კვირის ამბები

გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

28.02.2014 • 4044
გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების კულტურული საგრანტო პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა.     საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ენახა მუზეუმში დაცული საგანძურის ის ნიმუშები, რომლებიც დღემდე არასდროს ყოფილა გამოფენილი. მათ შორის ე.წ. „გონიოს განძი“, ფიჭვნარისა და  კაპანდიბის ტერიტორიაზე  ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები.

განახლებული მუზეუმის გახსნის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები  გახსნის ცერემონიალს. არქეოლოგიური მუზეუმის  რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანია. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მხარში ამოვუდგეთ საქართველოს. დავათვალიერე  შესანიშნავი კოლექცია და ძალიან მომეწონა. საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა ისტორიულად და  აუცილებელია მისთვის არქეოლოგიული საგანძურის კარგად შენახვა.  მოხარულები ვართ რომ ეს პროექტი შედგა,“ –  განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში გაკეთდა მუზეუმის ჰოლი, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე  მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

მუზეუმის რეაბილიტაციისათვის თანხა  აჭარის მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც აქვს გამოყოფილი.   პროექტის ფარგლებში მუზეუმის მეორე სართული უნდა გარემონტდეს. როგორც არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელმა ამირან კახიძემ განაცხადა, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და რეაბილიტირებული მუზეუმი სრულად აპრილის დასაწყისისთვის გაიხსნება.

მუზეუმი ყოველდღე იმუშავებს, ორშაბათის გარდა ათიდან  ხუთ საათამდე.  ოქროს ფონდში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბილეთის ღირებულება ჯერ მუზეუმის ადმინისტრაციას დადგენილი არ აქვს და ხვალისთვის გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: