Batumelebi | გიტარისტი ბათუმიდან ლკჯკლჯ გიტარისტი ბათუმიდან ლკჯკლჯ – Batumelebi
RU | GE  

გიტარისტი ბათუმიდან ლკჯკლჯ

 

 

უფრო მეტი მუსიკაზე



დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. ბიძიას გიტარა ჰქონდა, მასთან მივდიოდი და სიხარულით ჩამოვკრავდი სიმებზე თითებს. ექვსი წლის ბავშვს ამ ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა. ბიძიამ რამდენიმე აკორდის აღება მასწავლა, მარტივად ავითვისე, შემდეგ უკვე ნამდვილი გიტარა მოვითხოვე.

 

გიტარა ძვირი ფუფუნება იყო მაშინ, თან ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმდენი საშუალება, რომ ეყიდა. მერე ნათესავმა მაჩუქა გიტარა, მამამ კი თავის მეგობარ მუსიკის მასწავლებელთან მიმიყვანა. საერთოდ, მამაჩემს უფრო სურდა ჩემი ამ მხრივ განვითარება, ძალიან უნდოდა მუსიკოსი გავმხდარიყავი. შემდეგ ანსამბლ „ზღვის შვილებში~ მიმიყვანეს, მისვლისთანავე ელექტროგიტარა მომცეს ხელში, ცოცხალი ბენდის წევრი აღმოვჩნდი. მაშინ არ ვნერვიულობდი სცენაზე გასვლისას, პირიქით მიხაროდა, ახლა ვნერვიულობ.

 

ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი მესწავლა, დღემდე ასე ვარ, ვისი შესრულების სტილიც მომწონდა, ვთხოვდი ხოლმე ესწავლებინა ჩემთვის. ნიკო ბალაძის კოლეჯი დავამთავრე, საესტრადო ხელოვნებას ვსწავლობდი. მინდოდა თბილისში წასვლაც ჯაზის სკოლაში სასწავლებლად, თუმცა ვერ წავედი, დღემდე გულდასაწყვეტი საკითხია ეს ჩემთვის. ძალიან მინდოდა მესწავლა, ამის შემდეგ რასაც ვსწავლობ, ისევ საკუთარ თავთან მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, განვითარებასაც ვახერხებ, შრომა მიყვარს, კომპიუტერთანაც ვმეცადინეობ და პროგრამებითაც. იმის მიუხედავად, რომ სამ სამსახურში ვმუშაობ, დროს საკუთარი განვითარებისთვის მაინც ვიტოვებ. ოთხი წელია რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, 16 მოსწავლე მყავს, ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი მოწონებას იმსახურებს. მკაცრი არ ვარ, ნიჭიერი მოსწავლეები მყავს, ზოგი ზარმაციც. მოსწავლეებისგან დადებით განწყობას ვგრძნობ, უხარიათ ჩემთან მოსვლა, მე კი მათთან მუშაობა. დამატებითი შემოსავლისთვის რესტორან „სანრემოში` ვმუშაობ, ბენდი გვყავს, ყოველ საღამოს ვმუშაობთ. შემოსავლის გამო დაკვრა არ მსიამოვნებს, თან რესტორანში ხშირად მიწევს ისეთი მუსიკის შესრულება, რომელიც არ მომწონს. როცა რაღაცის მოსმენა გიწევს იძულებით, მერე გემოვნებაც გიფუჭდება და მოგწონს ის, რაც არ მოგწონდა. ახლახან მოვხვდი ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში”, სანრემოში მოისმინეს ბენდის წევრებმა ჩემი შესრულება და მიმიწვიეს, მეც სიხარულით მივედი.

 

 

ასრულებული ოცნება

 

 

ბათუმში ვერ ისწავლი ჯაზს, ძალიან რთულია გახდე ჯაზის შემსრულებელი, ჯაზმენი გიტარისტი მე არ გამიგია, ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში” მოხვედრა ჩემთვის საოცრება იყო, რაღაც რომ ძალიან გინდა და თავისით გისრულდება. ვერ ვისწავლე ჯაზის სკოლაში, ახლა კი თავად ჯაზმენებისგან ვსწავლობ ყველაფერს. მე სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ახლა მიწევს იმ პროგრამის ათვისება, რასაც უკვე ასრულებს ბიგ ბენდი, ხელმძღვანელს შევპირდი, რომ მთლიან პროგრამას ავითვისებ, ბენდის თითოეული წევრი ჩემი მასწავლებელია, სიხარულით დავდივარ რეპეტიციებზე. ღამით ვმეცადინეობ, ჩემი ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ და არ წუწუნებენ. რომ გახდე გიტარისტი, დღეში რვა საათი უნდა იმეცადინო. ხშირი იყო შემთხვევა, როცა საჭმელად მეძახდა დედა, მე კი არ მივდიოდი, რომ დრო არ მომეკლო მეცადინეობისთვის.

 

 

ცოტა რამ ოჯახზე

 

 

დილით სახლში ვსაუზმობ, საღამოობით კი მუდამ დაკავებული ვარ. ჩემი ქალიშვილი ორი წლისაა, ძალიან უყვარს მამა, სულ მეთამაშება, როცა სახლიდან მაცილებს, კოცნას მიგზავნის. ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ მას დავუთმო. ანა კვაშილავაა ჩემი მეუღლე, პროფესიით სტილისტია. დროებით არ მუშაობს, პატარა ჯერ ბაღში არ შესულა. ანა სამეგრელოდან ჩამოვიდა სტუმრად, ზაფხულში კვარიათში ვუკრავდით და იქ ისვენებდა, მაშინ გავიცანი. ერთი წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, სამეგრელოში ჩავდიოდი თვეში ერთხელ მის სანახავად, ერთი წლის თავზე კი გავიპარეთ. ჩემი მეუღლის მხარდაჭერას ყველაფერში ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, ანა რომ შემხვდა. მე და ანას სეირნობა გვიყვარს, ბავშვს ხშირად ვასეირნებთ ერთად.

 

 

და ისევ გიტარა

 

 

გიტარა ყველაფერია ჩემთვის, დეპრესიისა თუ პრობლემის დროს გიტარა ჩემი მხსნელია, ძალიან ბევრჯერ ჩამძინებია მასთან ერთად. რაზეც ახლა ვოცნებობ, „გიბსონ ლეს პაულის” გიტარაა. მეც არ მაქვს ცუდი გიტარა, ვხუმრობ ხოლმე „გიბსონის” ბიძაშვილი მყავს-მეთქი. იმედი მაქვს, მალე მეყოლება „გიბსონი”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე