კიევი ჩემი პირველი მივლინება არ ყოფილა. პირველად იყო ბაქო. მაშინ თვითმფრინავშიც პირველად ვიჯექი. მამაჩემის ფობიების გამო ბავშვობაში საბჭოთა კავშირი მატარებლით მომატარეს. როცა საბაჟო კონტროლი გავიარეთ და ვაკო ავალიანმა თქვა – ბოარდინგ პასს (ჩასხდომის ბარათი) მოვამზადოთო, ვიფიქრე, არაფერი მეშველებოდა. ეს იყო ყველაზე უცხო და თავზარდამცემი სიტყვა ჩემს ლექსიკონში.
ბაქოში ვიზიტი კრილოვის დამსახურებაა. მაიამ და მათემ (საინფორმაციოს ხელმძღვანელები) დამიძახეს საეთეროში და დაიწყეს – „Попрыгунья Стрекоза; Лето красное пропела;“ და მე დავასრულე „Оглянуться не успела; Как зима катит в глаза“. გცოდნია რუსულიო და გამიშვეს. მათე ყველას გვაყვედრიდა – პასპორტში ვიზები ლუბლიანას 5-ში ჩაირტყითო…
მოკლედ, ჩავედით კიევში, ნარინჯისფერი რევოლუცია იწყებოდა. ჩავედით და დავრჩით 40 დღე. მაია თაბაგარი, ყოველ პარასკევს, ბილეთის კიდევ ერთი კვირით გადაცვლაზე მითანხმებდა.
გოგიჩა სულ ლოცულობდა, დილით, საღამოს და არამარტო… მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ს მეორე ჯგუფი ჩამოუვიდა დასახმარებლად, გოგიჩას ლოცვების გაძლიერებას ვთხოვდი…
გოგიჩა, მძიმე კამერით და შტატივით, დილიდან დილამდე დაუზარელად დამყვებოდა გადაღებებზე. როცა ძალიან შემეცოდებოდა, ცოტა ხნით ვასვენებდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენა – ხრეშატიკზე მიდის წინ გოგიჩა, აბოლებს სიგარეტს და უკან მივყვები მე, შტატივით და კამერით. კიევში მგონი ცუდად არ ვიმუშავეთ. „როიტერის“ ნატალია ყოველ დღე მეუბნებოდა, რომ მაგარ მასალებს ვაგზავნიდი თბილისში, იუშენკოს პრესმდივანი ოლგა კი – შენი ყვითელი მიკროფონი უკვე მსოფლიომ გაიცნოო. არადა, ისე მივეჩვიე ექსკლუზივებს, რომ მხოლოდ მსოფლიოს წამყვან არხებთან ერთად „ვკადრულობდი“ მიკროფონის მიშვერას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მარტო ვწერდი ყველას – იუშენკოს, ტიმოშენკოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს, ბიზნესმენებს, მომღერლებს, ელჩებს. იანუკოვიჩის შტაბში ან გვეჩხუბებოდნენ, ან კომენტარს არ გვაძლევდნენ. ჩვენ ნარინჯისფერი რევოლუციის თანამონაწილეებად მივაჩნდით. მახსოვს რუსეთის ელჩი უკრაინაში, ჩერნომირდინი როგორ გაჰკიოდა ჩვენს კამერაში – ვერ ეღირსებით აქ ვარდების რევოლუციის გამეორებასო…
არადა, ვეღირსეთ.
ვიყავით ყველგან, სადაც მთავარი ამბავი ხდებოდა. ერთხელაც, რადას მორიგ სესიაზე იუშენკომ საპრეზიდენტო ფიცი დადო, ოფიციალურად გამარჯვებული კი იანუკოვიჩი იყო და ოპოზიციაც ქუჩაში ამას აპროტესტებდა.
ფიცის დადების შემდეგ რადას გასასვლელები გადაკეტეს. მე გოგიჩას კამერიდან კასეტა ამოვაძრე და „პერეგონზე“ გავიქეცი. შენობაში უკან აღარავის უშვებდნენ. გოგიჩა რადაში ჩარჩა.
„პერეგონი“ ვიდეომასალის ტრანსლირებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, თბილისში, „იმედის“ სტუდიაში. იუშენკოს ფიცი ერთ-ერთმა პირველმა „იმედის“ მაყურებელმა ნახა. თბილისიდან შეგვაქეს და რადაში დავბრუნდი.
ჟურნალისტები ეზოში ვართ და მხოლოდ ერთი კამერაა რადაში. დამავიწყდა მთავარი – გოგიჩამ ერთი ღერი რუსული არ იცის. რამდენიმე საათში მას რადა დაატოვებინეს. არც ერთ გადამღებ ჯგუფს არა აქვს არც ერთი კომენტარი. პოლიტიკოსები შენობაში არიან და თავმჯდომარესთან თათბირობენ. გოგიჩა თვალს მიკრავს – ორი ექსკლუზივი მაქვსო -ლიტვინი და ტიმოშენკო.
როგორ-მეთქი, გადავირიე…
მასალა გადავახვიე და ვუსმენ. ცალ ხელში კამერით და მეორეში მიკროფონით ტიმოშენკოს ეუბნება – ია გრუზინსკი პარენ, ჩუტჩუტ მალენკი კომენტარიი… ტიმოშენკო მოეფერა და მისცა კომენტარი (იქ უკვე ყველა გვცნობდა და გვიცნობდა);
ინტერვიუ მეორე – ლიტვინს (პარლამენტის თავმჯდომარე იყო მაშინ) ეძახის – ნა ეტატ ჩას, ნა ეტა ვრემია, სიტუაცია კაკაია?
და აქვს მეორე ინტერვიუც… მთავარი ის იყო, რომ ლიტვინმა პირველად თქვა, რომ იუშენკოს ფიცს იურიდიული ძალა არ ჰქონდა. კიდევ ბევრი რამე ითქვა გოგიჩას კამერაში პირველად.
გამორჩეული იყო იუშენკოს შვილზე მომზადებული რეპორტაჟი, „დროებისთვის“. მახსოვს, როგორ ვტენიდით ანდრეის საკუთარ მანქანაში ჩქარა, რომ სხვა არხებს არ დაენახათ.
მე და გოგიჩა უკვე ყველას დავუმეგობრდით, შევიყვარეთ იქაური სამზარეულო, ვგიჟდებოდით კიევის ერთ ნაწილზე, რომელსაც პადოლს ეძახიან. იქ ოპოზიციის შტაბები იყო და მთელი პადოლი ნარინჯისფრად მორთული. ყველა წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტს ვიცნობდით. ერთხელ გადაღებაზე მისულებს მესმის რეპლიკა – ძიანა ნოვოე პალტო კუპილა..
ჩემი გარდერობიც კი ზეპირად იცოდნენ.
დღეში რამდენიმე ჩართვა გვქონდა, როიტერის ბიუროდან. როცა ლაივი მთავრდებოდა, საეთეროში ჯონის სიყვარულს ვუხსნიდი (ჯონი ჩემი ქმარია და „იმედის“ რედაქტორი). პირდაპირი ეთერის შემდეგ როიტერის ტექნიკურ პერსონალს ვეკითხებოდი – აბა, როგორი ჩართვა მქონდა? და ისინიც იწყებდნენ ხუმრობას – ჯონიმ უკვე დაგვირეკა და მადლობა გვითხრა, რომ მისი გოგონა ასე კარგად ჩავრთეთ…
ეს ამბები 2004 წლისაა. კიევი ისევ ეპიცენტრია. ახლა იქ სხვა ჟურნალისტები მუშაობენ და ბევრად უფრო დიდი საფრთხის ქვეშ.
ეს წერილი კი არის ერთ ოპერატორ ბიჭზე, რომელსაც პროფესია ძალიან უყვარს.