარია ბავშვი არ ჩაიკეტოს და კონტაქტზე გამოვიდეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: